პარლამენტის განცხადება უკრაინის შესახებ

პარლამენტში უკრაინის შესახებ განცხადების ტექსტზე კონსულტაციები გრძელდება

საპარლამენტო უმრავლესობა და უმცირესობა უკრაინაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებული განცხადების ტექსტზე კონსულტაციას განაგრძობენ. მათ მიერ შემუშავებულ ორივე განცხადებაში უკრაინის ევროინტეგრაციაში მხარდაჭერაზეა საუბარი, თუმცა, უმცირესობა რუსეთის ზეწოლაზე შეშფოთების გამოხატვასაც ითხოვს. ხოლო მმართველი პარტიის წევრები  მიიჩნევენ, რომ უკრაინის მხარდამჭერ განცხადებაში რუსეთი ნახსენები არ უნდა იყოს. 

ადამიანის უფლებათა დაცვის და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის ეკა ბესელიას თქმით, იმ რიტორიკისთვის ფეხის აწყობა, რომელსაც მათ ნაციონალური მოძრაობა სთავაზობთ, ქვეყნის ინტერესების, უსაფრთხოებისა და სტაბილურობისთვის საფრთხის შემცველია.

თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი კი აცხადებს, რომ უმრავლესობის შემუშავებულ რეზოლუციაში ხაზი ესმევა იმას, რომ ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია ქართველი ხალხის ურყევი ნებაა.

"ასევე, ვაცხადებთ, რომ ამ პროცესში საქართველოს პარლამენტი მთლიანად მხარს დაუჭერს ჩვენი ქვეყნის წინსვლას ევროპისკენ. ხაზს ვუსვამთ იმასაც, რომ ჩვენ ვაღიარებთ ყველა სუვერენული სახელმწიფოს უფლებას, გააკეთოს არჩევანი, დაამკვიდროს ის ღირებულებები, რომლებიც მთლიანად ევროპას აღიარებს და ჩვენ ყოველთვის მათ გვერდით ვიქნებით", - ამბობს სესიაშვილი.

საპარლამენტო უმცირესობის წევრები მზად არიან, განცხადების ტექსტიდან სიტყვა რუსეთი ამოიღონ, მაგრამ, მათი აზრით, აგრესია დაგმობილი უნდა იყოს.

"შეიძლება, პირდაპირ და ღიად არ ვახსენოთ რუსეთი და ირიბად მივანიშნოთ იმაზე, რომ არსებობენ ქვეყნები, რომლებიც უკრაინის და საქართველოს ევროპისკენ სწრაფვას ხელს უშლიან. არ ვიცი, უმრავლესობა რამდენად დათანხმდება ამ ტექსტს", - აღნიშნავს უმცირესობის წევრი ტარიელ ლონდარიძე.

"ჩვენ უნდა ვისაუბროთ იმაზე, რა არის მიზეზი იმ პრობლემებისა, რაც შეიქმნა უკრაინაში და არ დავემალოთ ამ პრობლემებს. ამაზე ღიად საუბრობს თავად პრეზიდენტი იანუკოვიჩი და ამბობს, რომ რუსეთი იყო მთავარი პრობლემა", - თქვა უმცირესობის დეპუტატმა მიხეილ მაჭავარიანმა.

საკანონმდებლო ორგანოში, უკრაინასთან დაკავშირებული განცხადების ტექსტს, მოგვიანებით, ბიუროს სხდომაზეც განიხილავენ. საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენლები უკრაინელი ხალხისადმი სოლიდარობის გამოსახატავად პარლამენტში უკრაინის დროშებით მივიდნენ. პარლამენტის სპიკერატში უკრაინის სიმბოლიკის განთავსება პარლამენტის თავმჯდომარემაც მოითხოვა.

ცნობისთვის, საპარლამენტო უმცირესობამ და უმრავლესობამ უკრაინასთან დაკავშირებული დოკუმენტის სხვადასხვა ვარიანტი შეიმუშავეს. უმრავლესობის განცხადების პროექტი ექვსპუნქტიანია და მასში ძირითადად საუბარია ვილნიუსის სამიტზე და საქართველოს მხარდაჭერაზე ვილნიუსის სამიტზე ევროკავშირთან ასოცირებული შეთანხმების პარაფირებასთან დაკავშირებით. განცხადებაში საპარლამენტო უმრავლესობა გამოხატავს მზადყოფნას, მიიღოს ყველა საჭირო ზომა, რათა 2014 წელს განხორციელდეს საქართველოსა და ევროპის კავშირს შორის ასოცირების შეთანხმების ხელმოწერა.

განცხადების პროექტში ხაზგასმულია, რომ აქტიურად გაგრძელდება თანამშრომლობა აღმოსავლეთ პარტნიორობის ორმხრივ და მრავალმხრივი ურთიერთობების ფორმატში, ასევე, ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის მუშაობის ფარგლებში. განცხადების პროექტის ავტორები გამოთქვამენ იმედს, რომ ევროპული ინტეგრაციის პროცესში აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს ექნებათ არჩევანის თავისუფლება. პროექტის ავტორები მოუწოდებენ ევროპის კავშირს, რომ გაზარდოს და გააძლიეროს დახმარების ინსტრუმენტები აღმოსავლეთ პარტნიორი ქვეყნებისთვის.

რაც შეეხება უმცირესობის განცხადების პროექტს, მასში ძირითადად საუბარია უკრაინის მოვლენებთან დაკავშირებით. უმცირესობის განცხადების პროექტი ოთხპუნქტიანია. მასში გამოთქმულია სრული მხარდაჭერა უკრაინელი ხალხისა და უკრაინის სუვერენიტეტის, რაც გულისხმობს საგარეო პოლიტიკის უკრაინის ინტერესების შესაბამისად წარმოებას. პროექტში ნათქვამია, რომ უკრაინის ევროპული ოჯახისკენ სვლის შეჩერება შეუძლებელია. 

პროექტის ავტორები გამოთქვამენ შეშფოთებას უკრაინის მიერ ევროპის კავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერაზე უარის თქმის მიზნით, რუსეთის ფედერაციის მიერ უკრაინის ხელისუფლებაზე ბოლო თვეების განმავლობაში განხორციელებული პოლიტიკური და ეკონომიკური ზეწოლის გამო. ტექსტის ავტორები გამოთქვამენ იმედს, რომ მოხერხდება არსებული წინააღმდეგობების გადალახვა, უკრაინის მთავრობა არ დაექვემდებარება რუსეთის ფედერაციის შანტაჟსა და არ გადაუხვევს ევროპული ინტეგრაციის გზას.

შეგახსენებთ, რომ უკრაინის ხელისუფლებამ უარი თქვა ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერაზე. უკრაინის მინისტრთა კაბინეტმა მიიღო განკარგულება, რომლის თანახმადაც, უკრაინის ეროვნული უსაფრთხოების ინტერესების გათვალისწინებით, ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების გაფორმების მზადების პროცესი შეჩერდა. ამასთან დაკავშირებით, უკრაინაში მასობრივი საპროტესტო აქციები დაიწყო. 

კომენტარები