საქართველოს პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა რედისონში ბიზნესმენებთან გამართულ შეხვედრაზე გასული წლის ეკონომიკური პრობლემების მთავარ მიზეზად ისევ ყოფილი ხელისუფლება და კოაბიტაცია დაასახელა.
"ყოფილი მმართველი გუნდის მიერ ახალი ხელისუფლების დისკრედიტაციისკენ მიმართულმა მოქმედებებმა როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ჩვენს უცხოელ პარტნიორებთან, ეკონომიკაზეც იქონია უარყოფითი გავლენა. ჩვენ გვესმის, რომ გასული წელი ასევე რთული იყო ბიზნესისთვისაც. ხშირად ასეთ გარემოში ბიზნესისთვის უფრო ადვილია მოლოდინის რეჟიმში ყოფნა, ვიდრე აქტიურ მოქმედებებზე გადასვლა", - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა. მისივე თქმით, ახალმა ხელისუფლებამ კანონის უზენაესობა დაამკვიდრა და "თამამად შეიძლება ვთქვათ, რომ საქართველოში აღარ არსებობს პოლიტიკური ზეწოლა ბიზნესზე და საკუთრების უფლება საქართველოში დაცულია ისე, როგორც არასდროს". მისივე თქმით, ეს აისახა საერთაშორისო რეიტინგებზეც - კერძოდ, გლობალური კონკურენტუნარიანობის და ბიზნესის წარმოების სიადვილის ინდექსებში საქართველოს პოზიციების დაწინაურებაზე.
საქართველოს პრემიერმინისტრის თქმით, როდესაც ახალმა ხელისუფლებამ ქვეყნის ეკონომიკა ჩაიბარა, უარყოფითი სავაჭრო ბალანსი 50%-ს აღემატებოდა, ხოლო სამომხმარებლო კალათისა და პირველადი მოხმარების საქონლის 80% იმპორტზე იყო დამოკიდებული. "ექსპორტის მაჩვენებლებში მოწინავე ადგილებზეა ის სასაქონლო პოზიციები, რომლებიც არ წარმოადგენს ქართული წარმოების პროდუქტს. დაგვხვდა ეკონომიკა, სადაც დასაქმებულთა 54% მოდის სოფლის მეურნეობის სექტორზე, რომლის წილიც ქვეყნის მთლიან შიდა პროდუქტში არ აღემატება 9%-ს, ხოლო 16% სახელმწიფო სექტორშია დასაქმებული", - განაცხადა ღარიბაშვილმა.
მისივე თქმით, შედეგად, ქვეყნის ეკონომიკა მთლიანად იმპორტზე იყო ორიენტირებული და მისი ზრდა წლების განმავლობაში დამყარებული იყო მხოლოდ მოხმარების და არა წარმოების სტიმულირებაზე, რამაც გაზარდა უმუშევრობა.
"ჩვენ გვესმის, რომ საჭიროა მომდევნო ნაბიჯების გადადგმა იმისათვის, რომ შევქმნათ ხანგრძლივი და სტაბილური ეკონომიკური განვითარების საფუძვლები, ობიექტურად შევაფასოთ ეკონომიკის მდგომარეობა, განვსაზღვროთ განვითარების სტრატეგიული და პერსპექტიული მიმართულებები და გავითვალისწინოთ ის რისკები, რომელთა წინაშეც დგას დღეს საქართველოს ეკონომიკა", - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.





