ევროპა

რადიკალიზმის ახალი ტალღა ევროპაში

ევროპაში ექსტრემისტული პარტიების პოპულარობა მატულობს. ბოლო პერიოდის არჩევნების შედეგები და საზოგადოებრივი გამოკითხვები ცხადყოფს, რომ ახლო წარსულში მარგინალიზებული რადიკალური ჯგუფები იდეოლოგიური ცენტრის ორივე მხარეს ანგარიშგასაწევ პოლიტიკურ ძალებად ყალიბდებიან.

ცოტა ხნის წინ, საფრანგეთის სამხრეთში, ვარის ოლქში გამართულ ადგილობრივ არჩევნებში ულტრამემარჯვენე ნაციონალური ფრონტის კანდიდატის გამარჯვებამ ტრადიციული პარტიების შეშფოთება და ევროპის იდენტობის კრიზისზე განახლებული საუბრები გამოიწვია. საქმე ისაა, რომ ნაციონალური ფრონტი, რომელიც ფორმირებიდან 40 წლის განმავლობაში სხვა პარტიების მხრიდან „სანიტარული კორდონის" გამო მთავრობაში ვერასოდეს ხვდებოდა, ახლა ქვეყნის მესამე უმსხვილესი და სწრაფად მზარდი პოლიტიკური ძალაა.

პარტიის ლიდერი მარინ ლე პენი პოპულიზმის ნაკლებობას არ უჩივის და ტრადიციული პარტიების პრობლემებს საკუთარი პოპულარობისთვის იყენებს. ნაციონალური ფრონტი მმართველ ელიტას გლობალისტურ, ანტიფრანგულ კონსპირაციაში ადანაშაულებს და ფრანგ ამომრჩეველს იმიგრანტებისგან თავისუფალ, ნაციონალურ პრინციპებზე დაფუძნებულ, სუვერენულ საფრანგეთს ჰპირდება. ამ გზით ლე პენის პარტია კარგად მანიპულირებს ეკონომიკურ კრიზისზე, მზარდ კრიმინალზე, უცხოელების მხრიდან სამუშაო ბაზარზე კონკურენციასა და ევროკავშირის ინსტიტუციების არაეფექტურობაზე გაბრაზებული მოსახლეობის სენტიმენტებით.

მარინ ლე პენი
შედეგად, ჟურნალ Le Nouvel Observateur-ის მიერ გამოქვეყნებული გამოკითხვის თანახმად, ფრანგების 24% მზადაა 2014 წლის ევროპარლამენტის არჩევნებზე ნაციონალურ ფრონტს დაუჭიროს მხარი, რაც პარტიის რეიტინგის რადიკალურ ზრდას ნიშნავს. წინა არჩევნების წინ ნაციონალურ ფრონტს მხოლოდ 6.3%-იანი რეიტინგი ჰქონდა.

სიტუაცია უფრო დამაფიქრებელია, თუკი საფრანგეთის ტრადიციული, წამყვანი პარტიების პოზიციებსაც გადავხედავთ. 14 წლის განმავლობაში უპრეცედენტო უმუშევრობის მაჩვენებელმა და სხვა ეკონომიკურმა, პოლიტიკურმა თუ ლიდერობის პრობლემებმა პრეზიდენტ ფრანსუა ოლანდის რეიტინგი დრამატულად შეამცირა, რამაც მისი სოციალისტური პარტიის მაჩვენებლის 19%-მდე ვარდნა გამოიწვია. მეორე მხრივ, კონსერვატიული UMP, ნიკოლა სარკოზის წასვლის შემდეგ, შიდა დაპირისპირებებმა გახლიჩა. სხვადასხვა გამოკითხვების მიხედვით, პარტიის რეიტინგი 22%-ის ირგვლივ მერყეობს. შედეგად, პირველად ისტორიაში, ეროვნულ გამოკითხვებში ნაციონალურ ფრონტს წამყვანი პოზიცია უკავია. მსგავს სიტუაციას შემაშფოთებლად მიიჩნევენ ტრადიციული ლიბერალური, რესპუბლიკური ღირებულებების მხარდამჭერები.

