აშშ

Pax Americana-ს დასასრული?

ობამას ადმინისტრაციის საგარეო პოლიტიკა და კრიზისი სირიაში

2008 წელს ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტად ბარაკ ობამას არჩევამ ახალი პარადიგმა შექმნა საერთაშორისო ურთიერთობებში. თუ მანამდე უმცროსი ბუშის ადმინისტრაცია თავის საგარეო პოლიტიკას, მისი მხარდამჭერების დეკლარირებით, „ვილსონურ" პრინციპებზე აფუძნებდა, ე.ი. ლიბერალური დემოკრატიის გავრცელებას მსოფლიო მასშტაბით უმთავრეს პრიორიტეტად მიიჩნევდა, ობამამ „რეალიზმის" სახელით ამერიკის საერთაშორისო ჩართულობა თანდათან შეასუსტა.

პრიორიტეტების ცვლილებას ადგილი ჰქონდა არა მხოლოდ ზოგადი სტრატეგიის დონეზე, არამედ ცალკეულ ქვეყნებთან და რეგიონებთან მიმართებითაც. რუსეთის მიმართ ბუშის ადმინისტრაციის შედარებით ხისტი პოზიცია შეიცვალა დამთმობლური „გადატვირთვის" პოლიტიკით იმ იმედით, რომ რუსეთი პოზიტიურ სიგნალებს ასევე შემხვედრი კომპრომისით უპასუხებდა. ახლო აღმოსავლეთში ობამას მთავარ მიზანს ისრაელ-პალესტინური შეთანხმება წარმოადგენდა, რაც ისრაელზე ზეწოლით უნდა მიღწეულიყო. სხვა მხრივ, ახლო აღმოსავლეთის მნიშვნელობა ამერიკული პოლიტიკისთვის შემცირდა აღმოსავლეთ აზია/წყნარი ოკეანის რეგიონის მნიშვნელობის გაზრდის ხარჯზე.

თუმცა 2011 წლის თებერვალში არაბული რევოლუციების ან, როგორც ოპტიმისტები ამ მოვლენას უწოდებენ, „არაბული გაზაფხულის" დაწყებამ ახლო აღმოსავლეთში, ეს რეგიონი კიდევ ერთხელ მოაქცია აშშ-ის საგარეო პოლიტიკის ფოკუსში. თუ აშშ-ის მოკავშირე ქვეყნებში, ტუნისსა და ეგვიპტეში, ხელისუფლების ცვლილება დიდწილად მშვიდობიანად განხორციელდა, ლიბიასა და სირიაში ამან სისხლისმღვრელი სამოქალაქო ომების ხასიათი მიიღო. ასადის რეჟიმის გეოპოლიტიკურმა ალიანსმა რუსეთთან და ირანთან სირია ამერიკის დღევანდელი ადმინისტრაციის საგარეო პოლიტიკის ტესტად აქცია.

ჩაურევლობის პოლიტიკის შედეგები

სირიაში ამბოხების დაწყებისთანავე ამერიკამ ბაშარ ასადის მიმართ ისეთივე პოზიცია დაიკავა, როგორიც სხვა არაბი დიქტატორებისადმი: ბარაკ ობამამ მას გადადგომისაკენ მოუწოდა. თუმცა რუსეთის და ირანის მხრიდან დიპლომატიური, სამხედრო და ფინანსური დახმარებით ზურგგამაგრებულმა დიქტატორმა საკუთარი მოსახლეობის წინააღმდეგ სამოქალაქო ომის წარმოება ამჯობინა.

განსხვავებით ლიბიისგან, სირიის შემთხვევაში ობამამ უშუალო სამხედრო ჩარევაზე თავდაპირველად უარი თქვა, რის ერთ-ერთ მიზეზადაც რუსეთის (და შესაძლოა, ჩინეთის) მიერ გაეროს უშიშროების საბჭოში ინტერვენციის გადაწყვეტილებაზე ვეტოს დადების შესაძლებლობა დასახელდა. ინტერვენციის მოწინააღმდეგეთა მოსაზრებით, ასევე არსებობდა ტარტუსის სამხედრო ბაზაზე მყოფ რუსებთან უშუალო კონფრონტაციის და ომის რეგიონის სხვა ქვეყნებზე, კერძოდ კი, ლიბანსა და ისრაელზე, გავრცელების საფრთხეც, რაზეც სირიისა და ირანის მოკავშირე ლიბანური ტერორისტული ორგანიზაცია ჰეზბოლა იზრუნებდა.

