პარლამენტის განცხადება უკრაინის შესახებ

უკრაინის შესახებ განცხადების ტექსტზე პარლამენტი კიდევ იმსჯელებს

საქართველოს პარლამენტი
RFE/RL

საპარლამენტო უმცირესობა უკრაინის საკითხთან დაკავშირებით საქართველოს პარლამენტს განცხადების მიღებას ისევ სთხოვს. როგორც უმცირესობის ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი ბარამიძემ თქვა, გაუგებარი იქნება, თუ საქართველო არ მიიღებს განცხადებას იმ ფონზე, როდესაც საკუთარ პოზიციას სხვა ქვეყნები აფიქსირებენ. დეპუტატის განცხადებით, საქართველო უკრაინის სოლიდარული უნდა იყოს.

„საზოგადოება ნახავდა თუ რა ხდებოდა წუხელ კიევში და ახლაც მიმდინარეობს მცდელობა, ძალისმიერი მეთოდებით განდევნონ მშვიდობიანი მომიტინგეები პროტესტის ადგილიდან. ჩვენი ვალია, სოლიდარობა გამოვუცხადოთ უკრაინელ ხალხს იმ მძიმე დროს, როცა რუსეთის მხრიდან ხორციელდება აგრესია თავისუფლების მოყვარე ამ ერის მიმართ. ჩვენ, სწორედ იმ ვითარებაში, როცა კარგად გვახსოვს უკრაინელი ხალხის სოლიდარობა 2008 წლის აგრესიის დროს, ვალდებულები ვართ, რომ უკრაინელი ხალხის თავისუფლებისთვის ბრძოლის პროცესში ვიყოთ მათთან ერთად და მხარი დავუჭიროთ უკრაინაში პროცესების მშვიდობიან განვითარებას“, - განაცხადა ბარამიძემ და აღნიშნა, რომ 
დღეს მაიდანზე წყდება არა მხოლოდ უკრაინის, არამედ სხვა აღმოსავლეთევროპული ქვეყნების და ერების ბედი.

"უკრაინის მაიდანზე შესაძლოა წყდებოდეს რუსეთის ბედიც, რომლის მოსახლეობაც გაიგებს, რომ დროა, ხმა აიმაღლოს იმ ტირანის წინააღმდეგ, რომელიც ბატონობს რუსეთში. იმედია, შექმნილ ვითარებაში საქართველოს პარლამენტი მოწოდების სიმაღლეზე დადგება და უკრაინელი ხალხის სოლიდარობის ნიშნად შესაბამის რეზოლუციას შეიმუშავებს", - თქვა დეპუტატმა. 

პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი კი, უმრავლესობასა და უმცირესობას შორის ამ თემაზე კონსულტაციების გამართვის ინიციატივით გამოვიდა. მისი თქმით, საქართველომ უკრაინის საკითხზე საკუთარი პრინციპული პოზიცია უნდა დააფიქსიროს.

„ჩვენ ბიუროს სხდომაზე ვიმსჯელეთ იმის თაობაზე, რომ დღის პირველ ნახევარში გაიმართება კონსულტაციები უკრაინაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით პარლამენტის განცხადების პროექტზე და მე დარწმუნებული ვარ, მოვახერხებთ შევჯერდეთ ტექსტზე, რომელიც იქნება სრულიად პარლამენტის. იმიტომ რომ ის, რაც ხდება ამ დღეებში, ეს არის საერთო სახელმწიფოებრივი თემა და საკითხი საქართველოსთვის. თანამედროვე სამყაროში ჩვენ უნდა ვიყოთ ჩვენი პრინციპული პოზიციების პრინციპულად გამომხატველი, ჩვენ გვეხება ეს, თუ სხვას. ამიტომ, მე იმედი მაქვს, რომ სამუშაო ჯგუფი შეჯერდება განცხადების ტექსტზე", - განაცხადა უსუფაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ საპარლამენტო უმცირესობამ უკრაინის საკითხთან დაკავშირებით პარლამენტის მიერ განცხადების მიღება ორი კვირის წინაც მოითხოვა, თუმცა მაშინ მმართველი გუნდი ოპოზიციასთან განცხადების ტექსტზე ვერ შეთანხმდა.

კომენტარები