პრეზიდენტის ინაუგურაცია

სააკაშვილი: ჩემი დასწრება ინაუგურაციაზე შეუძლებელია

www.chveniambebi.info

საქართველოს მოქმედი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი გიორგი მარგველაშვილის ინაუგურაციაზე დასწრებასთან დაკავშირებით, საკუთარ დამოკიდებულებაზე Facebook-ის ოფიციალურ გვერდზე წერს. მისი თქმით, ყოველთვის წარმოედგინა, რომ ახალი პრეზიდენტის ინაუგურაციას დაესწრებოდა იმის მიუხედავად თუ რომელი პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელი იქნებოდა. 

"ვფიქრობდი, რომ მე და სანდრა დავხვდებოდით ახალ პრეზიდენტს პრეზიდენტის სასახლეში, როგორც ეს ხდება მაგალითად, ამერიკის შეერთებულ შტატებში ან სხვა დემოკრატიებში, შევუძღვებოდით მას შენობაში და გადავცემდით არა მარტო შენობას, არამედ, პრეზიდენტის ინსტიტუტს.  ასეთი მშვიდი გადაბარება იქნებოდა სიმბოლო სახელმწიფოებრიობის განგრძობითობის, დადასტურება ჩვენი დემოკრატიის შთამბეჭდავი პროგრესისა და ნიშანი იმისა, რომ ჩვენ ყველა საქართველოს შვილები ვართ და მშვიდობიანი თანაცხოვრება შეგვიძლია. ცერემონიის შემდეგ დავტოვებდი შენობას და წავიდოდი ჩემს ოჯახთან ერთად დასასვენებლად, ან ვისადილებდი ჩემს მეგობრებთან და პოლიტიკურ თანამოაზრეებთან ერთად. ეს იქნებოდა ძალიან ნორმალური და ყოველთვის ვოცნებობდი, რომ ასე დამესრულებინა ჩემი პრეზიდენტობის 10-წლიანი ვადა" - წერს მიხეილ სააკაშვილი და აღნიშნავს, რომ ძალაუფლების გადაცემის არსებულმა რეალობამ ამ ოცნების ასრულება შეუძლებელი გახადა.

"გასული წლის ოქტომბრის არჩევნების შემდეგ, როდესაც ჩემმა მთავრობამ ძალაუფლება მშვიდობიანად გადასცა ახალ მთავრობას, ჩვენ იმაზე მეტი გავაკეთეთ, ვიდრე კონსტიტუცია გვავალდებულებდა და ახალ უმრავლესობას გადავაბარეთ ძალოვანი სამინისტროებიც, რომლებიც ამჟამინდელი კონსტიტუციით პრეზიდენტს ექვემდებარებიან. ჩვენ ერთგვარი ტრენინგიც ჩავუტარეთ მათ ახალ თანამდებობებზე, სახელმწიფო ბიუჯეტში კი, რამდენიმე მილიარდი დავუტოვეთ. მოვლენათა სამწუხარო განვითარებამ ამ ჩვეულებრივი ოცნების ასრულება შეუძლებელი გახადა. ერთი წლის წინ ჩვენ ვიცოდით, თუ რამდენად დაძაბული იქნებოდა თანამშრომლობა ახალ ხელისუფლებასთან. ჩვენ არ გვქონდა მადლიერებისა და დიდსულოვნების მოლოდინი 2012 წლის არჩევნებში გამარჯვებული ძალის მხრიდან, გვესმოდა, რომ ბევრი მნიშვნელოვანი პროექტი შეჩერდებოდა, ბევრი რეფორმა უკან წავიდოდა და ზოგადად მათი პოლიტიკა იქნებოდა სრულიად განსხვავებული ჩვენი პოლიტიკისგან. მაგრამ ხალხმა არჩევანი გააკეთა და ჩვენ ყოველთვის პატივს ვცემთ ქართველი ხალხის, ჩვენი საერთო და უზენაესი ბატონის, ნებას. არა, ჩვენ მოკრძალებული იმედები გვქონდა; უბრალოდ ვიმედოვნებდით, რომ ისინი პატივისცემით მოეპყრობოდნენ კონსტიტუციას, მათთვის მისაღები იქნებოდა ინსტიტუტებისადმი ლოიალურად განწყობილი ძლიერი ოპოზიციის არსებობა, თავს შეიკავებდნენ სასამართლოს გამოყენებისაგან მისივე განადგურებისთვის და მოახდენდნენ მთელი ენერგიის კონცენტრაციას ჩვენი ქვეყნის მომავალზე და არ მიეჯაჭვებოდნენ წარსულს" - აცხადებს საქართველოს მოქმედი პრეზიდენტი და აღნიშნავს, რომ ყველაფერი სრულიად საპირისპიროდ მოხდა.