ამერიკის ადმინისტრაციის ჩაურევლობის პოლიტიკამ უფრო მძიმე შედეგები მოიტანა, ვიდრე ინტერვენციის შემთხვევაში იყო მოსალოდნელი.

თუმცა, როგორც შემდეგ გამოიკვეთა, ამერიკის ადმინისტრაციის ჩაურევლობის პოლიტიკამ უფრო მძიმე შედეგები მოიტანა, ვიდრე ინტერვენციის შემთხვევაში იყო მოსალოდნელი. რეგიონის სუნიტური ქვეყნები, განსაკუთრებით საუდის არაბეთი, ყატარი და თურქეთი მეამბოხეთა მხარეზე დადგნენ და ასადის მოწინააღმდეგეების ფინანსური და სამხედრო-ტექნიკური მხარდაჭერა დაიწყეს. ამან სირიის სამოქალაქო ომს საბოლოოდ მისცა „მოადგილეების ომის" ხასიათი, რისი მსხვერპლიც სირიის სამოქალაქო მოსახლეობა გახდა. რუსეთი და ირანი აგრძელებენ ასადის არმიის მომარაგებას იარაღით, ხოლო ჰეზბოლა 2012 წლის ბოლოდან აქტიურადაა ჩაბმული საბრძოლო მოქმედებებში ასადის მხარეს.

ამრიგად, აშშ-ის ჩაურევლობის პოლიტიკის შედეგად, ახლო აღმოსავლეთში უკვე გათამაშდა ის სცენარი, რაც მთელ მსოფლიოშია მოსალოდნელი, თუკი აშშ დაუბრუნდება ტრადიციულ იზოლაციონისტურ პოლიტიკას, რომელიც მას XIX საუკუნეში ჰქონდა. XIX საუკუნის ევროპის მსგავსად, თანამედროვე ახლო აღმოსავლეთში არსებობენ სახელმწიფოთა ალიანსები, რომლებიც არსებული ძალთა ბალანსის დაცვას (საუდის არაბეთი, ეგვიპტე) ან შეცვლას (ირანი) ისახავენ მიზნად. საუდის არაბეთისა და ირანის მეთაურობით, ფაქტობრივად, ჩამოყალიბებულია სამხედრო ბლოკები, რომელთა შორის უშუალო სამხედრო კონფრონტაციას აქამდე აშშ-ის გავლენა უშლიდა ხელს. ამჟამად სირია ამ სამხედრო ბლოკებისთვის ძალის გამოსაცდელ პოლიგონად და ფრონტის ხაზად იქცა.

ამერიკის მერყევი კურსი

სირიაში ინტერვენციის იდეისადმი სკეპტიკური დამოკიდებულების მიუხედავად, ობამა იძულებული იყო ანგარიში გაეწია ამერიკული და საერთაშორისო საზოგადოებრიობის იმ ნაწილისათვის, რომელიც ამერიკის პრეზიდენტის აქტიურობას ითხოვდა სირიაში მოსალოდნელი ჰუმანიტარული კატასტროფის თავიდან ასაცილებლად. 2012 წლის აგვისტოში ობამამ სირიის მთავრობა გააფრთხილა, არ გამოეყენებინა ქიმიური იარაღი (რომელიც სირიამ მისი რუსი მოკავშირისგან ისრაელის უპირატესობის გასანეიტრალებლად მიიღო) სამოქალაქო ომში. წინააღმდეგ შემთხვევაში, აშშ სამხედრო დარტყმას მიაყენებდა ასადის რეჟიმს.

ეს იყო ობამას მიერ გავლებული მკაფიო „წითელი ხაზი", რაც იმას ნიშნავდა, რომ მისი გადაკვეთის შემთხვევაში, ამერიკის პრეზიდენტი იძულებული იქნებოდა აქტიურ სამხედრო მოქმედებებზე გადასულიყო, რათა თავიდან აეცილებინა შთაბეჭდილება, რომ მისი მუქარა მხოლოდ ცარიელი სიტყვებია. კომენტატორების უმრავლესობა მიიჩნევს, რომ ობამამ ეს წითელი ხაზი იმ რწმენით გაავლო, რომ მისი მუქარა გაჭრიდა და ასადი ქიმიური იარაღის გამოყენებას ვერ გაბედავდა.

