ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა

პრეზიდენტი ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის თანამომხსენებლებს შეხვდა

პრეზიდენტის ადმინისტრაცია

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის თანამომხსენებლები მაიკლ ასტრუპ იანსენი და ბორის სილევიჩი მიიღო. პრეზიდენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრისას, მხარეებმა საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური პროცესები განიხილეს.

"საუბარი შეეხო ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკის ისეთ საკითხებს, როგორიცაა სამართლიანობის აღდგენის პროცესის ხელშეწყობა, სახელმწიფოს მიერ უმცირესობათა უფლებების დაცვა, საქართველო-რუსეთის ურთიერთობა, ქვეყნის გზა ასოცირების შეთანხმების პარაფირებიდან მის ხელმოწერამდე, ასევე ის პოზიტიური ცვლილებები, რომლებსაც ხელისუფლება ევროატლანტიკურ ინსტიტუტებთან ინტეგრაციის მიმართულებით ახორციელებს. ქვეყნის პირველმა პირმა თანამომხსენებლებს მადლობა გადაუხადა ევროსაბჭოს მიერ საქართველოს დემოკრატიული განვითარების გზაზე გაწეული მხარდაჭერისთვის", - აცხადებს გიორგი მარგველაშვილის პრესსამსახური.

ქართული მხრიდან შეხვედრას პრეზიდენტის მრჩეველი საერთაშორისო საკითხებში ივანე მაჭავარიანი და საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი ევროსაბჭოში კონსტანტინე კორკელია ესწრებოდნენ.

ევროსაბჭოს დელეგატები უკვე შეხვდნენ საქართველოს პრემიერს და სახალხო დამცველს. ისინი შეხვედრას გამართავენ სასჯელაღსრულებისა და იუსტიციის მინისტრებთან, ასევე მთავარი პროკურატურის წარმომადგენლებთან.

კომენტარები