კინო

პიროვნებად შედგომა

„გრძელი ნათელი დღეები" ძალიან კარგი ფილმია: ვუყურე და ვისიამოვნე. შემდეგ კინოთეატრ „რუსთაველში" ჩვენებას მოჰყვა განხილვა, მერე წავიკითხე ამ ფილმით შთაგონებული რამდენიმე ბლოგი. ჰოდა, მინდა ვთქვა, რომ ფილმი უფრო მომეწონა, ვიდრე მისით პროვოცირებული ინტელექტუალური დისკუსია.

რაც, თავისთავად, კარგი ფილმის – ზოგადად, ხელოვნების კარგი ნაწარმოების უტყუარი ნიშანია. ცუდ ფილმს, ცუდ წიგნს შეიძლება ინტელექტუალურმა კომენტარმა უშველოს: „ხედავ, რა ღრმა და პროგრესული აზრები ყოფილა?". კარგ ხელოვნებასთან შედარებით კი, რაციონალური განმარტებები ხშირად სწორხაზოვანი და ბანალური ჩანს.

ამ კონკრეტულ შემთხვევაში პრობლემა ფილმის ზედმეტი სოციოლოგიზაცია და იდეოლოგიზაცია მგონია. რას ამბობენ კომენტატორები? რა ცუდია ძალადობა, რომელიც გამეფებულია საზოგადოებაში (და რა კარგია, რომ ფილმის ბოლოს გმირი თოფს აგდებს წყალში: ესე იგი, ძალადობა უარყოფილია!). კონკრეტულად, რა ცუდია ოჯახური ძალადობა, რომელიც ფილმში დიდი რაოდენობით ჩანს. რა ცუდია გულგრილობა და სოლიდარობის დეფიციტი. რა ცუდია კონფორმიზმი: ადამიანები არ ებრძვიან ცუდ გარემოს და არ ცდილობენ მის გარდაქმნას (ზოგი ამაში ფილმის გმირ გოგონებსაც ადანაშაულებს). უფროსი თაობა ვერ უჩვენებს ზნეობრივ მაგალითს უმცროსს და ვერ უგებს მას. ქალთა უფლების პრობლემა ხომ დგას და დგას; და ა. შ.

ინტელექტუალებს ეს ცოდვა გვაქვს: გვინდა ხელოვნების ნაწარმოებში ჩვენთვის უკვე საყვარელი იდეები ამოვიკითხოთ და ის საბაბად გამოვიყენოთ მათ გამოსათქმელად. ალბათ, არც მე ვიქნები გამონაკლისი, თუმცა ვეცდები მაქსიმალურად ვუერთგულო თავად ფილმს, როგორც ის აღვიქვი. რაღაც ზომით, ფილმი თავადაც გვიბიძგებს, რომ ის სოციოლოგიურ ნარკვევად წავიკითხოთ: ის ძალიან პატიოსნად, ზუსტი, მაგრამ არა სტილიზებული დეტალებით გვიხატავს 1990-იანი წლების დასაწყისს, ალბათ ყველაზე კატასტროფულ ეპოქას ჩვენს უახლეს ისტორიაში. ახალ თაობას თუ უნდა გაიგოს, მაინც რას ჰყვებიან ამ დროზე უფროსები, ეს უნდა ნახოს.

ამ სიზუსტეს ძალიან შველის, რომ ფილმი არ ცდილობს ამ პერიოდის არა მარტო რომანტიზაციას, არამედ მის განსჯას რაიმე იდეოლოგიური პოზიციიდან: ეს არ არის „სოციალური კრიტიკა" და მადლობა ღმერთს, რომ არ არის. კი ვგრძნობთ, რომ ავტორებს ბევრი რამ არ მოსწონთ, მაგრამ ზედმეტ პედალირებას და გმირების გაშარჟებას ისინი არ ახდენენ. კინო აღწერს ვითარებას, როდესაც ადამიანებს ჩვეული პოლიტიკური და სოციალური ინსტიტუტები შემოერღვათ, მძიმე დღეში ჩავარდნენ და ცდილობენ, როგორც შეუძლიათ, თავი გაიტანონ.