ფრანსუა ოლანდის განცხადებით, ულტრამემარჯვენეების გაძლიერებამ საპარლამენტო დონეზე „რეგრესსა და პარალიზებამდე შეიძლება მიგვიყვანოს". „ექსტრემიზმისა და პოპულიზმის" ზრდით შეშფოთებას ვერ მალავს ფრანგი ევროკომისარი ვივიენ რედინგიც. მისი თქმით, რადიკალიზმი მთელი ევროკავშირისთვის „საერთო წუხილია, რომელიც იწვევს რასიზმს, ადამიანის ღირსების უარყოფას, მიუღებლობის ყველა ფორმას. ასევე საფრთხეს უქმნის ფუნდამენტურ ღირებულებებს, რომელსაც კავშირი ეფუძნება".

ულტრამემარჯვენე განწყობები მართლაც ძლიერია ევროკავშირის სხვა ქვეყნებშიც, თუმცა მათ შორის მნიშვნელოვანი განსხვავებები არსებობს. იმიგრანტების მიმართ აგრესიის ხარისხი, ტრადიციულ პოლიტიკურ სპექტრთან დამოკიდებულება და ეკონომიკური და საგარეო პოლიტიკური ხედვა ძირითადი განმასხვავებელი ფაქტორებია.

მაგალითად, საბერძნეთსა და უნგრეთში ულტრამემარჯვენე პარტიები განსაკუთრებულად აგრესიული ქსენოფობიური, ნეონაცისტური იდეებით გამოირჩევიან.

ბერძნული „ოქროს აისი" და უნგრული Jobbik ერთმანეთს უთავსებენ ანტიიმიგრაციულ, ანტისემიტურ დისკურსს, ასევე ხისტ პოზიციას არსებული რეჟიმის და, ზოგადად, კაპიტალისტური წყობის წინააღმდეგ. ორივე პარტია ემხრობა მნიშვნელოვანი კომერციული ობიექტების ნაციონალიზაციას და ძლიერ ცენტრალურ მმართველობას მკაცრი სასაზღვრო პოლიტიკითა და ეროვნული პრინციპების დაცვით. პარტიების ლიდერები გამოირჩევიან სიძულვილის ენით და ნეოფაშისტური განცხადებებით, ასევე, ჰომოფობიით. 2008 წელს Jobbik-თან დაკავშირებული რადიკალური ნეონაცისტური ჯგუფი „უნგრეთის მცველები" (Magyar Gárda) პარამილიტარული ხასიათისა და ძალადობის გამო უნგრეთის სასამართლომ აკრძალა და სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლომ აღნიშნული აკრძალვა ძალაში დატოვა. მიუხედავად ამისა, Jobbik მაინც რჩება უნგრეთში მესამე ყველაზე პოპულარულ პოლიტიკურ ძალად.

მსგავსი სიტუაციაა საბერძნეთშიც, სადაც სასამართლომ „ოქროს აისი" კრიმინალურ ჯგუფად გამოაცხადა, მისი ლიდერი კი დანაშაულებრივი დაჯგუფების ხელმძღვანელობის გამო სასჯელს იხდის. მიუხედავად ამისა, მკაცრი ხარჯთშემკვეცი ზომების და მწვავე ეკონომიკური კრიზისის ფონზე, მოსახლეობის ანტისამთავრობო და ნაციონალისტური განწყობები პარტიას პოპულარობას მაინც უნარჩუნებს.

