გიგი უგულავას საქმე

გიგი უგულავა: ქვეყანა პოლიციური სახელმწიფოსკენ მიექანება

გიგი უგულავა
iveroni.com.ge

თბილისის მერის განცხადებით, ერთადერთი ადგილი და ერთადერთი უწყება, "რომელიც თავისუფალი იყო პოლიციური წნეხისგან და რომელიც არ შედიოდა იმ სააქციო საზოგადოებაში, რომელსაც ერთპიროვნულად მართავს ივანიშვილი", იყო, არის და იქნება თბილისის მერია. გიგი უგულავამ პროკურატურის წინ მიმდინარე აქციაზე თავის მხარდამჭერებს მიმართა.

"ახლა წავალ, წავალ-მოვალ, თუ აღარ მოვალ და მერე მოვალ, მაგაზე თქვენ ნუ იდარდებთ, ჩვენი ბრძოლა გაგრძელდება და გაგრძელდება გამარჯვებისთვის", - განაცხადა თბილისის მერმა და აღნიშნა, რომ თბილისის მერიას პაჭანიკები ვერ დაეპატრონებიან.

"დავით აღმაშენებლიდან მოყოლებული, ყველა თბილისს ებრძოდა. ეს ბრძოლა ყოველთვის მარცხით მთავრდებოდა, ვინც თბილისზე ხელს აღმართავდა. დღეს ხელს აღმართავენ არა ჩემზე, არამედ, იმ 1 500 ადამიანზე, რომელიც დღე და ღამე შრომობს, რათა თბილისმა იფუნქციონიროს. მე თქვენ პირობას გაძლევთ, რომ თბილისი ფუნქციონირებას გააგრძელებს და უფრო ეფექტურად, ვიდრე ამას დანარჩენ საქართველოში მთავრობა ახერხებს", - განაცხადა უგულავამ.

თბილისის მერის შეფასებით, ყველა პოლიტიკოსი დღეს უკვე გადაიქცა პოლიციელად და ქვეყანა პოლიციური სახელმწიფოსკენ მიექანება.

"სწორედ ამიტომ არის ეს გავეშებული ბრძოლა თბილისის მერიის ყველა თანამშრომლის მიმართ. მე მათ რიგებში ვარ. ჩვენ ერთად ვიშრომეთ, ჩვენ ერთად გამოვიარეთ ურთულესი წლები, ჩვენ ერთად ვიდექით და ვქმნიდით ვარდების რევოლუციას. ვქმნიდით იმედს. ჩვენ ერთად გავათავისუფლეთ აჭარა და არც მაშინ შეგვშინებია არავისი. ჩვენ ერთად ვებრძოდით რუსეთის აგრესიას და ეს ყველაფერი მეათეხარისხოვანია. ეს არის ის ყველაფერი, რაც შარშანდელი თოვლივით გაქრება. არავის არ ემახსოვრება. მთავარია, ამ ვიგინდარებს არ გადავაყოლოთ ქვეყანა, ამიტომ უნდა გავუფრთხილდეთ ჩვენს ქვეყანას და ჩვენს ხალხს", - მიმართა აქციის მონაწილეებს თბილისის მერმა და პროკურატურაში დაკითხვაზე შევიდა.

შეგახსენებთ, რომ თბილისის მერს გიგი უგულავას ბრალი წაუყენეს. მთავარი პროკურატურის ინფორმაციით, გამოძიება მას სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, ორგანიზებული ჯგუფის მიერ, თბილისის განვითარების ფონდისთვის, დედაქალაქის რეაბილიტაცია-განვითარებისთვის გამოყოფილი სახელმწიფო სახსრების გაფლანგვას ედავება.

საუბარია 48 მლნ ლარის გაფლანგვაზე, რომელიც პროკურატურის განცხადებით, არა თბილისის განვითარებას, არამედ ერთიან ნაციონალურ მოძრაობას მოხმარდა.

კომენტარები