მოლდოვას წარმომადგენელმა ანატოლიე დიმიტრიუმ სუამ-ის საპარლამენტო ასამბლეის ბოლოს გამართულ პრესკონფერენციაზე თქვა, რომ "სუამ-ის მონაწილეთა ძალა ჩვენს ერთობაშია". მოლდოვამ სუამ-ის თავმჯდომარეობა გადაიბარა.
ანატოლიე დიმიტრიუს თქმით, მომავალი 2014 წელი ევროპასთან ურთიერთობების და ევროინტეგრაციის თვალსაზრისით სუამ-ის წევრი სახელმწიფოებისთვის განმსაზღვრელი იქნება. მან იმედი გამოთქვა, რომ ყველა ქვეყანა ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობისა და უვიზო რეჟიმის თაობაზე შესაბამის შეთანხმებას ხელს მოაწერს.
ევროპასთან ურთიერთობებზე ყურადღება აზერბაიჯანის წარმომადგენელმა ზიაფატ ასკეროვმაც გაამახვილა. მისი თქმით, აზერბაიჯანი ევროპის აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში თანამშრომლობს და მისმა ქვეყანამ ვილნიუსში სავიზო რეჟიმის გამარტივებას მოაწერა ხელი. ასკეროვმა, თავის მხრივ, გამოთქვა იმედი, რომ სუამ-სა და ევროპას შორის თანამშრომლობა კიდევ უფრო გაღრმავდება.
2014 წელს სუამ-ის საპარლამენტო ასამბლეის სხდომა კიშინიოვში ჩატარდება.