საკმაოდ აგრესიული პოლიტიკით ხასიათდება ბულგარული „ატაკაც". 2005 წელს ულტრანაციონალისტი ვოლენ სიდეროვის მიერ დაარსებულ პარტიას პოლიტიკური კომენტატორების უმრავლესობა ულტრამემარჯვენედ ახასიათებს, თუმცა მათი პლატფორმის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, ულტრამემარცხენე ელემენტებსაც თავისუფლად ამოვიცნობთ. პარტია ეკონომიკის კუთხით ადვოკატირებს პრივატიზებული კომპანიების ნაციონალიზაციას, განათლებაზე, ჯანდაცვასა და ჯარზე სახელმწიფო ხარჯების ზრდას, ხოლო სოციალური კუთხით, გამოირჩევა ანტირომა, ანტისემიტური, რასისტული იდეებით. „ატაკა" აპროტესტებს ბულგარეთის წევრობას NATO-ში, საკმაოდ კრიტიკულია ევროკავშირის მიმართაც და, ზოგადად, ანტიგლობალისტური პოზიცია უჭირავს. მიუხედავად ამისა, პარტიის თავმჯდომარე არცთუ იშვიათად მონაწილეობს საერთაშორისო მართლმადიდებლური კონგრესის მუშაობაში და დაახლოებულია ბულგარეთის მართლმადიდებლურ ეკლესიასთან. უკანასკნელი სამი საყოველთაო არჩევნების მიხედვით, „ატაკა" მე-4 უდიდესი პარტიაა ბულგარეთში, 240-ადგილიან ეროვნულ პარლამენტში 21 მანდატი აქვს, ხოლო ევროპარლამენტში 2 დეპუტატითაა წარმოდგენილი.

საბერძნეთის პოლიცია „ოქროს აისის” ლიდერს ნეკოლაოს მიხალოლიაკოსს აპატიმრებს
ფოტო: Reuters
საინტერესოა, რომ ზემოხსენებული პარტიების პოზიციებს, ულტრამემარჯვენე იარლიყის მიუხედავად, ტრადიციულ მემარჯვენე პლატფორმასთან რთულად თუ გავაიგივებთ. სამივე მათგანის ეკონომიკური პროგრამა ულტრამემარცხენე ელემენტებს ეფუძნება. აღნიშნულ ფენომენს ფრანგი ფილოსოფოსი ჟან-პიერ ფაიე ნაშრომში „იდეოლოგიების საუკუნე" ეხმიანება. ფაიეს „ცხენის ნალის" თეორიის თანახმად, ულტრამემარჯვენე და ულტრამემარცხენე პოზიციები სწორხაზოვანი იდეოლოგიური სპექტრის ორ სხვადასხვა ბოლოს კი არა, ნალისებური რკალის დაბოლოებებზე თავსდებიან, რაც ნიშნავს, რომ მათ ერთმანეთთან უფრო მეტი საერთო აქვთ, ვიდრე შესაბამის ზომიერ იდეოლოგიასთან. რეალურად, ორივე რადიკალური ფრთა კონფლიქტში მოდის ცენტრისტულ და ცენტრთან მიახლოებულ როგორც მემარჯვენე, ისე მემარცხენე იდეოლოგიებთან.

მსგავსი კომბინაციის ერთ-ერთი პიონერი დანიის სახალხო პარტიის აწ უკვე ყოფილი ლიდერი პია კიარსგაარდი იყო, რომელმაც 1995 წელს საკუთარი პოლიტიკური მოძრაობა დააარსა და ულტრამემარჯვენე ანტიიმიგრაციული მოწოდებები ძლიერი, კანონის უზენაესობაზე დაფუძნებული სოციალური სახელმწიფოს იდეას შეუთავსა. სახალხო პარტია დანიაში დღესაც ერთ-ერთი წამყვანი პარტიაა.

