სირიის კონფლიქტი

სირიის ქიმიური იარაღის არსენალის განადგურების პირველი ეტაპი დასრულებულია

opcw.org

სირიის ქიმიური იარაღის არსენალის განადგურების პირველი ეტაპი დასრულებულია. ქიმიური იარაღის აკრძალვის საერთაშორისო ორგანიზაციის(OPCW) განცხადებით, სირიაში ყველა დეკლარირებული მოწყობილობა ქიმიური იარაღის წარმოებისთვის ლიკვიდირებულია. იარაღის სრული არსენალის განადგურება 2014 წლის მეორე ნახევრისთვის იგეგმება.

არსენალის განადგურების პარალელურად სირიაში შეიარაღებული დაპირისპირება გრძელდება. ჟენევის სამშვიდობო კონფერენცია, რომელიც ნოემბერში უნდა გამართულიყო, შესაძლოა, გადაიდოს, ამის შესახებ ინფორმაცია სააგენტო როიტერმა გაავრცელა. საინფორმაციო სააგენტო დასავლელ და არაბ მაღალჩინოსნებზე დაყრდნობით აცხადებს, რომ მოლაპარაკების გადადების მიზეზად სამშვიდობო კონფერენციის ორგანიზატორებს - რუსეთსა და შეერთებულ შტატებს შორის, წარმოქმნილი უთანხმოება სახელდება.

როიტერის ცნობით, ვაშინგტონი და მოსკოვი ჟენევის მოლაპარაკებაზე სირიის ოპოზიციის დასწრების შესახებ ვერ თანხმდებიან. სამშვიდობო მოლაპარაკებაზე დასავლეთის მიერ მხარდაჭერილი „სირიის ეროვნული კოალიციის“ მონაწილეობა იგეგმება. თუმცა, რუსეთი აცხადებს, რომ ეს ჯგუფი სირიის ოპოზიციის მხოლოდ ერთ ნაწილს წარმოადგენს და შეხვედრას ოპოზიციის სხვა წარმომადგენლებიც უნდა დაესწრონ.

კომენტარები