არცევნები 2013

გიორგი მარგველაშვილი: ბიძინამ შექმნა დღევანდელი გამარჯვება

Reuters

ეგზიტპოლების შედეგების მიხედვით საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებულმა ქართული ოცნების კანდიდატმა, პარტიის ცენტრალურ ოფისთან შეკრებილებს მიმართა. მისი თქმით იმ ამომრჩევლებმა, რომლებიც არჩევნებზე მივიდნენ "შექმნეს დღევანდელი გამარჯვება". მარგველაშვილმა მისი გუნდის დამსახურებაზეც ისაუბრა.

"დიდი მადლობა მინდა ვუთხრა პოლიტიკურ გუნდს, რომელმაც ამ არჩევნების პროცესში გაფანტა ნებისმიერი ეჭვი, თუ რა გვაერთიანებს. ჩვენ გვაერთიანებს სამშობლოს სიყვარული და დიდ მადლობას ვუხდი ყველა პოლიტიკურ ძალას, ვისთან ერთადაც ამ გამარჯვებას მივაღწიე," - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

ქართული ოცნების პრეზიდენტობის კანდიდატმა მადლობა პრემიერ-მინისტრსაც გადაუხადა. 

"დიდი მადლობა მინდა ვუთხრა ჩემთვის უაღრესად მნიშვნელოვან ადამიანს, იმ ადამიანს, რომელიც ჩემთვის არის და ყოველთვის დარჩება ძალიან სერიოზულ ავტორიტეტად, ჩემს მეგობარს ბიძინა ივანიშვილს. ბიძინამ შექმნა შარშანდელი გამარჯვება, ბიძინამ შექმნა ჩვენი ერთობა და ამ ერთობის შედეგად შექმნა დღევანდელი გამარჯვება. მადლობა ბიძინა, იმისთვის რაც ჩვენს ქვეყანას გაუკეთე," - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

 

კომენტარები