ევროპის კავშირი

რატომ გვიღირს ევროპის კავშირთან ასოცირების შეთანხმება

(და რატომ არ გვინდა რუსეთთან საბაჟო ან ევრაზიული კავშირი)

იმისათვის, რომ ადვილად გაერკვიოთ სად სჯობს ყოფნა - რუსეთის თუ ევროპის კავშირში, ყველაზე ადვილია რომელიმე ძველ მოძმე ქვეყანას მიაკითხოთ, ისეთს, როგორც ყირგიზეთია, სადაც დღესაც უდგათ ლენინის ძეგლი და კვლავ სჯერათ სტალინის მიერ შექმნილი მითოლოგიის, რომ ლენინის დამსახურებაა მათი ეროვნული იდენტობა. ეს სტატია იმათთვისაა, ვისაც უფრო მეტი არგუმენტი სჭირდება.

მახსოვს ის დღე 2011 წელს, როდესაც გამოცხადდა ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების ოფიციალური მოლაპარაკების დაწყება, ჟურნალისტები სახტად დარჩნენ, როდესაც ჩემგან ამ ფაქტის შესახებ პოზიტიური მოისმინეს. მანამდე რამდენიმე წელი ღრმად და ყოვლისმომცველად ვაკრიტიკებდი და მთავრობაც, თავის მხრივ, ფრთხილად ეკიდებოდა ახალი ვალდებულებების აღებას, თუმცა დაუღალავად შრომობდა ამ შეთანხმების მისაღწევად.

დღეს საკითხი დგას ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერაზე ევროკავშირთან, რაც თავისუფალ ვაჭრობასთან ერთად გარკვეულ სხვა მოთხოვნებსაც აყენებს, თუმცა ზემოთ მოხსენიებული შეთანხმება მთავარი კომპონენტია. ასოცირება ასევე შეთავაზებული აქვთ უკრაინას და მოლდოვას, რიგში დგას აზერბაიჯანი. სომხეთმა (ესეც თქვენი ბრძნული საგარეო პოლიტიკა) და ბელარუსმა, როგორც ჩანს, ამ ეტაპზე პრაქტიკულად დაკარგეს ეს შანსი.

რუსეთისთვის ასოცირება არ შეუთავაზებიათ. ამის საპირისპიროდ, რუსეთმა გადაწყვიტა ევროპელების სიფრთხილის პირობებში დაეჩქარებინა საბაჟო კავშირის შექმნა ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებთან, რომელსაც შემდგომში ეცდებოდა ე.წ. ევრაზიის (პოლიტიურ) კავშირად გადაექცია. აქ ალბათ არ ღირს თარიღების მოყვანა - ფაქტია, რომ დსთ-ის პროექტის ჩავარდნის შემდეგ, რუსეთი დაინტერესებულია ისეთი კავშირის შექმნით, რომ დაიბრუნოს კონტროლი დედამიწის ხმელეთის 1/6-ის ტერიტორიებზე. (რუსებს დღემდე ასე სჯერათ, რომ ეს მათია. საქმეში ჩახედული მკითხველი კი მკითხავდა - რად უნდათ ამდენი, იმისთვის ვერ მოუვლიათ რაც აქვთო?)

ამ წერილის დაწერა ორმა ფაქტმა გადამაწყვეტინა, ერთი - რომ ჩვენმა მიმავალმა პრემიერმა დაგვიტოვა რიტორიკულ-საიდუმლოებით მოცული გამოთქმა - თითქოს საბაჟო კავშირში შესვლა არ ვიცით რას მოგვიტანს, და მეორე - ამავე თემაზე ამ დღეებში მიმდინარე კონფერენციამ ვაშინგტონში, სადაც სწორედ ეს მოსაზრებები გამოვთქვი და ვიფიქრე ქართველი მკითხველისთვისაც გამეცნო.

