ვილნიუსის სამიტი

გიორგი მარგველაშვილი: ვილნიუსის სამიტზე უაღრესად კარგი შედეგით მივდივართ

გიორგი მარგველაშვილი
გიორგი მარგველაშვილის პრესსამსახური

საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის შეფასებით, "ვილნიუსის სამიტზე ჩვენ, როგორც ქვეყანა, უაღრესად კარგი შედეგით მივდივართ". როგორც მარგველაშვილმა ჟურნალისტებს ვაზიანის სამხედრო ბაზაზე განუცხადა, საქართველომ ჩაატარა ევროპული არჩევნები, რაც ევროპის წინაშე წარდგომისთვის უაღრესად კარგი წინაპირობაა.

"ჩვენ მიგვაჩნია, რომ საქართველო არის ევროპის განუყოფელი ნაწილი და ბოლოდროინდელი პოლიტიკური პროცესებიდან გამომდინარე, ამის დასამტკიცებლად კარგი საბუთებიც გაგვაჩნია. ჩვენ ამაზე გავაკეთებთ აქცენტს და ასევე ვისაუბრებთ სამომავლო გეგმებზე, რომელიც გვაქვს ასოცირების პარაფირებიდან ხელმოწერამდე", - განაცხადა მარგველაშვილმა. 

ჟურნალისტებმა პრეზიდენტს ჰკითხეს, რამდენად შესაძლებელია, უკრაინის მაგალითი საქართველოზეც აისახოს ასოცირების შეთანხმებასთან დაკავშირებით. გიორგი მარგველაშვილის თქმით, ქართული საზოგადოება და პოლიტიკური სპექტრი ერთიანია იმ ხედვაში, რომ საქართველო ევროპული ოჯახის წევრია.

"ჩვენ ძალიან ნათლად გავუსვით ხაზი იმას, რომ ეს არის ის არჩევანი, რომლის ირგვლივაც ფაქტობრივად კონსოლიდირებულია მთელი საზოგადოება. შესაბამისად, ნებისმიერ სირთულეს და გამოწვევას, რომელიც შეიძლება გვქონდეს, ჩვენ ერთად გადავლახავთ, როგორც სახელმწიფო, როგორც საზოგადოება. ბუნებრივია, ის ამბიციური გეგმა, რომელიც გვაქვს, რომ პარაფირებიდან ერთ წელიწადში ხელი მოვაწეროთ ხელშეკრულებას, რჩება ჩვენი მთავრობის მთავარ სტრატეგიად", - აღნიშნა მარგველაშვილმა.

კომენტარები