მსგავსი ნიშის დამკვიდრებას ცდილობს ფრანგული ნაციონალური ფრონტიც. ბოლო წლებში პარტიამ მის დემონიზაციას გამოუცხადა ბრძოლა და მნიშვნელოვანი რეფორმებიც გაატარა: ახალგაზრდა, წარმატებული სახეები მოიზიდა და არაპოპულარული რადიკალიზმისგანაც მეტწილად გათავისუფლდა. მაგალითად, თუკი პარტიის დამფუძნებელი და დღევანდელი ლიდერის მამა, ჟან-მარი ლე პენი უკიდურესი ანტისემიტიზმითა და ჰოლოკოსტის უარყოფით გამოირჩეოდა, მარინ ლე პენმა ისრაელში რამდენიმე ვიზიტი განახორციელა და პარტიის ეს არაპოპულარული პოლიტიკა ფაქტობრივად აღმოფხვრა. ასევე, მარინმა შეარბილა ულტრანაციონალისტული რიტორიკა და სიძულვილის ენა. დღეს ლე პენი გაცხადებულად მხოლოდ ორმაგი მოქალაქეობის წინააღმდეგია და არალეგალური, დაუსაქმებელი და კრიმინალი იმიგრანტების დეპორტაციას მოითხოვს. თუკი პარტიის ძველი ხელმძღვანელობა სოციალურად კონსერვატორი იყო და აბორტის აკრძალვისთვის იბრძოდა, ახალი ლიდერების პოზიცია სოციალურ თემატიკაზე საკმაოდ ლიბერალური და ფრანგულ საზოგადოებრივ განწყობებთან თავსებადია. განახლებული ნაციონალური ფრონტი სექსუალურ უმცირესობებს მხარს უჭერს.

ყველაზე მნიშვნელოვანი მაინც ეკონომიკური პლატფორმის ცვლილებაა. თუკი ადრე ნაციონალური ფრონტი ევროკავშირის მომხრე, თავისუფალი საბაზრო ეკონომიკის აბსოლუტიზმისა და მცირე ზომის მთავრობის დამცველად გამოდიოდა, დღეს პარტია ცალსახად ევროსკეპტიკურია, მოითხოვს ევროკავშირის დატოვებას, სავაჭრო ტარიფებისა და ბარიერების დაბრუნებას, მნიშვნელოვანი ეკონომიკური ობიექტების ნაციონალიზაციას და მკაცრ, პროტექციონისტულ ეკონომიკურ პოლიტიკას. მათ შორის, ნაციონალური ფრონტის პროგრამა მოიაზრებს სახელმწიფოს როლის უპრეცედენტო გაძლიერებას და ევროზონის დატოვების ალტერნატივად ძველი ფრანგული ვალუტის, ფრანკის დაბრუნებას.

მარინ ლე პენი აცხადებს, რომ მისი პარტიის ანტიელიტისტობა სხვა არაფერია, თუ არა „უბრალო ხალხისთვის" გასაგებად საუბარი და რომ უჩივლებს ყველას, ვინც ნაციონალურ ფრონტს ექსტრემისტულ ძალად მოიხსენიებს. საფრანგეთის სიტყვის თავისუფლების პრინციპებიდან გამომდინარე, მსგავსი სარჩელის წარმატების შანსი ძალიან მცირეა (ჟან-მარი ლე პენსაც ჰქონდა მსგავსი მცდელობა, მაგრამ სასამართლომ მისი სარჩელი არ დააკმაყოფილა). სამაგიეროდ, მომავალ ადგილობრივ არჩევნებზე ნაციონალური ფრონტი „ასობით და შესაძლოა ათასობით წარმომადგენლის" წარმატებით იმუქრება. ბევრისთვის გასაოცრად, პარტიას ცნობილი მსახიობი ალენ დელონი ღიად უცხადებს მხარდაჭერას.
ულტრამემარჯვენეთა მეორე კატეგორია ძირითადად ანტიგლობალისტური და ანტიიმიგრაციული იდეების გარშემო ერთიანდება და შედარებით ნაკლებად იყენებს მემარცხენე ეკონომიკურ ელემენტებს. მაგალითად გამოდგება ავსტრიული, ჰოლანდიური, ფინური, იტალიური, ბრიტანული, შვეიცარიული და ნორვეგიული ულტრამემარჯვენე და კონსერვატიული ანტიიმიგრაციული პარტიები.