ამ კონფერენციაზე საქართველოს ელჩმა დამსწრეები "დაამშვიდა", რომ ბოლო არჩევნებზე ევროპაში ინტეგრაციის მხარდაჭერამ 80%-ზე მეტი ხმა მიიღო. ძალიან რთული იქნებოდა ასეთი პროგნოზის გაკეთება უკრაინაზე. უკრაინელები არჩევანის წინაშე არიან - ან რუსეთთან "ძმური" კავშირი გააგრძელონ, ან ევროპას დაუბრუნდნენ და იმავე რუსეთთან უფრო ცივილური ურთიერთობა შექმნან. უკრაინელებისთვის "რუსეთის ბაზარი" გაცილებით უფრო დიდ ეკონომიკურ მნიშვნელობას ატარებს, ვიდრე საქართველოსთვის. სავარაუდოა, რომ, თუ ევროკავშირთან ასოცირება მოხდა, რაღაც პერიოდის განმავლობაში უკრაინას "შოკური თერაპიის" პირობებში მოუწიოს ცხოვრება. შეიძლება რუსეთმა უკრაინას ისევ ენერგეტიკული სასჯელიც გამოუწეროს და ეკონომიკური სანქციებიც. საქართველო ბოლო 22 წელიწადში ისე გამოიბრძმედა რუსული სანქციების ხელში, რომ ყველანაირი შოკი გავლილი გვაქვს, ვაჭრობაც დივერსიფიცირებული. და მაინც, რას დაკარგავდა საქართველო, მით უმეტეს, უკრაინა, თუ ევრაზიული კავშირის ნაცვლად ევროპისკენ წავიდოდა? მოდი ნეიტრალური მხარეების ინფორმაციას დავეყრდნოთ და ისე ვიმსჯელოთ:

პირველი: რუსული ბაზარი არ არის ერთადერთი, არც ყველაზე დიდი და არც ყველაზე მდიდარი (თუნდაც მისი "ძმების" ჩათვლით). მოდი შევადაროთ მოსახლეობისა და ეკონომიკის ზომები (CIA Fact Book 2013, DGP-ppp):

 მოსახლეობა (მილიონი)მშპ (ppp,US$ 1,000,000)მშპერთადამიანზე (ppp US$)ევროპისკავშირი50315,970 31,750"ევრაზიის კავშირი"1832,97116,220

 

ანუ ევროკავშირი თითქმის 3-ჯერ მეტი და უფრო მდიდარი მოსახლეობით 5-ჯერ დიდი ეკონომიკის პატრონია (გაითვალისწინეთ, რომ ევრაზიის კავშირის მშპ-ს ნახევარზე მეტი ნავთობისა და გაზის შემოსავლებია და სხვა სექტორები ნაკლებადაა განვითარებული). არსებობს კიდევ ჩრდილოეთი ამერიკა და სხვა კონტინენტები, სადაც მსოფლიოს ეკონომიკის ნახევარია.

რუსული (ევრაზიული) ბაზარი ძნელად ხელმისაწვდომია. ოფიციალურად არსებული ბარიერები აღწერილია (მაგალითად) მსოფლიო ბანკის ყოველწლიურ გამოკვლევაში ბიზნესის კეთების სიადვილე მსოფლიოში (Easy of Doing Business, WB). მოდი შევადაროთ 2014 წლის საზღვარზე ვაჭრობის რეიტინგები ევრაზიის და ევროპის კავშირების შერჩეულ სამ ქვეყანაში:

პორტუგალია25 უნგრეთი70ბელგია 11 ყაზახეთი 186 რუსეთი 157ბელარუსი149საქართველო38 



ასევე, მოდი იმავე ქვეყნებზე გადავამოწმოთ საერთაშორისო გამჭვირვალობის კორუფციის შეგრძნების ინდექსი (Corruption Perception Index, 2012):

პორტუგალია33უნგრეთი46ბელგია16ყაზახეთი133რუსეთი133ბელარუსი123საქართველო51



ასევე შევადაროთ სხვა ეკონომიკური თავისუფლებები ევროკავშირის და შესაძლო ევრაზიული კავშირის ქვეყნებს შორის (Index of Economic Freedom, Heritage Foundation, 2013):

აშკარაა, რომ ევროპის კავშირი გაცილებით მეტ გახსნილობას, ეკონომიკურ და ვაჭრობის თავისუფლებას გვპირდება. უფრო მნიშვნელოვანია ვაჭრობის არაოფიციალური ბარიერების გადალახვის სიადვილე: რუსეთის ურთულესი შიგა სახელმწიფოებრივი რეგულირებები, ბიუროკრატია, ცენტრალიზაცია, კორუფცია და მაფიური კლანები, რომლებიც პირდაპირ აკონტროლებენ საცალო და საბითუმო ვაჭრობას. შესაძლებელია ასეთი ბარიერების გადალახვა შედარებით უფრო ადვილია დიდი უკრაინული ფირმებისთვის, თუმცა პატარა ზომის კომპანიებისთვის, როგორი ხარისხიანი საქონელიც უნდა ჰქონდეთ გასაყიდად - ასეთ ბაზარზე მოქმედება ძალიან რთული იქნებოდა.

