საქართველო-რუსეთი

ფანჯიკიძე: რუსეთის მიერ ვიზების გაუქმება ადეკვატური ნაბიჯი იქნება

facebook.com/maiapanjikidzeofficial

საქართველო რუსეთის მხრიდან სავიზო რეჟიმთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას მიესალმება. ამის შესახებ ჟურნალისტებთან საუბრისას 20 დეკემბერს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაია ფანჯიკიძემ განაცხადა. მისი თქმით, აბაშიძე-კარასინის ფორმატის დაწყებისთანავე საქართველომ განაცხადა, რომ ჰუმანიტარულ საკითხებს დიდი ყურადღება დაეთმობოდა და საუბარი სავიზო რეჟიმის გაუქმებასაც შეეხებოდა.

"ჩვენ ცალმხრივად გაუქმებული გვაქვს სავიზო რეჟიმი რუსეთთან, ამიტომ ეს არის ადეკვატური ნაბიჯი და აბსოლუტურად ჯდება იმ კეთილგანწყობილ სიტუაციაში, რომელიც შექმნილია კარასინ-აბაშიძის ფორმატის ფარგლებში. შესაბამისად, ეს განცხადებები მისასალმებელია, თუმცა ეს მთავარ პრობლემას მაინც არ ხსნის. მთავარ პრობლემაზე შეთანხმებას ჯერ მაინც ვერ მივაღწევთ, თუმცა სიტუაციის ნორმალიზებისკენ გადადგმული ნებისმიერი ნაბიჯი მისასალმებელია და მივესალმებით რუსეთის ამ გადაწყვეტილებას", - აღნიშნა მაია ფანჯიკიძემ.

საგარეო საქმეთა მინისტრი განმარტავს, რომ რუსეთთან ურთიერთობის ნორმალიზება პრინციპული პოზიციებიდან უკან დახევას არ გულისხმობს. "ჩვენი პრინციპული პოზიციები კი ცხადია - ქვეყნის დეოკუპაცია და აფხაზეთისა და ე.წ სამხრეთ ოსეთის აღიარების უკან წაღება იმ ქვეყნების მიერ, რომლებმაც ეს გააკეთეს. ჩვენ ამ კურსს არ გადავუხვევთ, ეს იქნება ჩვენი პრიორიტეტი, ისევე, როგორც ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია. საქართველო არის თავისუფალი არჩევანში, ვისთან იქნება მეტად ინტეგრირებული და ეს ყველაფერი ხელს არ უშლის რუსეთთან ურთიერთობის ნორმალიზებას", - აღნიშნა მაია ფანჯიკიძემ.

საგარეო საქმეთა მინისტრი დარწმუნებულია, რომ სავიზო რეჟიმის გაუქმებაზე რუსეთის ხელისუფლების მზაობის გათვალისწინებით, შესაბამისი ტექნიკური და იურიდიული პროცედურები ხანგრძლივი არ იქნება.

კომენტარები