ჩრდილოეთის ლიგის ლიდერი უმბერტო ბოსი და სენატორი რობერტო კალდეროლი
ფოტო: Reuters
იტალიური ჩრდილოეთის ლიგა ბოლო დროს სკანდალით მოექცა ყურადღების ცენტრში. 1991 წელს დაარსებული პოპულისტური პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა და სენატორმა რობერტო კალდეროლიმ კონგოდან ნატურალიზებული ინტეგრაციის მინისტრი სესილ კიენგე ორანგუტანგს შეადარა, მასობრივ კრიტიკას კი უპასუხა, რომ ეს უბრალოდ „მეგობრული ხუმრობა იყო" და „მას არ უთქვამს, რომ მინისტრი ორანგუტანგია, უბრალოდ, მისი ნაკვთები ორანგუტანგისას ჰგავს".
მსგავსი ყოვლად მიუღებელი რასისტული განცხადებების მიუხედავად, ჩრდილოეთის ლიგა საკმაოდ პოპულარულ პოლიტიკურ ძალად რჩება, რასაც მისი შიდასახელმწიფოებრივი პოზიცია განაპირობებს. ლიგას, როგორც მინიმუმ, იტალიის ფედერალურ სახელმწიფოდ გარდაქმნა სურს, თუმცა რეალურად, ეკონომიკურად წარმატებული ჩრდილოეთ იტალიის (რომელსაც პადანიად მოიხსენიებს) გამოყოფისთვისაც იბრძვის.

დამოუკიდებლობის ფრონტზე იბრძვის ბელგიური „ფლანდრიული ინტერესიც". ფლანდრიისა და ბრიუსელის რეგიონებში პოპულარული ულტრამემარჯვენე პარტია ბელგიიდან ფლანდრიის ჰოლანდიურენოვანი რეგიონის გამოყოფას, იმიგრაციაზე მკაცრი ლიმიტის დაწესებას, მულტიკულტურალიზმის უარყოფასა და იმიგრანტების ასიმილაციას მოითხოვს. 2004 წელს პარტიის წინააღმდეგ მიმდინარეობდა გამოძიება რასიზმის ნიადაგზე დისკრიმინაციისა და სიძულვილის ენის ბრალდებით, თუმცა მას შემდეგ ის, გარკვეულწილად, გარდაიქმნა. მათ შორის, შეიცვალა სახელიც. „ფლანდრიული ინტერესი", ფრანგული ნაციონალური ფრონტის მსგავსად, ცდილობს, საკუთარი იმიჯი რადიკალური პოლიტიკური ჯგუფიდან კონსერვატიულ პარტიამდე შეცვალოს, თუმცა, ჯერჯერობით, ვერ ახერხებს. შედეგად, აღმასრულებელი ხელისუფლების სხვა პარტიების მიერ დაბლოკილია – „სანიტარული კორდონითაა" გამოყოფილი. 2005 წელს ბელგიამ მიიღო კანონი, რომელიც „არადემოკრატიულ პარტიებს" სახელმწიფო დაფინანსების მიღების საშუალებას არ აძლევს. იმის გათვალისწინებით, რომ პოლიტიკური პარტიების დაფინანსება ინდივიდუალური ჯგუფების მიერ საკმაოდ შეზღუდულია, ხოლო სახელმწიფო დაფინანსებაზე ხელი არ მიუწვდება, „ფლანდრიულ ინტერესს" არ აქვს დიდი სახსრები კამპანიის საწარმოებლად და უახლოეს მომავალში მის დიდ წარმატებას არ უნდა ველოდოთ.

