საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი

ილია მეორემ მარგველაშვილს და ივანიშვილს არჩევნებში გამარჯვება მიულოცა

პრემიერმინისტრის პრესსამსახური

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ დღეს, 30 ოქტომბერს, საქართველოს პრემიერმინისტრ ბიძინა ივანიშვილსა და ახლადარჩეულ პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს მისალოცი წერილები გაუგზავნა.

"მის აღმატებულებას, საქართველოს პრემიერმინისტრ, ბატონ ბიძინა ივანიშვილს,

საქართველოს პრეზიდენტად ბატონი გიორგი მარგველაშვილის არჩევა თქვენი წარდგინებით მოხდა, ამიტომ პირადად გილოცავთ მის დამაჯერებელ გამარჯვებას.

ქვეყანამ მეტად რთული 20 წელი განვლო, ქვეყანა იმედით შეჰყურებს მომავალს და ამ იმედს ძირითადად თქვენზე ამყარებს. რა თქმა უნდა, ეს დიდი პატივიცაა და პასუხისმგებლობაც. ღმერთმა მოგცეთ ძალა წარმატებული, ღვთისმოყვარული,  განათლებული, სამართლიანი, მშვიდობიანი ქვეყნის აღმშენებლობისა.

უფალი იყოს სრულიად საქართველოს და თქვენი შემწე", - მიმართავს ილია მეორე ბიძინა ივანიშვილს. 

გიორგი მარგველაშვილისთვის გაგზავნილი წერილი კი ასე იწყება: 

"მის აღმატებულებას საქართველოს პრეზიდენტს გიორგი მარგველაშვილს,

საქართველოს ეკლესიისა და პირადად ჩემი სახელით გულითადად გილოცავთ საქართველოს პრეზიდენტად არჩევას. ხალხი იმედით გიყურებთ და შევთხოვ ღმერთს, მოგცეთ ძალა ამ მოლოდინის გამართლებისა.

საქართველოს ახალ სივრცეში უწევს ადგილის დამკვიდრება, რაც რთული პროცესია. ვიმედოვნებთ, შეძლებთ უპასუხოთ დროის გამოწვევებს და ამასთან, დაიცვათ ქვეყნის უმთავრესი ღირებულებები. წყალობა ღვთისა არ მოგკლებოდეთ ყოველთა დღეთა ცხოვრებისა თქვენისა, რათა ღირსეულად ემსახუროთ ჩვენს ქვეყანას და ხალხს".

კომენტარები