ქართველი სამხედროები

ღარიბაშვილი: საქართველოს აქვს ამბიცია, იყოს ევროპული ქვეყანა

პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, საქართველოს აქვს ამბიცია, იყოს ევროპული ქვეყანა. მისი თქმით, საქართველოს მთავრობა მოწოდებულია, იგივე სტანდარტები დაუწესოს ქართველ ჯარისკაცებს, რაც აქვთ ევროპელ ჯარისკაცებს. როგორც ღარიბაშვილმა სამხედრო დასახლებაში ჯარისკაცებისთვის ბინების გასაღების გადაცემის შემდეგ ჟურნალისტებს უთხრა, ჯარისკაცობა მისთვის პატრიოტობის სიმბოლოა.

"დღეს გვაქვს ძალიან ბედნიერი დღე. საქართველოს მთავრობის სახელით, 900-მდე ჯარისკაცს საკუთრებაში გადავეცით საცხოვრებელი ბინები. მათ შორის არიან გმირულად დაღუპულების ოჯახები, დაშავებულები და, რაც მთავარია, ეს არის ჩვენი ვალი ვიზრუნოთ ჩვენი ჯარისკაცების ღირსეულ ცხოვრებაზე. ქვეყნის იმიჯი განისაზღვრება იმით, თუ როგორ ზრუნავს სახელმწიფო საკუთარ ჯარისკაცებზე, მოქალაქეებზე", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა და აღნიშნა, რომ დღევანდელი დღე ამის დასტურია.

საქართველოს პრემიერის განცხადებით, ჯერ კიდევ ბევრი ჯარისკაცია ბინის გარეშე და მთავრობა ყველაფერს გააკეთებს, რომ მათაც გადაეცეს საკუთრებაში საცხოვრებელი ბინები.

"ჯარისკაცობა ძალიან საამაყო, საპატიო, მაგრამ ამავდროულად ძალიან სახიფათო პროფესიაა. ჯარისკაცობა მოითხოვს ძალიან დიდ თავდადებას, თავგანწირვას. ისინი საკუთარ სამშობლოს 24 საათის განმავლობაში სიცოცხლის ფასად იცავენ. ჩვენ გვყავს ძალიან ბევრი გმირი ჯარისკაცი და ჩვენ ვართ ამაყი ერი. ჩვენ ვიცით, რომ ძალიან ბევრი ჯარისკაცი გმირულად დაიღუპა ბრძოლებში, იქნებოდა ეს საქართველოს თავისუფლებისთვის ბრძოლა, თუ საერთაშორისო მშვიდობისთვის შეტანილი წვლილი. მე მათი ოჯახების წინაშე ქედს ვიხრი", - განაცხადა ღარიბაშვილმა.

877 სამხედრო პირის ოჯახს ვარკეთილში მდებარე სამხედრო დასახლებაში ბინები გადაეცათ. სიმბოლურად, 3 ოჯახს ბინის გასაღები პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა და თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ გადასცეს. 877 სამხედრო პირის ოჯახს შორის არიან დაღუპული სამხედროების ოჯახებიც.

ცნობისთვის, სამხედრო მოსამსახურეებს საცხოვრებელი ბინები 2012 წლის სექტემბერში საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა და თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა დიმიტრი შაშკინმაც გადასცეს. ამასთან, შაშკინმა და სააკაშვილმა საქართველოს ახალ მთავრობას რამდენჯერმე მიმართეს, რომ სამხედროებისთვის ბინების გადაცემის პროცესი არ შეეჩერებინათ და ომში დაჭრილი და დაღუპული სამხედროების ოჯახები საცხოვრებელი სახლებით დროულად დაეკმაყოფილებინათ. სააკაშვილის 2009 წლის ბრძანებულებით, ბინები 2008 წლის ომში დაღუპული ყველა ჯარისკაცის ოჯახს უნდა მიეღო.

კომენტარები