ავსტრიაში ულტრამემარჯვენე ფლანგზე ორი პარტია ფიგურირებს: 1956 წელს დაარსებული თავისუფლების პარტია 1990-იანი წლების მიწურულს მნიშვნელოვან ძალად აღმოცენდა, თუმცა დღეს არცთუ ისე პოპულარულია. ალიანსი „ავსტრიის მომავლისთვის" შედარებით ახალი პოლიტიკური ძალაა, რომელმაც 2013 წლის არჩევნებზე ეროვნულ ასამბლეაში ყველა ადგილი დაკარგა.

ავსტრიისგან განსხვავებით, საკმაო პოპულარობას ინარჩუნებს რადიკალი ანტიისლამისტი გერტ ვალდერსი და მისი თავისუფლების პარტია ჰოლანდიაში. 2005 წელს დაარსებული მოძრაობა წარმოდგენილია ეროვნულ და ევროპარლამენტში და 2012 წლამდე კარლ რუტეს მთავრობაში კოალიციურ პარტნიორადაც მონაწილეობდა. ვალდერსს გამორჩეულად ხისტი ანტიისლამური პოზიცია აქვს, ყურანს ჰიტლერის „Mein Kampf"-ს ადარებს და ძალადობრივი ბუნების გამო მის აკრძალვას ითხოვს, რითაც მნიშვნელოვნად განსხვავდება ჰოლანდიის ტრადიციული მემარჯვენე პარტიებისგან. პარლამენტარი „ჰოლანდიის ისლამიზაციის" კატეგორიული მოწინააღმდეგეა. ვალდერსის სიტყვები „მე არ მეზიზღება მუსლიმანები, მეზიზღება ისლამი" და მისი ანტიისლამური ფილმი „ფატნა" მას გამორჩეულად წინააღმდეგობრივ ფიგურად აქცევს. 2010 წელს, რამდენიმე თვით, ვალდერსს რასისტული პოზიციების გამო ბრიტანეთში შესვლა ჰქონდა აკრძალული, ხოლო არაერთმა ისლამურმა დაჯგუფებამ მას საღვთო ბრძოლა ანუ ჯიჰადი გამოუცხადა, რითაც, ფაქტობრივად, მისი მოკვლის ლიცენზია გასცა.

ვალდერსი ევროსკეპტიკოსია, ხოლო კულტურული განსხვავებების გამო, ეწინააღმდეგება თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანებას. მიუხედავად მკვეთრი სოციალური პოზიციებისა, ვალდერსი ამომრჩევლის მხარდაჭერას ძირითადად მაინც ეკონომიკურ ფაქტორებზე აპელირებით მოიპოვებს: ეწინააღმდეგება მდიდარი ევროპული ქვეყნების მიერ გაკოტრების პირას მყოფი თანამოკავშირეების „გამოსყიდვას" და იცავს სოციალური სახელმწიფოს იდეებს.

საკმაოდ პოპულარულია ანტიიმიგრაციული, ქსენოფობიური პარტიები ფინეთში, ნორვეგიასა და შვეიცარიაშიც. ამ უკანასკნელის მოსახლეობის 24% უცხოეთშია დაბადებული, რაც, წესით, განსხვავებულისადმი მეტი ღიაობის მანიშნებელი უნდა იყოს. მიუხედავად ამისა, მემარჯვენე პოპულისტმა სახალხო პარტიამ რეფერენდუმის ძალით აკრძალა ქვეყანაში მინარეთების მშენებლობა. ნორვეგიაში ეთნიკური ნიშნით მიუღებლობის ნიადაგზე ანდერს ბრეივიკის მიერ ჩადენილი მასობრივი მკვლელობის მიუხედავად, მოსახლეობის დაახლოებით მეოთხედი მაინც ულტრამემარჯვენე, ანტიგლობალისტურ განწყობებს იზიარებს. რადიკალური პარტიის ზრდას ელიან გერმანიაშიც. სავარაუდოდ, საერთო ვალუტის მოწინააღმდეგე „ალტერნატივა გერმანიისთვის" წარმომადგენლობით ორგანოებში დამატებით ადგილებს მოიპოვებს.

