საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლის ეკა ბესელიას განცხადებით, წინა ხელისუფლების პირობებში საპროცესო შეთანხმებებით ბიუჯეტის შევსების მასშტაბები ყოველგვარ ზღვარს სცდებოდა. დღევანდელ პლენარულ სხდომაზე ბესელიამ წარმოადგინა მონაცემები, რომლებიც დეპუტატის მტკიცებით, 2009-2012 წლებში ბიუჯეტში საპროცესო შეთანხმებებით შესულ თანხებს ასახავს.
"ბიუჯეტი წლების განმავლობაში სხვადასხვა პირების მიმართ განხორციელებული ძალადობის ფორმებით ივსებოდა. ერთ-ერთი იყო საპროცესო შეთანხმების გზით ბიუჯეტში შესული თანხები და მართლაც ყოველგვარ ზღვარს გადადიოდა ამ ფორმით ბიუჯეტის შევსება. მაგალითად, 2009 წელს ამ გზით 8 მილიონ 40 ათასზე მეტი შევიდა ბიუჯეტში, 2010 წელს - 42 მილიონი, 2011 წელს - 51 მილიონზე მეტი, 2012 წელს - 38 მილიონზე მეტი. საერთო ჯამში, ძალიან დიდ რიცხვთან გვაქვს საქმე. ეს ნიშნავდა იმას, რომ მოქალაქეები კარგავდნენ ერთადერთ საცხოვრებელ სახლს, უძრავ თუ მოძრავ ქონებას, რომ თავი დაეღწიათ ძალიან ხშირად ხელოვნურად შექმნილი ვითარებისთვის", - განაცხადა ეკა ბესელიამ და აღნიშნა, რომ ეს იყო ბიუჯეტის შევსების ერთ-ერთი ფორმა.
ცნობისთვის, 2013 წლის 9 თვის განმავლობაში (1 იანვარი - 25 სექტემბერი) სისხლის სამართლის საქმეებზე დაკისრებული ჯარიმების, სახელმწიფოსთვის მიყენებული ზიანის, გირაოსა და საპროცესო შეთანხმების საფუძველზე სახელმწიფო ბიუჯეტში გადარიცხული თანხების მთლიანი ოდენობა შეადგენს 54 722 173 ლარს. ინფორმაციას ამის შესახებ, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI) აღსრულების ეროვნულ ბიუროზე დაყრდნობით ავრცელებს. როგორც ინსტიტუტი თავის ვებგვერდზე აღნიშნავს, უშუალოდ საპროცესო შეთანხმების საფუძველზე გადარიცხული თანხების ოდენობის დადგენა 2013 წლისთვის ვერ ხერხდება, რადგან აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ მიწოდებულ ოფიციალურ დოკუმენტაციაში წერია, რომ სსიპ-აღსრულების ეროვნული ბიურო არ აწარმოებს განცალკევებით ამ მონაცემების აღრიცხვას.