თუმცა ყველაფერი სხვაგვარად მოხდა. 2013 წლის 21 აგვისტოს დამასკის ერთ-ერთ გარეუბანში გამოყენებულ იქნა გაზი სარინი, რომლის დიდ მარაგსაც ფლობს სირიის მთავრობა. გაეროს მისიის მიერ ჩატარებულმა ფაქტების მოკვლევამ აჩვენა, რომ ქიმიური იარაღი სირიის მთავრობამ გამოიყენა.

საპასუხოდ, ობამას ადმინისტრაციამ სირიაში სამხედრო დარტყმების განხორციელების შესახებ განაცხადა, თუმცა ამერიკული ინტერვენციის მოცულობა გაურკვეველი რჩებოდა, რადგან ობამას ბაშარ ასადის დამხობა ამერიკული სამხედრო ოპერაციის მიზნად არ გამოუცხადებია. ოპერაციის მასშტაბების შემდგომი დაკონკრეტებისას გაირკვა, რომ მიზანი არა სირიაში რეჟიმის შეცვლა, არამედ სადამსჯელო ოპერაციის განხორციელება იქნებოდა. თუმცა ობამამ ამ მცირემასშტაბიანი ოპერაციის განხორციელებაც გადაიფიქრა, როგორც კი ცხადი გახდა, რომ მას ამერიკის მოკავშირეების უპირობო მხარდაჭერა არ ექნებოდა დიდი ბრიტანეთის პარლამენტის მიერ სირიაში სამხედრო ძალის გამოყენების წინააღმდეგ ხმის მიცემის შემდეგ.

სირიაში სამხედრო მოქმედებებზე თანხმობის მისაღებად ობამამ კონგრესს მიმართა, მიუხედავად იმისა, რომ პრეზიდენტი აშშ-ის კონსტიტუციით ვალდებული არ არის ამგვარი ნაბიჯი გადადგას. ამასობაში, საქმეში რუსეთი ჩაერთო და პრობლემის არასამხედრო გზით გადაჭრის ინიციატივა წამოაყენა, რომლის მიხედვითაც სირიამ თავისი ქიმიური იარაღი საერთაშორისო კონტროლს უნდა დაუქვემდებაროს. 2013 წლის 14 სექტემბერს ამერიკელმა და რუსმა დიპლომატებმა გამოაცხადეს, რომ მიაღწიეს შეთანხმებას სირიის ქიმიური იარაღის მომავალი ბედის შესახებ. ამერიკის სამხედრო იერიში ასადის წინააღმდეგ დღის წესრიგიდან მოიხსნა.

ახალი გეოპოლიტიკური ბალანსი

ამგვარად, ობამამ დაარღვია პირობა, რომ სირიის მიერ წითელი ხაზის გადაკვეთას ავტომატურად მოჰყვებოდა ამერიკის ძალისმიერი პასუხი. ასეთ ქმედებას პრეცედენტი არ აქვს შეერთებული შტატების მთელ ისტორიაში, რამდენადაც მსოფლიომ პირველად დაინახა, რომ ამერიკის პრეზიდენტის მიერ გავლებული წითელი ხაზის გადაკვეთა დაუსჯელად არის შესაძლებელი. ამის აუცილებელი შედეგი იქნება ამერიკის საერთაშორისო ავტორიტეტის დაცემა და, შესაბამისად, გლობალურ პროცესებზე ამერიკული გავლენის შესუსტება.

ამერიკულ-რუსული შეთანხმება არც იმის გარანტიას იძლევა, რომ სირიის ქიმიური იარაღი ნამდვილად გატანილი იქნება ქვეყნის ფარგლებს გარეთ და დაექვემდებარება საერთაშორისო კონტროლს. შეთანხმების შესრულება დამოკიდებულია ბაშარ ასადის კეთილ ნებაზე, ხოლო მისი შეუსრულებლობა ითვალისწინებს საკითხის გაეროს უშიშროების საბჭოში განხილვას, სადაც ასადის პროტექტორ და მისთვის იარაღის მიმწოდებელ რუსეთს ვეტოს უფლება აქვს.

