ვილნიუსის სამიტი

ბაროზო: იმედია, 2014 წელს ხელშეკრულების საბოლოო ხელმოწერა მოხდება

telegraph.co.uk

საქართველომ და მოლდოვამ ყველაფერი უნდა გააკეთონ, რომ 2014 წელს ხელშეკრულებას საბოლოოდ მოვაწეროთ ხელი, - ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა ჟოზე მანუელ ბაროზომ ასოცირების ხელშეკრულების პარაფირების საზეიმო ცერემონიალზე განაცხადა.

ბაროზომ აღნიშნა, რომ საქართველოსა და მოლდოვასთან თანამშრომლობა კიდევ უფრო მჭიდრო გახდება. ბაროზოს თქმით, ამ ქვეყნებისთვის უფრო დიდი ბაზრის კარი გაიხსნა, რომელიც მათ ეკონომიკურ და სოციალურ კეთილდღეობას მოუტანს. ევროკომისიის პრეზიდენტის განცხადებით, მიღებული დოკუმენტის საფუძველზე უმრავლესობა საბაჟო მოსაკრებლების გადასახადები გაუქმებული იქნება, რაც საქართველოსა და მოლდოვას ევროპასთან სავაჭრო ურთიერთობას გაუმარტივებს.

ბაროზოს თქმით, ურთიერთობები მხოლოდ ვაჭრობის კუთხით არ გაღრმავდება. "ჩვენ გვინდა, რომ საქართველო და მოლდოვა უფრო აქტიურად ჩაერთონ ევროკავშირის სამოქალაქო, განათლების, გარემოს, ენერგეტიკისა და სხვა პროგრამებში", - განაცხადა ბაროზომ. მან კონკრეტულ პროგრამებზე ისაუბრა. საქართველოსთან მიმართებით, მან CSDP(Common Security and Defence Policy) პროგრამაში მონაწილეობის დოკუმენტი გაიხსენა, რომელიც საქართველოს საშუალებას აძლევს, მონაწილეობა მიიღოს ევროკავშირის შიდა უსაფრთხოების ზომების გატარებაში. საქართველომ ამ პროგრამაში მონაწილეობას ხელი დღეს მოაწერა. მოლდოვის შემთხვევაში კი ბაროზომ გამარტივებულ სავიზო რეჟიმზე ისაუბრა.

ბაროზოს თქმით, ინსტიტუციონალური თანამშრომლობა, იმედია, ნაყოფიერი იქნება და 2014 წლისთვის ხელშეკრულების საბოლოო ხელმოწერა მოხდება.
"ჩვენ თქვენთან ერთად ვართ, ეს ერთობლივი ძალისხმევაა და ეს ერთობლივი გადაწყვეტილება და სიმართლეა, რომ ხანდახან რთულია ასეთი ხელმოწერის მიღწევა. ჩვენ დაინტერესებული ვართ თქვენი წარმატებით, ჩვენ ვსარგებლობთ თქვენი სტაბილურობით და სიამოვნებით ვუყურებთ, რომ თქვენი ძალისხმევა ფასდება. ჩვენ დავაკვირდებით თქვენს ქვეყნებში ცხოვრების დონის აღმავლობას", - განაცხადა ბაროზომ. 

კომენტარები