მთავარი პროკურატურა პროკურორების გიორგი ნოზაძისა და ლევან ბუაძის თანამდებობიდან გათავისუფლების მიზეზებს განმარტავს. უწყების ინფორმაციით, მთავარი პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა გამომძიებელმა გიორგი ნოზაძემ პროკურატურის მუშაკისთვის შეუფერებელი საქციელი ჩაიდინა, კერძოდ, სამუშაო საათებში Photoshop-ის საშუალებით გაშარჟების მიზნით შექმნა კოლეგის შეურაცხმყოფელი ფოტო, რასაც სამსახურში თანამშრომლებს შორის ლანძღვა-გინება და ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა.
"რაც შეეხება ლევან ბუაძეს, რომელიც სამმართველოს უფროსის თანამდებობას იკავებდა, იგი ვერ ასრულებდა მასზე დაკისრებულ მოვალეობებს, არ გააჩნდა პროკურორისთვის საჭირო და აუცილებელი უნარ-ჩვევები, არ ფლობდა გამოძიების, კანცელარიის და ინტრა-ნეტის ელექტრონულ პროგრამებს, რომლის გარეშეც შეუძლებელია საპროკურორო უფლებამოსილების განხორციელება", - აცხადებს მთავარი პროკურატურა.
უწყების პრესსამსახური ასევე ავრცელებს ინფორმაციას მთავარ პროკურატურაში განხორციელებული საკადრო ცვლილებების შესახებ:
"2012 წლის 26 ოქტომბრიდან 2013 წლის 21 ნოემბრამდე პერიოდში (მთავარი პროკურორი არჩილ კბილაშვილი) საქართველოს მთავარ პროკურატურაში დაინიშნა 202 ახალი მუშაკი: მათ შორის 153 პროკურორი, 49 გამომძიებელი, სამსახურიდან გათავისუფლდა 65 თანამშრომელი, საიდანაც 59 იყო პროკურორი და 6 გამომძიებელი. თანამდებობიდან გადაყენებულ იქნა 1 პროკურორი.
2013 წლის 21 ნოემბრიდან 2013 წლის 30 დეკემბრამდე (მთავარი პროკურორი ოთარ ფარცხალაძე) პერიოდში დაინიშნა 17 ახალი თანამშრომელი, მათ შორის 9 თანამდებობის პირი, 3 პროკურორი, 5 გამომძიებელი, რომელთაგან საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურიდან გადმოყვანილ იქნა 5 გამომძიებელი.
სამსახურიდან გათავისუფლებულ იქნა 29 თანამშრომელი, მათ შორის 17 თანამდებობის პირი, 12 პროკურორი და გამომძიებელი.
გათავისუფლებული თანამდებობის პირებიდან 2 თანამშრომელი იყო მოვალეობის შემსრულებელი და მათ კონკურსი არ გაუვლიათ. 2 თანამდებობის პირის მიმართ გენერალურ ინსპექციაში მიმდინარეობდა სამსახურებრივი შემოწმება, ისინი გათავისუფლდნენ შესაბამისი დასკვნის საფუძველზე. 2 თანამდებობის პირი გათავისუფლდა პირადი განცხადებით, ხოლო რაც შეეხება 11 მაღალი თანამდებობის პირს, მათთვის შეთავაზებული იქნა ალტერნატიული თანამდებობები, რაზეც უარი განაცხადეს და დაწერეს განცხადებები გათავისუფლების შესახებ.
12 პროკურორიდან და გამომძიებლიდან 3 პროკურორი გათავისუფლდა პირადი განცხადებით, 1 საპენსიო ასაკის გამო, ხოლო 5 პროკურორსა და 3 განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა გამომძიებლის მიმართ გენერალურ ინსპექციაში მიმდინარეობდა სამსახურებრივი შემოწმება და შესაბამისად მათი გათავისუფლება მოხდა დისციპლინური ზომების გამოყენების საფუძველზე.
ამასთან, კიდევ ერთხელ განვმარტავთ, რომ პროკურატურიდან გათავისუფლებულ პირებს უფლება აქვთ გათავისუფლების შესახებ ბრძანება გაასაჩივრონ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ კოლეგიაში.
მოვუწოდებთ გათავისუფლებულ პროკურორებს, თავი შეიკავონ მასმედიის საშუალებით საზოგადოების შეცდომაში შეყვანისგან. მთავარი პროკურატურა აქტიურად გააგრძელებს ყველა და განსაკუთრებით რეზონანსული საქმეების გამოძიებას".
მთავარი პროკურატურის ყოფილი თანამშრომლების ლევან ბუაძისა და გიორგი ნოზაძის თქმით, ისინი სამსახურიდან უკანონოდ გაათავისუფლეს. ამის შესახებ მათ 9 იანვარს პრესკონფერენცია გამართეს. მათი თქმით, ისინი უწყებაში კიბლაშვილის დანიშვნის შემდეგ მუშაობდნენ, განცხადებების დაწერა კი ოთარ ფარცხალაძის მოადგილეებმა აიძულეს.
პროკურატურის ყოფილი თანამშრომლების განცხადებით, ისინი იმ გახმაურებულ საქმეებს იძიებდნენ, რომელთა გამოძიებაც ფარცხალაძეს არ სურდა. იმ შემთხვევაში კი, თუ ისინი განცხადების დაწერაზე უარს იტყოდნენ, საქმეში გენერალური ინსპექცია ერთვებოდა, რათა შრომის კანონმდებლობის დარღვევის პასუხისმგებლობა აეცილებინათ.
ბუაძე უახლოეს მომავალში სასამართლოს მიმართავს, ხოლო გიორგი ნოზაძემ სარჩელი გუშინ უკვე შეიტანა.





