NATO-ს გენერალური მდივნის ანდერს ფოგ რასმუსენის განცხადებით, შესაძლოა, რუსეთმა და NATO-ს ქვეყნებმა სირიის ქიმიური არსენალის განადგურების პროცესში მონაწილეობა მიიღონ. რასმუსენის თქმით, თუ საჭირო გახდება, NATO-რუსეთის კომისიის ქვეყნები ქიმიური იარაღის აკრძალვის საერთაშორისო ორგანიზაციას ქიმიური იარაღის განადგურებაში დაეხმარებიან.
"მე ველოდები, რომ NATO-რუსეთის კომისიის წევრები გაეროს თხოვნის შემთხვევაში პროცესში ჩაერთვებიან. მნიშვნელობა არ აქვს, ეს ინდივიდუალურად განხორციელდება თუ კოლექტიურად. ჯერჯერობით ამ თემასთან დაკავშირებით შეფასების გაკეთება ნაადრევია", - განაცხადა რასმუსენმა.
NATO-ს გენერალური მდივნის განცხადების მიხედვით, არსენალის განადგურებაში NATO-ს ქვეყნებს შეუძლიათ მონაწილეობა მიიღონ, თუმცა თავად სამხედრო ალიანსის განიარაღების პროცესში ჩართვა ნაკლებსავარაუდოა.
NATO-ს ქვეყნების თავდაცვის მინისტრებმა რუს კოლეგასთან მოლაპარაკება, ორწლიანი პაუზის შემდეგ, დღეს პირველად აწარმოეს.