მდგომარეობა განსხვავებულია დიდ ბრიტანეთში, სადაც მიუხედავად მზარდი ანტიგლობალისტური სენტიმენტებისა, ულტრამემარჯვენე იდეოლოგია პოლიტიკური პროცესების მნიშვნელოვანი ნაწილი ვერ გახდა. მიუხედავად იმისა, რომ ბრიტანეთის ნაციონალური პარტია და ინგლისის უსაფრთხოების ლიგა გარკვეული მხარდაჭერით სარგებლობენ, მათი გავლენა რეალურად ძალიან მცირეა. ბრიტანეთის მრავალსაუკუნოვანი ლიბერალური ტრადიციის გათვალისწინებით, აქ რადიკალურ პარტიებს წარმატების ნაკლები შანსი აქვთ, შესაბამისად, მათაც უწევთ არსებული, დამკვიდრებული პოლიტიკური სისტემის ფარგლებში მოქმედება, რადგანაც ძალადობისკენ მოწოდება უბრალოდ წაგებიანია.

თუმცა ეს სულაც არ ნიშნავს, რომ ბრიტანეთში რადიკალური განწყობები არ არსებობს. საზოგადოებრივმა კვლევამ „ახალი პოლიტიკა და იდენტობა", რომელიც 2 წლის წინ ჩატარდა, დაადგინა, რომ მოსახლეობის 52%-ის აზრით, მუსლიმანები დიდ ბრიტანეთში პრობლემებს ქმნიან. 60% თვლის, რომ ბრიტანეთისთვის იმიგრაცია „ცუდია". ასევე, ინგლისური იდენტობა მძლავრობს საერთო ბრიტანულზე – გამოკითხულთა 39%-ს ურჩევნია საკუთარი თავი მოიხსენიოს ინგლისელად, ვიდრე ბრიტანელად. მხოლოდ ძალიან მცირე რაოდენობა – 5% მიიჩნევს თავს პირველ რიგში ევროპელად. საინტერესოა, რომ გამოკითხულთა 48% მხარს დაუჭერდა პარტიას, რომელიც წინ წამოსწევდა ინგლისურ ინტერესებს, შექმნიდა ინგლისურ პარლამენტს, მკაცრად გააკონტროლებდა იმიგრაციას და არ დაუშვებდა ისლამურ ექსტრემიზმს – იმ პირობით, რომ ეს პარტიები არ გამოიყენებდნენ ძალადობას. შესაბამისად, ძალადობრივი ულტრარადიკალური პოზიციებისგან თავს იკავებს წარსულში რასობრივი სიძულვილის გაღვივებისთვის გასამართლებული ბრიტანეთის ნაციონალური პარტიის ლიდერი ნიკ გრიფინიცკი.

„ატაკას” ლიდერი ვოლენ სიდეროვი
ფოტო: Reuters
აღსანიშნავია, რომ შიდაპოლიტიკურ ისტებლიშმენტზე გაბრაზებული ამომრჩევლის წყალობით, შესაძლოა, 2014 წლის არჩევნებზე რადიკალურმა მემარჯვენეებმა შეძლონ და ევროპარლამენტში საკუთარი დაჯგუფების შესაქმნელად საჭირო მანდატები მოიპოვონ. ასეთი გაერთიანება – „იდენტობა, ტრადიცია, სუვერენიტეტი" – ევროპარლამენტში 2007 წელსაც შეიქმნა, მაგრამ მალევე დაიშალა შიდა დაპირისპირების გამო. ამჯერად, ჯგუფი შესაძლოა უფრო მყარი აღმოჩნდეს, რაც ევროპარლამენტის მუშაობაზე ექსტრემალი მემარჯვენეების გავლენას გააძლიერებს.

