ინტერნეტში კრისტოფერ ნოლანის ახალი ფილმის ”ინტერსტელარი” თიზერ-ტრეილერი გამოჩნდა.
”ბნელი რაინდის” ტრილოგიის, ”დასაწყისისა” და ”მემენტოს” რეჟისორი ჩვეულებისამებრ ტრეილერში ბევრს არაფერს ჰყვება და მაყურებელს მხოლოდ მინიშნებებს აძლევს. ”ინტერსტელარის” სიუჟეტი გასაიდუმლოებულია, ცნობილია მხოლოდ ის, რომ ნამუშევარი სამეცნიერო ფანტასტიკა იქნება, რომელიც ახლადაღმოჩენილ შავ ხვრელში ადამიანების მოგზაურობაზე მოგვითხრობს. შავი ხვრელი ფილმის მთავარ გმირებს კოსმოსში უზარმაზარი ნახტომებით გადაადგილების საშუალებას აძლევს.
ფილმში მთავარ როლებს მეთიუ მაკონაჰი, ჯესიკა ჩესტეინი, ქეისი აფლეკი, ენ ჰეტუეი და მაიკლ კეინი ასრულებენ.
”ინსტერსტელარი” 2014 წლის 5 ნოემბერს გამოვა.