"მათ დაკითხეს ნაციონალური მოძრაობის ათასობით აქტივისტი, ასზე მეტ ჩვენს ყოფილ თანამდებობის პირს თუ პარტიის აქტიურ ლიდერს ბრალი წაუყენეს, ისეთი მნიშვნელოვანი ფიგურები, როგორებიც არიან ბაჩო ახალაია და ვანო მერაბიშვილი, კუდიანებზე ნადირობის ირაციონალური პოლიტიკის მსხვერპლნი გახდნენ. ისინი ახლა ციხეში არიან. ამ ვითარებამ ჩვენი დემოკრატიის არაჩვეულებრივი შესაძლებლობა, რომ ხელისუფლება არჩევნების გზით მშვიდობიანად გადაგვებარებინა, ჩაშალა, ხოლო ინსტიტუტების განვითარების პერსპექტივა გაურკვევლობის დროში გადაისროლა. თვითმმართველობის არჩევნების მთავარ იდეას ადგილობრივ მმართველობებში არჩეული თანამდებობის პირების ძალადობრივმა შეცვლამ აზრი გამოაცალა. ეს ცენტრალური მთავრობის უშუალო მეთვალყურეობის ქვეშ ხდებოდა. ამ პროცესმა, რომელიც სასამართლოსა და მასობრივი ძალადობის გამოყენებით მიმდინარეობდა, უკანონოდ შეცვალა 2010 წლის ადგილობრივი არჩევნების შედეგი, რომელიც ყველა საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ აღიარებული იყო როგორც თავისუფალი და სამართლიანი, და დე ფაქტო წაშალა ინსტიტუციური ზღვარი ცენტრალურ ხელისუფლებასა და ადგილობრივ თვითმმართველობებს შორის. საპარლამენტო ოპოზიციის დეპუტატებს შეიძლება თავს დაესხნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ ისე, რომ ამას არანაირი რეაგირება არ მოყვება. მეც, ქვეყნის პრეზიდენტს, ბევრჯერ დამესხნენ თავს ხელისუფლებისა და პოლიციის მაღალჩინოსნების მიერ მართული ჯგუფები. სამწუხაროდ, არჩეულ თანამდებობის პირებზე თავდასხმების გამო სერიოზულად არავინ დასჯილა. ეს ინსტიტუტების დაცვის მთავარი იდეას საფრთხეს უქმნის" - აცხადებს მიხეილ სააკაშვილი. მოქმედი პრეზიდენტის თქმით, სწორედ ამ მიზეზების გამო, მისი დასწრება ინაუგურაციაზე შეუძლებელია.