ევროპელი ამომრჩევლის რადიკალური განწყობები ულტრამემარცხენეების გაძლიერებასაც იწვევს. პოლიტიკური კომენტატორების პროგნოზების მიხედვით, ჰოლანდიელი რადიკალი სოციალისტების მხარდაჭერა იმატებს. ჩეხეთის კომუნისტურ პარტიას 1989 წლის შემდეგ პირველად აქვს მთავრობაში მოხვედრის რეალური შანსი. ულტრამემარცხენე მოძრაობა სირიზა, 2012 წლიდან მოყოლებული, საბერძნეთის პარლამენტში მეორე უდიდესი პარტიაა. გერმანიაში ახლახან გამართული ეროვნული საპარლამენტო არჩევნების შედეგად, ულტრამემარცხენე Die Linke – სოციალ-დემოკრატების და ყოფილი კომუნისტების გაერთიანება – პარლამენტში მესამე ძალად მოგვევლინა.

საქმე ისაა, რომ ხშირად ექტრემისტული პარტიებისადმი მხარდაჭერა საპროტესტო ნოტაა არსებული პოლიტიკისა და მმართველი პოლიტიკური წრის წინააღმდეგ. პოპულისტები კარგად იყენებენ იმ ფაქტს, რომ „უბრალო ხალხს" ნაკლებად აინტერესებს მთავრობის წარუმატებლობის მიზეზები და სჭირდება რეალური ალტერნატივა. საგულისხმოა ისიც, რომ რადიკალების პოპულარობის მიზეზები მხოლოდ ეკონომიკურ პერფორმანსთან არ არის დაკავშირებული და საკითხი ბევრად უფრო რთული და კომპლექსურია. ნოტინგემის უნივერსიტეტის მკვლევარი მეთიუ გუდვინი მიიჩნევს: „ქსენოფობიური პარტიების წარმატების პოტენციალი იკვეთება ევროპის მასშტაბით ყველგან: განვითარებული ეკონომიკისა და სამმაგი A საკრედიტო რეიტინგის მქონე ჰოლანდიიდან დაწყებული, გაკოტრებული საბერძნეთით დამთავრებული". შესაბამისად, იგი ასკვნის, რომ საქმე ევროპული იდენტობის კრიზისთან გვაქვს.

ამ ფონზე, ტრადიციულ პოლიტიკურ ელიტას უჭირს, საკადრისი პასუხი გასცეს მზარდ რადიკალიზმს. საფრანგეთის პრეზიდენტი ფრანსუა ოლანდი აღიარებს, რომ მომავალ ევროპარლამენტში „ანტიევროპელებს შესამჩნევი წილი" ექნებათ, რამაც „რეგრესისა და პარალიზებისკენ შეიძლება წაგვიყვანოს". ოლანდის აზრით, ამაში მთავარი წვლილი ქსენოფობიას მიუძღვის, რაც მიუღებელია.

ბრიტანეთში წამყვანი პარტიები ინგლისის ნაციონალიზმზე აპელირებას აფასებენ, როგორც „ძალიან რეალურ საფრთხეს", თუმცა რეალურ ქმედებებს აქაც ნაკლებად ვხედავთ. ფრანგული ჟურნალის – Le Monde-ის შეფასებით, ფრანგი ულტრამემარჯვენეების პროგრამა წარმოადგენს „არარეალურ ციფრებს და რეალურ საფრთხეს", ნაციონალურ ფრონტში კი თვლიან, რომ „ტექტონიკური ფილები დაიძრა" და მათი წარმატება შეუქცევადია. ასეთი ოპტიმიზმი მაინც ნაადრევია. ტრადიციული პარტიების მხრიდან მეტი ძალისხმევის შემთხვევაში, ნაკლებად სავარაუდოა, რომ ევროპელმა ამომრჩეველმა ტრადიციული ლიბერალური ღირებულებები რადიკალიზმის სასარგებლოდ დათმოს.

კომენტარები