პრეზიდენტობის კანდიდატი გიორგი მარგველაშვილი ოჯახის წევრებთან ერთად, საპატრიარქოში შევიდა. მინისტრებმა და სხვა თანხმლებმა პირებმა ქართული ოცნების შტაბი უკვე დატოვეს.
საპატრიარქოსთან და კოალიციის შტაბთან გიორგი მარგველაშვილის მხარდამჭერები არიან შეკრებილები და ეგზითპოლების შედეგებს ზეიმობენ.
შეგახსენებთ, რომ ტელეკომპანია რუსთავი 2-ის დაკვეთით, გერმანული კომპანია GFK-ს ჩატარებული ეგზითპოლის მონაცემებით, გიორგი მარგველაშვილს ხმების 66.7% აქვს, დავით ბაქრაძეს 20.2%, ნინო ბურჯანაძეს 7.5%. ტელეკომპანია იმედის დაკვეთით, კომპანია ACT ჯგუფის მიერ ჩატარებული ეგზითპოლების მიხედვით კი, საპრეზიდენტო არჩევნებზე გიორგი მარგველაშვილმა ხმების 68,0% მოიპოვა, დავით ბაქრაძემ 17,1%, ხოლო ნინო ბურჯანაძემ - 9,9%.
ეგზითპოლის შედეგების გამოცხადების შემდეგ, ამომრჩეველს პრემიერმა ბიძინა ივანიშვილმა და პრეზიდენტობის კანდიდატმა გიორგი მარგველაშვილმა მიმართეს. ივანიშვილმა საქართველოს მოსახლეობას მადლობა გადაუხადა და განაცხადა, რომ საზოგადოებამ საპრეზიდენტო არჩევნებზე აბსოლუტური სიბრძნე გამოამჟღავნა. მარგველაშვილმა კი თქვა, რომ "დღევანდელი გამარჯვება ბიძინა ივანიშვილმა შექმნა".