არ ვდავობ, რომ ევროკავშირი ასევე წარმოადგენს ზედმეტად დარეგულირებულ ეკონომიკურ სივრცეს. სწორედ ეს იყო ჩვენი წინა მთავრობის სიფრთხილის საფუძველიც, როდესაც ევროკავშირთან თავისუფალ ვაჭრობაზე მუშაობდა. მაგრამ, ამ ყველაფერს თუ რუსეთის პოლიტიზებულ რეგულირებას და ბიუროკრატიას შევადარებთ, ვფიქრობ, ადვილი დასადგენია რა გვირჩვენია. საყოველთაოდ ცნობილია როგორ ექცეოდა რუსეთის მთავრობა ქართველებს, ქართულ ბიზნესებს და ქვეყანას ბოლო 20 წელში, ეკონომიკური ბლოკადა, ენერგეტიკული "წამება", ომი; თუმცა ცნობილია ასევე მოლდოვური ღვინის, უკრაინული შოკოლადის, ლიტვური და პოლონური ხორცის და რძის პროდუქტების დაბლოკვის ისტორიები. ის, რასაც დღეს რუსეთი უკრაინის მიმართ სჩადის, კაგი დადასტურებაა იმისი, რომ 2008 წლის ომი გრადაუვალი იყო - რუსეთი ვერ მოითმენდა საქართველოს ეკონომიკურ დამოუკიდებლობას და ყველაფერს იმას, რაც ამ სტატიაში წერია.

ნებისმიერ ქართველ ბიზნესმენს, რომელიც რუსეთში საქონლის ექსპორტს გადაწყვეტს, საქმე ექნება:

  1. კორუმპირებულ და ბიუროკრატიულ საბაჟოსთან.
  2. კორუმპირებულ პოლიციასთან, რომელიც სწორედ მას ელოდება (გზაზე და დანიშნულების ადგილზე) ფულის წასართმევად და წილში ჩასაჯდომად.
  3. კორუმპირებულ, ზე-ბიუროკრატიულ და ზე-დარეგულირებულ ადგილობრვ ხელისუფლებასთან (ქრთამები, დაშვებები, ნებართვები, ლიცენზიები).
  4. კორუმპირებულ, ზე-ბიუროკრატიულ და ზე-დარეგულირებულ ცენტრალურ ხელისუფლებასთან (შემოწმებები, ქრთამები, დაშვებები, ნებართვები, ლიცენზიები).
  5. კრიმინალურ მაფიურ კლანებთან, რომლებიც გპირდებიან ყველა ზემო პრობლემასთან საქმის მოგვარებას და ბაზარზე ადგილის დაკავებას.

არ ვიცი, შესაძლებელია კიდევ რამე გამომრჩა. ის, ვინც ამასთან გამკლავებას აპირებს, დიდი ალბათობით, თვითონაც ძალაუნებურად კრიმინალად უნდა იქცეს, ქრთამებიც ბევრი უნდა დაარიგოს, სხვანაირად წარმოუდგენელია რუსეთში რაიმე საქმიანობა. ვისაც არ სჯერა, მისი ნებაა, სცადოს - ჩვენ თავი დაგვანებონ, ეს არ უნდა იყოს სახელმწიფო პოლიტიკის საგანი.

ევრაზიურ კავშირს რომ მივუბრუნდეთ, ორი რამ ჩემთვის ცხადია:

პირველი: რუსეთი ევრაზიური კავშირის წევრებს მკაცრად შეუზღუდავს საგარეო და სავაჭრო პოლიტიკას. ეს ნიშნავს, რომ მისი წევრების პოლიტიკა და ეკონომიკა მკაცრად მიეჯაჭვება რუსეთისას, ისინი დაკარგავენ მსოფლიო ბაზარზე გასვლის, შესაბამისად - ხარისხის გაუმჯობესების შანსებს, დაკარგავენ, თუ რაიმე დამოუკიდებელი სავაჭრო კავშირები წამოიწყეს. ეს ნიშნავს, რომ შემდგომში, თუ ისევ დამოუკიდებლობა მოითხოვეს (როგორც ზემოთ აღვნიშნე), ისევ შოკურ თერაპიასთან მოუწიოთ გამკლავება და გრძელ და მძიმე გარდამავალ პერიოდთან მსოფლიო ბაზრისკენ.

