2013 წლის იანვარ-სექტემბერში წინა წლის იგივე პერიოდთან შედარებით საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვა 0.1%-ით შემცირდა. ამის შესახებ საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (საქსტატი) თავის ახალ ანგარიშში იტყობინება. დაზუსტებული მონაცემებით, 2013 წლის იანვარ-მარტში ექსპორტი გაიზარდა 14%-ით, ხოლო იმპორტი შემცირდა 4%-ით.
2013 წლის იანვარ-სექტემბერში, წინა წლის იგივე პერიოდთან შედარებით, ევროკავშირის ქვეყნებთან საქართველოს საგარე სავაჭრო ბრუნვა 2%-ით შემცირდა, ხოლო დსთ-ის ქვეყნებთან 9%-ით გაიზარდა. საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვაში დსთ-ის ქვეყნების წილი 34% იყო, მათ შორის ექსპორტში 56% და იმპორტში 26%. ევროკავშირის ქვეყნების წილმა კი - 27% შეადგინა, მათ შორის ექსპორტში 18% და იმპორტში 30%.
2013 წლის იანვარ-სექტემბერში საქართველოს 10 უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნები იყვნენ თურქეთი, აზერბაიჯანი, უკრაინა, რუსეთი, ჩინეთი, გერმანია, სომხეთი, აშშ, ბულგარეთი და რუმინეთი. მათი წილი საქართველოს მთლიან სავაჭრო ბრუნვაში 66%-ია.
საქართველოს საექსპორტო ათეულში პირველ ადგილზე მსუბუქი ავტომობილები, საიმპორტოში კი - ნავთობი და ნავთობპროდუქტებია. საქსტატის მონაცემებით, მსუბუქი ავტომობილების წილი მთლიან ექსპორტში 25%-ს შეადგენს, ხოლო ნავთობის და ნავთობპროდუქტების წილი მთლიან იმპორტში 12%-ია.





