საქართველოს თავდაცვის მინისტრის ირაკლი ალასანიას თქმით, ”ფარცხალძესთან დაკავშირებით ნაციონალური მოძრაობის განცხადებები პროკურატურის სისტემაზე პოლიტიკური თავდასხმაა”.
„მინდა გითხრათ, რომ ეს არის პოლიტიკური თავდასხმა. წინა ხელისუფლებისთვის იყო გამორჩეული, რომელიც ორდენითაც კი დაჯილდოვდა და დღეს, როდესაც ეს საჯარო მოხელე გამოძიებამ ნაციონალური მოძრაობის ლიდერების კვალთან მიიყვანა, უცებ ხდება ცვლილება, ეჭვი შედის მის პროფესიონალიზმში, განათლებაში. ეს არის აშკარა პოლიტიკური თავდასხმა ნაციონალური მოძრაობის მხრიდან პროკურატურის სისტემაზე. რაც შეეხება კითხვებს, საზოგადოებას აღელვებს შეკითხვები, რომელიც პროკურორის წარსულს ეხება და მივიჩნევ, რომ დამაჯერებელი პასუხი უნდა გაეცეს. მთავრობა ვერ მოექცევა ოპოზიციის პოლიტიკური თავდასხმის ტყვეობაში და ვერ შეაჩერებს და პირიქით, უზრუნველყოფს ყველა საქმის გამოძიებას. აღელვების გარეშე უნდა შევისწავლოთ ეს ბრალდება და გადაწყვეტილება სახელმწიფოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე მივიღოთ. პრემიერს ეს არაერთხელ დაუდასტურებია, რომ სწრაფი და დამოუკიდებელი გადაწყვეტილების მიღება შეუძლია, როდესაც საჭიროდ ჩათვლის. მე გაგახსენებთ პრემიერის შს საქმეთა მინისტრობის დროს პირველი მოადგილის საკითხს", - თქვა ალასანიამ.





