საქართველოს პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა სასტუმრო რედისონში ბიზნესმენებთან შეხვედრა გამართა, სადაც საქართველოში არსებულ ბიზნესგარემოსა და მთავრობის ინიციატივებზე ისაუბრა.
"მე, როგორც მთავრობის მეთაური, გპირდებით, რომ მთავრობა შეგიქმნით ყველა პირობას, რათა რაც შეიძლება ნაკლები დაბრკოლება არსებობდეს თქვენს საქმიანობაში და გქონდეთ სტიმული ბიზნესის განვითარებისათვის, რაც საბოლოოდ ჩვენი ქვეყნის წინსვლის საწინდარი იქნება", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. მისივე თქმით, ამ მიმართულებით ნაბიჯები უკვე გადაიდგა.
როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, ყოფილი პრემიერის, ბიძინა ივანიშვილის ინიციატივითა და ქართველ და უცხოელ ინვესტორთა ჯგუფის მხარდაჭერით, შეიქმნა და აქტიურ მუშაობას შეუდგა საქართველოს თანაინვესტირების ფონდი. მისივე თქმით, კერძო საინვესტიციო ფონდი პოტენციურ ინვესტორებს ხელსაყრელ პირობებსა და განსაკუთრებულ შესაძლებელობებს სთავაზობს საქართველოში პირდაპირი ინვესტიციების განსახორციელებლად. პრემიერის ცნობით, დღეისათვის ფონდში მობილიზებული კაპიტალის მოცულობა 6 მილიარდი აშშ დოლარია, რაც, როგორც თავად ამბობს, ქართულ ეკონომიკას სერიოზულად დაეხმარება.
ღარიბაშვილის თქმით, 2013 წლის ივლისში საქართველომ წარმატებით დაასრულა მოლაპარაკებები ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაზე, რაც პრემიერის განცხადებით, ქართულ ბიზნესს ევროკავშირის 500-მილიონიან ბაზარზე გასვლის უნიკალურ შესაძლებლობებს უქმნის.
"ყოველივე ეს მნიშვნელოვნად ზრდის საქართველოს საექსპორტო პოტენციალს, რაც უკიდურესად მნიშვნელოვანია ქართული ეკონომიკის განვითარებისათვის. ჩვენ კარგად გვესმის ხელისუფლების როლი ამ პროცესში და ვხედავთ შესაძლებლობას, თქვენთან ერთად გადავწყვიტოთ ქვეყნის ეკონომიკისათვის ისეთი პრიორიტეტული ამოცანები, როგორიცაა პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვა, ეკონომიკის რეალური სექტორის სტიმულირება და ადგილობრივი წარმოების მხარდაჭერა, საექსპორტო პოტენციალის მქონე დარგების განვითარება და ამის შედეგად - დამატებითი სამუშაო ადგილების შექმნა", - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.
საქართველოს პრემიერმინისტრის განცხადებით, მთავრობა დამწყებ ბიზნესსზეც იზრუნებს და ამ მიზნით, მეწარმეობის განვითარების სააგენტოს შექმნის.





