საპარლამენტო უმცირესობის წევრის გიორგი გაბაშვილის შეფასებით, "უმრავლესობა და მთავრობა არჩევნების შემდეგაც ხელების გადაგრეხვით აპირებს ოპოზიციასთან ურთიერთობას". როგორც გაბაშვილმა პარლამენტის სხდომაზე განაცხადა, უმრავლესობა არჩევნების შემდეგ უმცირესობასთან არა მოლაპარაკებასა და თანამშრომლობას, არამედ ყველაზე კონფრონტაციული საკითხების, მათ შორის, პარლამენტის გადატანის საკითხის განხილვას იწყებს.
"მე არ მინდა, პრემიერისა და პრეზიდენტის ამ შეცდომებს დაემატოს კიდევ ერთი შეცდომა. ბიუროს სხდომის განხილვიდან როგორც შევიტყვეთ, არის ასეთი გეგმა - არა თანამშრომლობით დავიწყოთ არჩევნების შემდგომი პერიოდი, არამედ, ყველა კონფრონტაციული საკითხით გავხსნათ ეს სეზონი. არა - ვისაუბროთ, არა - კონსულტაციები გავმართოთ, არამედ, ისევ ხელის გადაგრეხვით შეეცადოთ მოიპოვოთ ხელისუფლების ის დოზა, რომლის მანდატიც არ მიგიღიათ არჩევნებზე ანუ საკონსტიტუციო უმრავლესობა. გინდათ, ინაუგურაციამდე მოასწროთ ეს, ისევე როგორც ქუთაისის საპარლამენტო პროექტის დასრულება. პრეზიდენტი, პარლამენტის თავმჯდომარე, პრემიერმინისტრი, უმრავლესობა და მთავრობა არ არის თანამშრომლობაზე ორიენტირებული, რაც შეცდომაა", - აღნიშნა გაბაშვილმა. მისივე განცხადებით, ბიძინა ივანიშვილმა და გიორგი მარგველაშვილმა შეურაცხყოფა მიაყენეს იმ ამომრჩეველს, რომელმაც მხარი დავით ბაქრაძეს დაუჭირა.
"არჩევნები არის ის მომენტი, როდესაც არსებობს ერთი კონკრეტული გამარჯვებული. ჩვენ გვქონდა იმედი, რომ ამ გამარჯვების შემდეგ მაინც გადადგამდა უმრავლესობა ნაბიჯს კონფრონტაციის დასასრულებლად. ამის საფუძველს არ გვაძლევს პრემიერმინისტრის სამწუხარო განცხადება, რომ საქართველოში არის დაბალი პოლიტიკური კულტურა. მან არა გამარჯვებულის, არამედ გულნატკენის პოზიციით ისაუბრა იმაზე, რომ არსებობს თურმე ჩვენი ქვეყნის ათიათასობით მოქალაქე, რომელსაც თავის არჩევანი აქვს და ამის გამო, მათ შეურაცხყოფა მიაყენა და დაბალი პოლიტიკური კულტურა დასწამა. ახლადარჩეულმა პრეზიდენტმა, რომელიც შუამავალი პირის ფუნქციას უნდა ასრულებდეს, თქვა, რომ არ ითანამშრომლებს ოპოზიციასთან. არჩევნები მნიშვნელოვანი ნაბიჯია, მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა დემოკრატიისკენ. ამ არჩევნებს, როგორც წინა სხვა არჩევნებს, ჰქონდა კარგი საერთაშორისო შეფასებები. თუმცა, სხვა არჩევნებისგან განსხვავებით, ამ არჩევნებზე არსებობდა ოპოზიცია, რომლის კამპანია არ იყო აგებული რევოლუციურ და მთავრობის დამხობის მუქარაზე. იყო ოპოზიცია, რომელმაც ეგზიტპოლების გამოცხადებისთანავე, შედეგები აღიარა და მიულოცა გამარჯვებულს", - აღნიშნა გაბაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ პრემიერმინისტრ ბიძინა ივანიშვილის შეფასებით, ის ფაქტი, რომ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის კანდიდატმა დავით ბაქრაძემ არჩევნებში 21%-ზე მეტი მიიღო, ამომრჩევლის დაბალი პოლიტიკური კულტურის მაჩვენებელია. როგორც ივანიშვილმა 28 ოქტომბრის პრესკონფერენციაზე განაცხადა, ბაქრაძის მაჩვენებელი მისთვისაც სიურპრიზი იყო და ამას ყველაზე უარეს შემთხვევაშიც არ ელოდა.
პარლამენტში, საპრეზიდენტო არჩევნების გამო შეჩერებული სესიები, დღეიდან განახლდა. საკანონმდებლო ორგანო კვირის განმავლობაში ორ საკონსტიტუციო ცვლილებას განიხილავს. ესენია, კვორუმის დაწევა ¾-დან 2/3-მდე და პარლამენტის შენობის ადგილმდებარეობის შეცვლა. საპარლამენტო უმცირესობა შენობის გადატანას ეწინააღმდეგება, უმრავლესობას კი იმედი აქვს, რომ პარლამენტი ამ ცვლილებას მიიღებს. ასევე, ბიუროს დღევანდელ სხდომაზე განიხილეს პარლამენტის ახალი ლოგოს პროექტი, რომელზეც თბილისის პარლამენტის შენობაა გამოსახული.





