თქვენ რა გგონიათ, ოკუპაცია რა არის, რომ არჩევნებზე თავისუფლად გადაგიშვებენ და გადმოგიშვებენ? - ამის შესახებ გიორგი მარგველაშვილის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა დავით საგანელიძემ ჟურნალისტებს იმ ფაქტზე გამოხმაურებისას განუცხადა, რომლის მიხედვითაც საოკუპაციო ზოლს მიღმა მყოფ ქართველებს რუსეთის საოკუპაციო ჯარი არჩევნებში მონაწილეობის შესაძლებლობას არ აძლევს. საგანელიძის თქმით, ეს არის ის შედეგი, რაც წინა ხელისუფლებამ ახალს დაუტოვა.
"ვადასტურებ, სამწუხაროდ, ეს არის შედეგები იმისა, რასაც ჰქვია ოკუპაცია. თქვენ რა გგონიათ, ოკუპაცია რა არის რომ არჩევნებზე თავისუფლად გამოგიშვებს, როცა დაგჭირდება გადაგიშვებს-გადმოგიშვებს და რაც შენ მოგესურვება ოკუპანტი იმას გააკეთებს? რა თქმა უნდა, არა. არავინ არ ელოდოს იმას, რომ არსებობს მავთულხლართები, რომლებსაც ერთ დღეს გაგიღებენ, გაგატარებენ და მეორე დღეს ისევ დახურავენ", - აღნიშნა საგანელიძემ.





