ვანო მერაბიშვილის ინტერვიუ

მერაბიშვილი: ბიძინა ივანიშვილი იქნება რეალური ხელმძღვანელი

https://www.facebook.com/Merabishvili.vano?fref=ts

საქართველოს ყოფილმა პრემიერმინისტრმა ვანო მერაბიშვილმა ნიუპოსტთან ინტერვიუში ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებით თქვა, რომ ის პარტია ქართული ოცნებისა და მთავრობის რეალური ხელმძღვანელი იქნება.

"იქნება თუ არა ივანიშვილი მთავრობის ან პარტიის ფორმალური ხელმძღვანელი, ყველა საღად მოაზროვნე ადამიანი დამეთანხმება, რომ ის იქნება რეალური ხელმძღვანელი. ის ფაქტი, რომ ქვეყნის ხელმძღვანელ თანამდებობებზე ხდება მხოლოდ უამბიციო და პოლიტიკური მომავლის არმქონე ადამიანების დანიშვნა ან წამოყენება, ამას ადასტურებს. თუნდაც ბოლო ფაქტი, ქალაქის მერად ნარმანიას წარდგენა, საქართველოში პოლიტიკური ცხოველების გაქრობის უსუსური მცდელობაა", - თქვა მერაბიშვილმა.

ჟურნალისტის კითხვაზე - ირაკლი ღარიბაშვილის წარდგენისას მმართველი პარტიის მხრიდან იყო შეფასებები, რომ მან პოლიტიზებული პოლიცია ევროპული ტიპის პოლიციად გადააქცია, რომ პოლიცია ხალხის სამსახურში ჩააყენა. თქვენ როგორ შეაფასებდით ირაკლი ღარიბაშვილის საქმიანობას?- მერაბიშვილმა უპასუხა: "მხოლოდ ერთი რამის თქმა შემიძლია, განგებამ გვარგუნა ჩვენს გუნდს ბედნიერება, ასოცირებული ვიყოთ ქართული პოლიციის რეფორმასთან. არავის არ სჯეროდა, რომ პოლიცია შეიძლება იყოს არაკორუმპირებული და ეფექტური. ჩვენი რეფორმა აღმოჩენა იყო ჩვენი ხალხისთვის და აღმოსავლეთ ევროპისა და ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებისათვის. პოლიციას, რომელიც 2003 წელს 10%-ზე ნაკლები ნდობით სარგებლობდა, 2012 წელს უკვე მოსახლეობის 84-87% ენდობოდა. იმის შეგრძნება, რომ ჩვენ ეს გავაკეთეთ, არც ჩვენს წინამორბედებს არ ჰქონდათ და არც შემცვლელებს არ ექნებათ".

ვანო მერაბიშვილმა ასევე ნაციონალური მოძრაობის საპრეზიდენტო შედეგზე ისაუბრა.

"ნაციონალური მოძრაობის შედეგი არის ძალიან კარგი ყველა მნიშვნელობით. კარგია ქვეყნისთვის, რომ მთავარ და შეიძლება ერთადერთ ოპოზიციურ ძალად დაფიქსირდა პროდასავლური, კომპეტენტური და პოლიტიკური გამოცდილების მქონე ძალა.ეს კარგია ხელისუფლებისთვის, რადგან იგრძნობს მუდმივად კვალიფიციურ კრიტიკას. ამავე დროს, გამოაფხიზლებს ხელისუფლებას, რომელსაც გაუქრება იმის შეგრძნება, რომ დაშინებით, გადაბირებებით, დაჭერებითა და კომპრომატებით შეძლებს ოპონენტების განადგურებას და მიხვდება, რომ ხელისუფლების შენარჩუნების ერთადერთი საშუალება დაპირების შესრულებაა. კარგია პერსპექტივის თვალსაზრისითაც. დემოკრატიის პირობებში ხელისუფლება დიდხანს ვერ რჩება სათავეში. საქართველოშიც ხელისუფლების ცვლილება ჩვეულებრივი ნორმა ხდება. პასუხისმგებლიანი, კომპეტენტური და პროდასავლური ოპოზიციის არსებობა, რომელიც ამ ხელისუფლებას ჩაანაცვლებს, ქვეყნის განვითარების გარანტიაა.

საპრეზიდენტო არჩევნებმა კიდევ ერთი რამ აჩვენა (რაც მისასალმებელია), რომ ოპოზიცია ფარავს მთელ ქვეყანას და არ შემოიფარგლება მხოლოდ ე.წ. ქართული რაიონებით. ეს ქართული სახელმწიფოს სტაბილურობაზე მიუთითებს. აქვე საგულისმხოა, რომ ზოგ რაიონში ოპოზიციამ 30-45% აჩვენა (ასეთი რაიონები 10-ზე მეტია). ეს მონაცემები ხელისუფლებას სწორი გადაწყვეტილებების მიღებაში უნდა დაეხმაროს. აქვე ჩვენც, ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ, უნდა გავზარდოთ ყურადღება იმ რაიონებში, სადაც საშუალოზე გაცილებით ნაკლები პროცენტი მივიღეთ. ასეთი რაიონების რაოდენობა დაახლოებით 10-ია", - თქვა მერაბიშვილმა.

 

კომენტარები