ჟურნალისტების უფლებადამცველი საერთაშორისო ორგანიზაცია Reporters Without Borders (რეპორტიორები საზღვრებს გარეშე) მიიჩნევს, რომ მედიას მსოფლიოში 39 სახელმწიფო ლიდერი მტრობს. მედიაზე მონადირეთა სიაში ჩინეთის, ჩრდილოეთ კორეის, ირანისა და სხვა ქვეყნის ლიდერებთან ერთად, საქართველოს მეზობელი სახელმწიფოების - რუსეთისა და აზერბაიჯანის მეთაურებიც არიან შეყვანილი.
თითოეული ლიდერის გასწვრივ ორგანიზაციის ვებგვერდზე გამოქვეყნებულია ჩანაწერები სათაურით "იდუმალი ფიქრები", სადაც პირველ პირში მოთხრობილია იმ ფაქტების შესახებ, თუ რატომ არის მედიაზე მონადირედ სახელმწიფოს ეს მეთაური მიჩნეული.
"იმიტომ, რომ აზერბაიჯანი მამაჩემისგან მივიღე მემკვიდრეობით. დიდი ხნის განმავლობაში ეგონათ, რომ მე ვიყავი სანდომიანი ახალგაზრდა, რომელსაც ხისტი პოლიტიკისადმი ჰქონდა მცირე მიდრეკილება. ეს დიდი შეცდომაა! ყველაფერს მე ვაკონტროლებ. თუ რომელიმე ჟურნალისტი მე, ჩემს ცოლს, ან ჩემს პარტნიორს რამენაირად შეეხება ქება-დიდების გარდა, ის ძალიან მალე გაიგებს თუ რას წარმოვადგენ მე. სიკვდილის საფრთხე, გატაცება - ჩემს დანაშაულებს ვერაფერი შეაჩერებს. თუმცა, ეს ხელს არ გვიშლის, რომ ხანდახან ტაქტიანად მოვიქცეთ. სექსუალური ცხოვრების ამსახველი ფარული ჩანაწერები, ჭორები და ბინძური კამპანიები ხშირად საკმარისია, რომ ჩვენი ოპონენტები ჭკუით მოიქცნენ. პირდაპირ და არაპირდაპირ მე ვაკონტროლებ ყველა ტელევიზიას. ჩვენ ავკრძალეთ BBC, 2009 წლიდან გავთიშეთ რადიო თავისუფალი ევროპა და ამერიკის ხმა, რადგან ისინი ქმნიდნენ პრობლემებს. ჩემიანებმა იმდენი ინადირეს ოპოზიციურ პრესაზე, რომ ძალიან ცოტა დარჩა, ეს კი სრულიად საკმარისია საზღვარგარეთ იმის სათქმელად, რომ დემოკრატია გვაქვს - Reporters Without Borders პირველ პირში ასე აღწერს აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევის იდუმალ ფიქრებს. სტატიაში ასევე საუბარია აზერბაიჯანში ბლოგერების დევნასა და იმაზეც, რომ ილჰამ ალიევის ძალაუფლებას ქვეყანაში ნავთობით მოპოვებული დოლარები ამყარებს.
Reporters Without Border წერს, რომ ვლადიმირ პუტინმა ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, 2000 წლიდან, რუსეთის ფედერაციაში კრემლის პირდაპირ ან არაპირდაპირ კონტროლს დაუქვემდებარა ყველა ნაციონალური ტელემაუწყებელი, შეზღუდა გამოხატვის თავისუფლება, არასამთავრობო სექტორი კი უცხო ქვეყნის ჯაშუშებად გამოაცხადა. ორგანიზაცია ასევე წერს, რომ პუტინის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ რუსეთში სულ მცირე 29 ჟურნალისტი მოკლეს, რომელთა საქმეები პირდაპირ უკავშირდება რუსეთის პრეზიდენტს.
Reporters Without Borders-ს მტაცებელთა სიაში იმ სახელმწიფოების ლიდერები ჰყავს შეყვანილი, სადაც ჟურნალისტებს, ბლოგერებსა და სამოქალაქო აქტივისტებს აპატიმრებენ, კლავენ, ხურავენ მედიასაშუალებებს, ემუქრებიან და დევნიან.
ამ სიაში შეყვანილნი არიან შემდეგი ქვეყნების ლიდერები: ავღანეთი, საუდის არაბეთი, აზერბაიჯანი, ბაჰრეინი, ბელარუსი, ჩინეთი, კოლუმბია, ჩრდილოეთ კორეა, კუბა, ერიტრეა, გამბია, ეკვატორის გვინეა, ირანი, იტალია, ჰონდურასი, ყაზახეთი, ლაოსი, მალდივები, მექსიკა, ნიგერია, უზბეკეთი, პაკისტანი (3 ლიდერი), ფილიპინები, რუსეთი, რუანდა, შრი ლანკა, სვაზილენდი, სირია, თურქმენეთი, ვიეტნამი, ზიმბაბვე.





