პრეზიდენტის რეზიდენცია

საგანელიძე: ავლაბრის რეზიდენცია, სავარაუდოდ, ტექნოლოგიურ უნივერსიტეტს დაეთმობა

primetimenews.ge

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის დავით საგანელიძის განცხადებით, საქართველოს პრეზიდენტის ავლაბრის სასახლეში, სავარაუდოდ, ტექნოლოგიური უნივერსიტეტი განთავსდება. როგორც საგანელიძემ გაზეთ კვირის პალიტრას უთხრა, იქვე გაკეთდება საგამოფენო დარბაზი, ხელნაწერთა გამოფენები და შეხვედრების დარბაზი.

"ეს ყველაფერი კი იქნება ხალხის და არა ერთი კაცის სამსახურში", - განაცხადა საგანელიძემ და აღნიშნა, რომ გიორგი მარგველაშვილი იმუშავებს ათონელის ქუჩაზე მდებარე რეზიდენციაში, რომელსაც ახლა არემონტებენ.

"მოგეხენებათ, ამ შენობის რეკონსტრუქცია დაიწყო ვანო მერაბიშვილმა, როდესაც პრემიერმინისტრი გახდა. დღეს ვნახე შენობის ხარჯთაღრიცხვა. მილიონ-ნახევარი ლარი იყო გამოყოფილი მხოლოდ ელექტრონული, კოდირებული საკეტებისთვის, რომელიც ხმა და ტყვიაგაუმტარი კარებისთვის უნდა მოერგოთ. 300-400 ათასი ლარი ჰაერის ფილტრებისთვის - მერაბიშვილს სუფთა ჰაერი უნდა ესუნთქა. მოკლედ, ვანო ნირვანას იმზადებდა. ეს თანხა აღარ დაიხარჯება, რადგან საქართველოს ახალ პრეზიდენტს არ სჭირდება ასეთი ფუფუნება. ნახეთ ერთი, პრეზიდენტის ადმინისტრაციაში 170 ადამიანი რომ იყო დასაქმებული, რას აკეთებდნენ და რა ხელფასი ჰქონდათ? უნდა შემცირდეს გაბერილი საშტატო ერთეულები, პრეზიდენტის ადმინისტრაცია და აპარატი უნდა იყოს მოქნილი სტრუქტურა, რომელიც საზოგადოებასთან ურთიერთობას მოემსახურება", - ამბობს საგანელიძე.

კომენტარები