"მე ვერ მოგატყუებთ, თითქოს ყველაფერი ნორმალურადაა და ინსტიტუციურად ყველაფერი გრძელდება მაშინ, როდესაც მთავარი ოპოზიციური პარტიის გენერალური მდივანი, ჩემი ყოფილი პრემიერმინისტრი, წინასწარ პატიმრობაში იმყოფება. პრეზიდენტის ინაუგურაცია უნდა იყოს სახელმწიფოებრიობის განგრძობითობის გამოხატულება და დღე არსებული ინსტიტუტების ირგვლივ ქვეყნის ერთიანობისა. სამწუხაროდ, საქართველოს მთავრობამ ბოლო კვირებისა და თვეების განმავლობაში ბევრჯერ აჩვენა, რომ ის უარყოფს განგრძობითობის მთავარ იდეას და რომ მას არ აღელვებს არსებული ინსტიტუტები.  პირველად საქართველოს უახლეს ისტორიაში ჩვენ ავაშენეთ ქვეყნის პირველი პირის სასახლე, ვიმეორებ, სასახლე და არა ვიღაცის რეზიდენცია, სიმბოლოდ იმისა, რომ ჩვენ ვინმეს დანამატი და ვასალი კი არ ვართ, არამედ - სრულფასოვანი სახელმწიფო, რომელსაც იცნობენ და პატივს სცემენ მთელს მსოფლიოში. სამწუხაროდ, ახალი მთავრობისათვის ამ სიმბოლოს პატივისცემა მნიშვნელოვანი არ არის. ამას დიდი სინანულით ვწერ, რადგან მე დავესწრებოდი ინაუგურაციას იმის მიუხედავად, რომ მთავრობამ ჩემი პრეზიდენტობის დროს დაწყებული ბევრი მნიშვნელოვანი პროექტი შეაჩერა. ოთხწლიანი ურთულესი მოლაპარაკებები შეერთებული შტატების მთავრობასთან, რომელიც წარმატებით დასრულდა ბათუმში ახალი ამერიკული ტექნოლოგიური ინსტიტუტის გახსნით და რომელიც ჩვენი განათლების სისტემის მომავალი უნდა გამხდარიყო, პრემიერმინისტრმა ერთ წუთში ჩაშალა. თბილისის შემოვლითი რკინიგზა, რომელიც თითქმის დასრულებული იყო და მასზე ასობით მილიონი დაიხარჯა, რომელსაც ჩევნი დედაქალაქისთვის ახალი სიცოცხლე უნდა შთაებერა, ერთ დღეში შეაჩერეს. კიდევ ერთი დიდი პროექტი, ჩემი მთავარი სიამაყე - ქართული სამხედრო წარმოება, რომლის ჩამოყალიბებაც საქართველოსთვის ნამდვილი ტექნოლოგიური გარღვევა იყო, თითქმის ბოლომდე შეჩერდა, ისევე, როგორც ეს მოხდა თბილისის გარშემო თავდაცვით ნაგებობებთან დაკავშირებით. ეს ძალიან სამწუხარო ნაბიჯებია, რომელიც ძვირად დაუჯდება ჩვენს ქვეყანას, ისევე, როგორც ახალი პრეზიდენტის უარი გამოიყენოს ტერმინი „ოკუპაცია“ ან დაგმოს რუსული აგრესია ჩვენი ქვეყნის მიმართ. მთავრობას აქვს კონსტიტუციური უფლება უარი თქვას ამ პროექტებზე.  ის, რასაც ისინი კონსტიტუციურად ვერ გააკეთებენ და რაც შეუძლებელია, შეინიღბოს ინაუგურაციის ცერემონიის ფსევდო-ნორმალურობით, ეს არის პოლიტიკური მიზნებისთვის სასამართლოს გამოყენება, ოპოზიციის აქტივისტებისა და წარმომადგენლების დაუსჯელი ძალადობის მსხვერპლად ქცევა და წინა ადგილობრივი არჩევნების შედეგების ძალადობრივი შეცვლა. მე ძალიან მიყვარს და ყოველთვის ძალიან მეყვარება ქართველი ხალხი. უაღრესად მადლიერი ვარ იმ შესაძლებლობისთვის, რომელიც მომეცა - ცხრა წლის განმავლობაში პრეზიდენტის რანგში მემსახურა ჩემი ქვეყნისთვის. ბუნებრივია, პატივს ვცემ მათ არჩევანს. ყველაფერ საუკეთესოს ვუსურვებ ჩემს თანამემამულეებს და მათ მიერ არჩეულ წარმომადგენლებს. მტკიცედ მჯერა, რომ ყველა სირთულე დროებითია. როგორც მდინარე მიანგრ-მოანგრევს გარშემო ყველაფერს წყალდიდობის დროს და შემდეგ ისევ თავის კალაპოტს დაუბრუინდება, ისევე, როგორვ ვერავინ აიძულებს მდინარეს დინების საწინააღმდეგოდ იდინოს, ასევე ვეღარავინ დააბრუნებს წარსულში საქართველოს. იგი აუცილებლად მალე დაუბრუნდება იმ სანიმუშო პროგრესს, რომელიც წინა წლების განმავლობაში გვქონდა. განვლილმა დრომ დაამკვიდრა არა ნგრევის, არამედ შენების ტრადიცია, რომელსაც ვეღარავინ მისცემს დავიწყებას. ვიცი, რომ მთავრობა ჩემს ყოველ ნაბიჯსა და განცხადებაზე ღელავს. მინდა მათაც ვუთხრა, რომ ვუსურვებ წარმატებას ეკონომიკური კრიზისის დაძლევაში, რუსული ზეწოლის გაძლებასა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესის გაგრძელებაში, რომლისთვისაც ჩვენ ამდენი ვიმუშავეთ. ჩვენი საერთო ინტერესია, რომ მოვახდინოთ ზიანის მინიმიზაცია და თავიდან ავიცილოთ ყველაზე უარესი. არ ვაპირებ მათ რაიმე ფორმით შევუშალო ხელი. გუშინ დავასრულე ბოლო კონსულტაციები ევროკავშირის და ევროპარლამენტის ლიდერებთან ვილნიუსის სამიტის წინ. პარალელურად, განვიხილავ რამდენიმე წინადადებას წამყვანი უცხოური უნივერსიტეტიდან ჩემს სახელთან დაკავშირებული ახალი საერთაშორისო სამეცნიერო ცენტრის შექმნის თაობაზე. ვაპირებ, ამ ეტაპზე ამით დავკავდე და თავი შევიკავო საქართველოს ყოველდღიურ პოლიტიკურ ცხოვრებაში მონაწილეობისგან. ამის მიუხედავად, ყოველთვის მზად ვიქნები, დავდგე ჩემი ხალხის გვერდით ნებისმიერ დროს, როცა ამის აუცილებლობას დავინახავ და ვემსახურო ჩემს სათაყვანებელ სამშობლოს - საქართველოს" - აცხადებს საქართველოს მოქმედი პრეზიდენტი. 

შეგახსენებთ, რომ გიორგი მარგველაშვილის ინაუგურაცია 17 ნოემბერს გაიმართება. პოლიტიკური პარტიებიდან ცერემონიალზე დასწრების მიწვევა მხოლოდ საპარლამენტო ოპოზიციამ მიიღო. თუმცა, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა ინაუგურაციაზე დასწრებას არ აპირებს. ცერემონიალს არ დაესწრება არც თბილისის მერი გიგი უგულავა.

კომენტარები