მაგრამ ეს მაინც ფილმის ფონია – და რაც არ უნდა ზუსტი დეტალებით იყოს ის აღწერილი, ზედმეტად არ უნდა გაგვიტაცოს. ეს არ არის მთავარი თემა. თემა ძველისძველი და მარადიულია: პიროვნებად შედგომა, ან – ქართულად ვერ მოვიფიქრე ამ ინგლისური გამოთქმის კარგი შესატყვისი და რა ვქნა – coming of age. ფილმის გმირია ორი თოთხმეტი წლის დაქალი. ეს სწორედ ის ასაკია, როცა ბავშვი მოზრდილად იქცევა. ჩვენ ეს კარგად აღარ გვესმის. ჩემს (საბჭოურ) თაობაში მამაკაცები ლამის ორმოც წლამდე ბავშვებად ითვლებოდნენ და შესაბამისად იქცეოდნენ კიდეც: ამიტომაა მასობრივი ინფანტილიზმი საბჭოთა ეპოქის ერთ-ერთი დანატოვარი. დღესაც, სტუდენტებს „ბავშვებს" ვეძახით და ისინიც თავის თავს ასე მოიხსენიებენ, იმ განსხვავებით, რომ ახლა ბავშვობის ასაკიდან პირდაპირ პარლამენტარები და მინისტრები ხდებიან. თუმცა, ეს კიდევ სხვა საკითხია. ტრადიციულ კულტურებში კი დაახლოებით ამ ასაკში ხდება ინიციაციის ცერემონიები, რის შემდეგაც ინდივიდი თემის ზრდასრულ წევრად ითვლება და სრულად აგებს პასუხს საკუთარ მოქმედებაზე. მაგალითად, ებრაელებში „ბარმიცვას" ცერემონიას 13 წლის ბიჭები გადიან. „გრძელი ნათელი დღეები" არის ფილმი ორი გოგოს ინიციაციაზე.

უფრო სწორად, ამ ინიციაციას ნამდვილად გადის ფილმის ორი გმირიდან ერთი – ეკა, რომელიც დასაწყისში თითქოს უფრო ბავშვურია, უფრო სუსტი, უფრო დაუცველი. მისი დაქალი ნათია უფრო თამამია, უფრო კარგად შეუძლია თავის დაცვა, გარეგნობითაც უფრო მომწიფებულია (და ბიჭებისგან მეტი ყურადღებით სარგებლობს). ის უყიჟინებს ეკას, რომ „ამრევი" ბიჭების აგრესიას საკადრის პასუხს არ სცემს და ადეკვატური რეაქციის მაგალითს თვითონ აძლევს. მაგრამ მალე დავინახავთ, რომ კრიტიკულ სიტუაციაში სწორედ ეკას აღმოაჩნდა ნამდვილი პიროვნული ღერძი. ნათიაზე ამას ვერ ვიტყვით, თუმცა ის გაივლის ქალად ინიციაციის თითქოს მთავარ საფეხურს – თხოვდება.

შემობრუნება იწყება მაშინ, როცა ნათიას, დღისით, მზისით, პურის რიგის წინაშე, იტაცებს მეზობელი ბიჭი, რომელიც მას აშკარად არ მოსწონს. იქვე მყოფი ეკა შემოუბრუნდება და ბოლო სიტყვებით აგინებს რიგს, რომელიც სრულიად უმოქმედოდ შეხვდა ამ ეპიზოდს, რისთვისაც ერთი ზრდასრული ბიძა უთაქებს და თვალს ჩაულურჯებს. ეკას მხრიდან ეს პირველი სამოქალაქო საქციელია, ინდივიდუალური საპროტესტო დემონსტრაციაა. მაგრამ მას არა მარტო პურის რიგი, არამედ დაქალიც უცრუებს იმედს: ბედს ეგუება და თავის გამტაცებელს ცოლად მიჰყვება (აბა, სახლში შერცხვენილი ხო არ დაბრუნდება?). გატაცებიდან ორიოდ დღეში უკვე ქორწილია. ეკას ბუნებრივად ერგება მეჯვარის სტატუსი, თუმცა სახეზე, ჩალურჯებული თვალის გარდა, მომხდარი უსამართლობით აღშფოთებაც აწერია. ეს სწყინს პატარძალს, რომელიც თავს იტყუებს, თითქოს შეიძლება ამ ქმართან ბედნიერი იყოს და უნდა, უახლოესი მეგობარიც აჰყვეს ამ ტყუილში.
ამას მოჰყვება ფილმის ერთ-ერთი კულმინაციური სცენა – და ახალგაზრდა მსახიობის, ლიკა ბაბლუანის, ოსტატობის დემონსტრირება: მისი ცეკვა. ეკა გადაწყვეტს, თავს გადააბიჯოს და მეგობარს „არ გაუტეხოს", იცეკვოს და ამით ლხინის იმიტაცია მოახდინოს. რაკი პატარძალს უნდა, მისი ქორწილის დღე ბედნიერების დღედ გამოჩნდეს, დე ასე იყოს. ის ცივ წყალს დალევს და ვაჟკაცურად შევა საცეკვაო წრეში. შეკრებილი საზოგადოებაც აღფრთოვანებით შეხვდება: ეკას ოპოზიციურობას ყველა გრძნობს და მისი „შემობრუნება" თითქოს მომხდარის საბოლოო ლეგიტიმაციას ახდენს. მაგრამ თავად ცეკვა იმდენად აგრესიული, პოლემიკური და ერთგვარად მასკულინურია, რომ წინააღმდეგობაში მოდის „ბედთან შეგუების" თუ კონფორმიზმის ფილოსოფიასთან, რასაც ნათიას არჩევანი განასახიერებს. სწორედ ამ ამბივალენტობაშია ამ ეპიზოდის ძალა.

