საქართველოს პრემიერმინისტრი

პრემიერი: ხელშეკრულების ხელმოწერასთან დაკავშირებით ყველაფერი კარგად მიდის

facebook.com/GaribashviliOfficial

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, ჰერმან ვან რომპეის განცხადებას, რომ ასოცირების შესახებ შეთანხმებას საქართველოსთან და მოლდოვასთან შესაძლოა ხელი მომავალი წლის აგვისტომდე მოეწეროს, პრემიერმინისტი ღარიბაშვილი გამოეხმაურა და მიესალმა. პრემიერის თქმით საქართველო პროცესის დაჩქარებას ელოდა. 

"სიმართლე გითხრათ, ჩვენ ველოდით ევროკავშირისგან ამ პროცესის დაჩქარებას და ძალიან სასიხარულოა, რომ ასოცირების ხელშეკრულებას შესაძლოა ხელი მოეწეროს აგვისტოში. რაც შეეხება ჩვენი მხრიდან შესასრულებელ ვალდებულებებს, ჩვენ მაქსიმალურად სწრაფ ტემპებში ვასრულებთ ამ ვალდებულებებს. უკვე დაწყებულია მათი შესრულება და დარწმუნებული ვართ, აგვისტომდე ყველაფერი იქნება მომზადებული. რაიმე სერიოზულ და საგანგაშო გამოწვევებს ჩვენ არ ველოდებით, ყველაფერი კარგად მიდის", - განუცხადა ჟურნალისტებს პრემიერ-მინისტრმა.

რომპეის განცხადებას დღესვე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძეც მიესალმა - "ჩვენ, რა საკვირველია, ამ თარიღის გადმოწევას მივესალმებით. ჩვენი მხრიდან აბსოლუტურად ყველა სამუშაო დასრულებულია. ტექნიკური პროცესები ევროკავშირის გასატარებელია და თუკი მათ ამ პროცესის დაჩქარება შეუძლიათ, ეს მხოლოდ და მხოლოდ მისასალმებელია ჩვენი მხრიდან", - განაცხადა მინისტრმა. 

კომენტარები