ვილნიუსის სამიტი

საქართველო-ევროკავშირს შორის ასოცირების შეთანხმების პარაფირება დასრულდა

mfa.gov.ge

ვილნიუსში საქართველო-ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ ხელშეკრულების პარაფირება დასრულდა. 

1000-გვერდიან დოკუმენტს ხელი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ დავით ზალკალიანმა და საქართველოს ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ მიხეილ ჯანელიძემ ლიტვის საგარეო საქმეთა სამინისტროში მოაწერეს.

ევროკავშირთან ასოცირების შესახებ ხელშეკრულების პარაფირების პროცესი დახურულ კარს მიღმა, სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. 

დავით ზალკალიანის განცხადებით, დღევანდელი დღე ისტორიულია. მისი შეფასებით, ამიერიდან საქართველოს ევროპული ინტეგრაციის პროცესი შეუქცევად ხასიათს იღებს. როგორც ზალკალიანმა ჟურნალისტებს უთხრა, ასოცირების შესახებ ხელშეკრულების პარაფირებით, საქართველო ევროპასთან ინტეგრაციის იურიდიულ ჩარჩოებში ექცევა.

 "ეს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების ხელშეკრულება არ არის, მაგრამ ამ ხელშეკრულებით საქართველოს ევროპეიზაციის პროცესი შეუქცევადი ხდება. ვულოცავ საქართველოს მოსახლეობას ამ ხელშეკრულების პარაფირებას. ჩვენ ევროკავშირთან ინტეგრაციის ძალიან საპასუხისმგებლო ეტაპზე გადავდივართ. ეს არის ჩვენი ხალხის ურყევი არჩევანი, რასაც ყველა ხელისუფლება პატივს უნდა სცემდეს", - აღნიშნა დავით ზალკალიანმა.

კომენტარები