ფილმის კიდევ ერთი გმირია თოფი, უფრო ზუსტად, რევოლვერი, რომელსაც ნათიას ფილმის დასაწყისში ჩუქნის მისი თაყვანისმცემელი ლადო, რომელიც ნათიას თავის მომავალ მოძალადე ქმარს აშკარად ურჩევნია. მას უნდა, ნათიამ ამ სახიფათო გარემოში თავი დაიცვას, სანამ ის მოსკოვში ბიძასთან წავა. თოფის გამოჩენა მაყურებელში ქმნის ბუნებრივ მოლოდინს, რომ ის რაღაც უბედურებას დაატრიალებს. ჩეხოვის გამოთქმაც ხომ გვახსოვს: თუ პირველ აქტში კედელზე თოფი კიდია, მესამე აქტში ის აუცილებლად გაისვრის. ამ მოლოდინმა ჩემში შიში აღძრა: არა მხოლოდ იმიტომ, რომ ამ თოფით მოსაკლავი პერსონაჟი წინასწარ შემეცოდა, არამედ არ მინდოდა, ფილმი ქცეულიყო ბანალურ დიდაქტიკურ ისტორიად იმაზე, რომ ბავშვებს იარაღი არ უნდა მისცე. გოგოები ხშირად ატრიალებენ ხელში რევოლვერს და ერთმანეთს (და არამარტო ერთმანეთს) უმიზნებენ: ავტორები თითქოს ეთამაშებიან მაყურებელს, რომელიც სულ იმის შიშნარევ მოლოდინშია, რომ თოფი გაისვრის: აბა, რისი თოფია?

მაგრამ საბოლოოდ რევოლვერი სრულიად არაჩეხოვურად იქცევა. ერთადერთი ტყვია ბოლომდე გამოუყენებელი რჩება. პარადოქსულად, იარაღი ფილმის ერთ-ერთი დადებითი გმირია: მისი მეშვეობით გმირები, პირველ რიგში ეკა, პასუხისმგებელ ქცევას სწავლობენ. ეკა მის კეთილი საქმისთვის გამოყენებასაც ასწრებს: შეყენებული რევოლვერის მუქარით გადაარჩენს ბიჭს, რომელსაც ორი მასზე უფროსი ცემს და, შესაძლოა, მოკვლას უპირებს.

თოფი ისევ გამოდის ასპარეზზე ფილმის ბოლოსწინა ეპიზოდში, რომელიც თითქოს ციტატია პლატონის დიალოგიდან „სახელმწიფო". ამ ნაწარმოებში ინტელექტუალური პროვოკატორი სოკრატე, სამართლიანობის ბუნებაზე დისკუსიისას, ცდილობს გააქარწყლოს ბანალური დებულება იმის თაობაზე, რომ სამართლიანია, ადამიანს დაუბრუნო ის, რაც მას ეკუთვნის. მაგალითად, ამბობს სოკრატე, თუ საღ ჭკუაზე მყოფი მეგობარი იარაღს ჩაგაბარებს, მერე კი ჭკუაზე გადავა და მის დაბრუნებას მოგთხოვს, სამართლიანია, რომ სურვილი შეუსრულო? ზუსტად ასეთ მდგომარეობაში აღმოჩნდება ეკა: როცა ქალაქში დაბრუნებულ ლადოს ნათიას ქმრის მეგობრები კლავენ, როგორც კონკურენტს, აფექტში ჩავარდნილი ნათია იარაღს ეძებს, სავარაუდოდ, სამაგიეროს გადასახდელად, ეკა კი არ აძლევს, ბოლოს კი მშვიდად მიდის და იარაღს წყალში აგდებს (სავარაუდოდ, გონს მოსული ნათიას თანხმობით).

იარაღის წყალში გადაგდება შეიძლება წავიკითხოთ როგორც სწორხაზოვანი პაციფისტური პერფორმანსი: „არა ძალადობას!". მაგრამ მე მგონი, აუცილებელია დავაკონკრეტოთ: ეს არის დაძლევა იმ ქაოტური, იმპულსური, ინფანტილური, სასოწარკვეთილი, უძლური ძალადობისა, რომელშიც ჩავარდა საზოგადოება მას შემდეგ, რაც უარყო სისტემურ და „მეცნიერული იდეოლოგიით" გამართლებულ ძალადობაზე დამყარებული რეჟიმი (მის ნარჩენს განასახიერებს სკოლის მასწავლებელი, მარინა ჯანაშიას შესანიშნავი შესრულებით). სწორედ ამ სულიერი ქაოსის დაძლევაა აუცილებელი პიროვნებად შედგომის გზაზე.

