გია ხუხაშვილის პრესკონფერენცია

ხუხაშვილი: ინტერესჯგუფები აწარმოებენ ბინძურ კამპანიას ჩემ წინააღმდეგ

გია ხუხაშვილი

საქართველოს ექსპრემიერის ბიძინა ივანიშვილის ყოფილი მრჩევლის გია ხუხაშვილის თქმით, ”დღეის მდგომარეობით, დადგენილი მყავს ის ინტერესჯგუფები, რომლებიც აწარმოებენ ბინძურ კამპანიას ჩემ წინააღმდეგ”. ხუხაშვილი უახლოეს მომავალში მათ ვინაობას დაასახელებს. აღნიშნულთან დაკავშირებით მან პრესკონფერენცია გამართა.

ხუხაშვილმა ასევე თქვა, რომ ის ადვოკატ დიმიტრი გაბუნიას წინააღმდეგ პროკურატურაში სარჩელის შეტანას აპირებს.

”სამი თემაა - პირველი ის, რომ, დღეის მდგომარეობით, დადგენილი მყავს ის ინტერესჯგუფები, რომლებიც აწარმოებენ ბინძურ კამპანიას ჩემ წინააღმდეგ, სხვადასხვა ადამიანების მეშვეობით. გარკვეულ პერიოდში მე მათ სახელებსა და გვარებს დავასახელებ. ეს ფაქტობრივად მაქვს დადასტურებული.

მეორე, მე მივმართავ პროკურატურას თხოვნით, რომ შეისწავლოს ყველა ის ფაქტი, რაც ჩემზე იყო ნათქვამი ამ პერიოდში -  წილებთან დაკავშირებით; ე.წ. კვერცხების სკანდალი და ა.შ. თუ მცირედი კავშირი მაინც აღმოჩნდა ამ თემებთან დაკავშირებით, მე მზად ვარ, რომ პასუხი ვაგო კანონის მთელი სიმკაცრით.

და მესამე, რაც შეეხება დიმიტრი გაბუნიას ბრალდებებს, მე პროკურატურაში შემაქვს დღეს სარჩელი ცრუ დასმენასთან დაკავშირებით, იმიტომ, რომ წარმოუდგენელი ტყუილი თქვა, რომ მე მას ვემუქრებოდი. ეს არის ტყუილი. და ეს ძალიან ადვილი დასადასტურებელია. ეს არის სისხლის სამართლის დანაშაული - ადამიანის წინაშე ცრუ ბრალდება.

ასევე შემაქვს სარჩელი ადვოკატთა ეთიკის კომისიაში მოთხოვნით, რომ მას შეუჩერდეს ადვოკატის ლიცენზია, იმიტომ, რომ ფაქტობრივად ის შეეცადა, რომ მთელი ადვოკატთა კორპუსი ჩაეთრია ძალიან ბინძურ პოლიტიკურ კამპანიაში, რასაც არანაირი კავშირი მის პროფესიულ ღირსებასთან არ ჰქონდა”, - თქვა ხუხაშვილმა.

კომენტარები