თბილისის მერი გიგი უგულავა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრა საჯარო ინფორმაციის გამოქვეყნების წესსა და სახელმწიფო უწყებიდან ყველა სახის ინფორმაციის მიღების გამარტივებულ მეთოდებს ეხებოდა.
მერიის ცნობით, შეხვედრა სამოქალაქო სექტორთან თანამშრომლობის დახვეწილი მოდელის შექმნას ისახავდა მიზნად, რაც ქვეყანაში ევროპული სტანდარტის დანერგვას ითვალისწინებს.
"ამ მიმართულებით უკვე დაგეგმილ და განსახორციელებელ სიახლეებზე არასამთავრობო ორგანიზაციებს პრეზენტაციის სახით ინფორმაცია მერიის იურიდიული სამსახურის უფროსმა მიაწოდა. მისი განცხადებით, უკვე რამდენიმე თვეა სამოქალაქო სექტორს, დედაქალაქის მთავრობა საჯარო ინფორმაციას, საკუთარი, დადგენილი წესით აწვდის. ამ პროცესში უწყების შესაბამისი კვალიფიკაციის თანამშრომლები არიან ჩართულნი და დედაქალაქის მთავრობაში განხორციელებულ სიახლეებს მერიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე ანთავსებენ", - აღნიშნავენ მერიაში.
არასამთავრობო ორგანიზაციებს ასევე 2013 წლის ანგარიშიც გააცნეს, რომელიც სამოქალაქო სექტორთან თანამშრომლობას გულისხმობს. ანგარიშში ის განცხადებები მოხვდა, რომლებსაც დედაქალაქის მთავრობას მოქალაქეები, კერძო კომპანიები და სხვადასხვა უწყებები მიმდინარე წელს უგზავნიდნენ. სამუშაო პროცესი კითხვა-პასუხის რეჟიმში მიმდინარეობდა, სადაც რეკომენდაციები არასამთავრობო ორგანიზაციებმაც გამოთქვეს.