მეორე: საბჭოთა გამოცდილებიდან გამომდინარე, რუსეთი მაქსიმალურად ეცდება, ევრაზიური კავშირის წევრებს გარანტირებულად შეუზღუდოს ამ კავშირიდან გასვლის შესაძლებლობა, ფორმალურად და არაფორმალურად, მაგალითად, მოითხოვს მათზე დახარჯული დახმარება/სუბსიდიების დაბრუნებას, მოუწყობს მშრომელთა მასობრივ გამოსვლებს და ა.შ.

ევროკავშირთან შეთანხმებაც არ იქნება დანახარჯების გარეშე - მოსალოდნელია, რომ ეკონომიკა კიდევ უფრო შენელდეს, რასაც მოჰყვება ევროდახმარება, ეკონომიკურ-პოლიტიკური ნარკოტიკი, რომლის მონები ადვილად შეიძლება გავხდეთ. მნიშვნელოვანია ამიტომ, რომ მთავრობამ მაქსიმალური ყურადღება გამოიჩინოს და არ აიღოს ზედმეტი ვალდებულებები, რისი შესრულებაც შეუძლებელია და რაც გრძელვადიან მახეში გაგვაბამს.

მაგრამ, ამავე დროს, ადვილი წარმოსადგენია დადებითი ეფექტებიც, რომელიც ასეთ შეთანხმებას მოჰყვება, მით უმეტეს, თუ გავაგრძელებთ და ყველა მდიდარ ქვეყანას შევთავაზებთ თავისუფალ ვაჭრობას. ასეთი მოქმედება ეკონომიკური თავისუფლებების კიდევ მეტად გაზრდის ფონზე, აუცილებელია, რათა ეკონომიკას ბიძგი მივცეთ და გავაბათილოთ ყველა გარე და შიგა პოლიტიკური რისკი. ამის შედეგად საქართველო ნამდვილად შეიძლება გახდეს ეკონომიკური ჰაბი და არა უბრალოდ სატრანსპორტო კორიდორი, რაც შესაბამისად დიდ ინვესტიციებს გვპირდება, ცხოვრების სწრაფად გაუმჯობესებას ყველასთვის.

უკრაინის, საქართველოს და აზერბაიჯანის ევროპასთან ასოცირება, ახალ ბუფერულ ზონას შექმნიდა ასეთი თანამშრომლობის კიდევ უფრო გაფართოებისათვის, მაგალითად, ცენტრალური აზიისკენ. ალბათ, ეს კარგად ესმით ევროპის დედაქალაქებშიც და მოსკოვშიც.

უკრაინას დიდი მნიშვნელობა აქვს ასევე ბელარუსისთვის, რომლის ხალხიც უნდა დაფიქრდეს ვისთან "აღარ უნდა" ურთიერთობა - რუსეთთან თუ უკრაინასთან. დღევანდელი მდგომარეობით, ამ ორი ქვეყნის რუსეთთან დაშორება შესაძლოა დაახლოებით ისეთივე ეკონომიკურ კრახს გამოივევს, რაც ჩვენ გავიარეთ 1990-იან წლებში. ეს ასევე დიდ პოლიტიკურ ძვრებს გამოიწვევს ამ ქვეყნებში. ეს არ შეიძლება დაიმალოს, მაგრამ რუსეთთან ასეთ კაბალურ ურთიერთობებს ჩვენ ხომ ერთხელ მოვერიეთ, სხვებს რატომ უნდა ეშინოდეთ.

საქართველომ კი უნდა მოიკრიბოს ყველა ძალა და უნარი, რათა გადადგას ეს ნაბიჯი და ჩამოვშორდეთ არაცივილიზებულ სამყაროს, სადაც ადამიანი არ წარმოადგენს მთავარ ღირებულებას. ევროკავშირმა კი უნდა შეძლოს ასეთი ნაბიჯების დროული და უყოყმანო გადადგმა, რათა არ შექმნას საშუალება და საფუძველი რუსეთის აქტიურობისათვის და აგრესიისათვის. მით უმეტეს, საქართველოს მიმართ, რომელიც ეკონომიკური რეფორმების ჩემპიონია და სავაჭრო საზღვრებიც უფრო მეტად აქვს გაღებული, ვიდრე თვითონ ევროკავშირს.