დაბოლოს, ფილმში არის კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი პერსონაჟი, რომელიც ბოლომდე არ ჩანს: ეკას მამა, რომელიც ციხეში ზის, სავარაუდოდ, მკვლელობისთვის, თუმცა ეს ზუსტად არ ვიცით. ეს მითოლოგიზებული პერსონაჟია, მის ნივთებსაც (მაგალითად, კოლოფში ჩარჩენილ სიგარეტ „კოლხეთის" ბოლო ღერს), ეკასთვისაც და მისი დედისთვისაც საკულტო დანიშნულება აქვს. მაგრამ, ამავე დროს, ეკა თავს არიდებს მამასთან ურთიერთობას: შესაძლოა, რაღაცას ვერ პატიობს, ან რაიმე სხვა პრობლემაა, ეს ზუსტად არ ვიცით. მოკლედ, ისევ ამბივალენტობაა. კულტის დაძლევა იწყება სცენაში, როცა ეკას ქარაფშუტა უფროსი და არღვევს ტაბუს და თავის დაქალთან ერთად მამის დანატოვარ ღერს ეწევა; ეკა ჯერ აღშფოთდება, მერე კი თავადაც უერთდება მკრეხელობის აქტს და ერთ-ორ ნაფაზს თვითონაც დაარყამს (შეიძლება, ეს მისი პირველი ნაფაზებია).

ფილმის დამამთავრებელ (დავამატებდი, მოულოდნელად დამამთავრებელ) ეპიზოდში თოთხმეტი წლის ეკა დამოუკიდებლად მიდის ციხეში მამის სანახავად. მამის ფიგურის დემითოლოგიზაცია, მასთან ურთიერთობის გარკვევა („დალაგებაში" არ აგერიოთ!) პიროვნებად შედგომის აუცილებელი საფეხურია. თუმცა ამ მინიშნების იქით ფილმი აღარ მიდის: ჩვენ არ ვიცით, რა მოხდება ეკასა და მამამისს შორის, მაგრამ ვხვდებით, რომ ეკა რაღაც მნიშვნელოვან კომპლექსს დაძლევს. დასასრულის უეცარობას თავისი გამართლება აქვს: ეს ხომ დასაწყისის ისტორიაა, ამიტომ კონვენციური „დასასრული" ვერ ექნება. ფილმი კი არ მთავრდება, წყდება. მგონი, ამ ხერხს „ნონ ფინიტო" ჰქვია.

მე კი ვერ ავცდები კონვენციურ დასასრულს და ბოლოს ცოტას მაინც წავუსოციოლოგებ. ეკას და ნათიას თაობას ძალიან რთული ბავშვობა შეხვდათ – გაცილებით ძნელი, ვიდრე მათ მშობლებს. ბევრმა ვერ გაუძლო გარდატეხის ასაკის ტრავმებს და ცხოვრება თავშივე დაენგრა. მაგრამ ეს მაინც არ არის დაკარგული თაობა: ასეთი მათი მშობლები არიან, ვინც თითქოს აწყობილ და სტაბილურ ქვეყანაში გაიზარდა, მაგრამ, წესით, ცხოვრების ყველაზე პროდუქტიულ პერიოდში ყველაფერი თავზე დაემხო და უმწეო და დაბნეული დარჩა. სწორედ ასე ვხედავთ ფილმში მშობლებს: უფრო შეცოდების ღირსად, ვიდრე გაკიცხვის. ტოტალიტარულ მასწავლებელსაც ბოლოს კლასი გაექცევა და აღმოჩნდება, რომ მისი არავის ეშინია. მაგრამ ეკა და მისი თაობის ნაწილი ამ განსაცდელიდან უფრო ძლიერი და მშობლებზე ნაკლებ ინფანტილური გამოვიდნენ. სწორედ მათგან მოდიან ისინი, ვინც ბოლო წლებში ჩვენი ქვეყნის ცხოვრებას წარმართავს:

ინისტრები, ბიზნესმენები, საზოგადოებრივი აზრის შემქმნელები, შოუმენები. ამ ფილმზე ბლოგებსაც დღეს ხშირად ისინი წერენ. მათი დამსახურებაა, რომ ჩვენს ქვეყანაზე შეიძლება ვთქვათ, ქვეყანააო: თუმცა ის, ცხადია, არ მოგვწონს და არც უნდა მოგვწონდეს.

კომენტარები