ამერიკის უკანდახევა ასადის რეჟიმის განმტკიცებას გამოიწვევს და ახლო აღმოსავლეთში ახალი გეოპოლიტიკური ბალანსის ჩამოყალიბებას შეუწყობს ხელს, სადაც რუსეთის, ირანისა და სირიის ანტიდასავლური ალიანსი წამყვან როლს ითამაშებს. ირანის დარწმუნება, ხელი აიღოს ბირთვულ პროგრამაზე, უფრო გართულდება, რადგან მოლების რეჟიმს ამერიკის მიერ სამხედრო ძალის გამოყენების შესაძლებლობა იმდენად ვეღარ შეაშინებს, რომ ობამას სხვა წითელი ხაზის გადაკვეთას მოერიდონ. მოვლენების ამგვარი განვითარება ეგზისტენციალურ საფრთხეს შეუქმნის არაბეთის ნახევარკუნძულის პროამერიკული რეჟიმების სტაბილურობას, რომელთა შიიტურ უმცირესობებს ირანი თავისი ექსპანსიონისტური მიზნების იარაღად იყენებს. ასევე იზრდება ისრაელის მიერ ირანის წინააღმდეგ ძალის საერთაშორისო მხარდაჭერის გარეშე გამოყენების შანსიც, რაც მთელ რეგიონს ძნელად გასათვლელ რისკებს მოუტანს.

ასადის წარმატება საკუთარი რეჟიმის გადარჩენის საქმეში გაზრდის ცდუნებას მთელ მსოფლიოში ყველა ავტორიტარული და დესპოტური რეჟიმისთვის, იპოვონ გავლენიანი მფარველი რუსეთის ან, შესაძლოა, ჩინეთის სახით, რათა საგარეო მხარდაჭერის მეშვეობით მიიღონ ძალაუფლების შენარჩუნების გარანტია. ასეთი ტენდენცია ააღორძინებს „ცივი ომის" ეპოქისთვის დამახასიათებელ მეტოქეობას ე.წ. მესამე სამყაროს ქვეყნებში და დააზარალებს დასავლური ლიბერალური და დემოკრატიული ღირებულებების გავრცელების საქმეს, რამდენადაც წინა პლანზე გეოპოლიტიკური მეტოქეობა წამოიწევს და აშშ-ის ადმინისტრაციას გაუძნელდება ქვეყნების შიგნით ადამიანის უფლებების შელახვისა და ანტიდემოკრატიული ექსცესების კრიტიკა იმის შიშით, რომ მოცემული ქვეყნის მთავრობა მეტოქე ზესახელმწიფოს ბანაკში გადაბარგდება. მართალია, ასეთი პერსპექტივა დღესდღეობით რეალური ჯერ კიდევ არ არის, მაგრამ აშშ-ის მხრიდან გლობალური ჰეგემონიის შემდგომი დათმობის შემთხვევაში, მსოფლიო დიდი ალბათობით მიიღებს ვლადიმირ პუტინის მიერ 2007 წლის მიუნხენის კონფერენციაზე სასურველ მოდელად პროკლამირებულ „მულტიპოლარულ" წესრიგს, რომელიც Pax Americana-ს ჩაანაცვლებს.

ობამას ადმინისტრაციის სირიული ფიასკო მხოლოდ პუტინის რუსეთს აძლევს ხელს. ახლო აღმოსავლეთში ამერიკის ჰეგემონიის შესუსტება და ამით გამოწვეული არასტაბილურობა მსოფლიო ბაზარზე ნავთობის ფასების მატებას უწყობს ხელს, რითიც რუსეთი ხეირობს. ამერიკის მიერ დემოკრატიის და ადამიანის უფლებების მხარდაჭერას მთელი მსოფლიოს მასშტაბით, კრემლის ავტოკრატი და კორუმპირებული მმართველები სასიკვდილო საფრთხედ აღიქვამენ და ყველანაირი ხერხით ცდილობენ ამერიკული პოლიტიკისთვის ხელის შეშლას მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში, რათა პიროვნული თავისუფლებისა და წარმომადგენლობითი ხელისუფლების ამერიკული იდეა საერთო-საკაცობრიო იდეალი არ გახდეს და მათ რეჟიმს რუსეთშიც არ გამოუთხაროს ძირი. სირიის ფრონტზე მათ ამჯერად წარმატებას მიაღწიეს.

კომენტარები