ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის გიგა ბოკერიას შეფასებით, თავდაცვის სამინისტროში შექმნილი საომარი მოქმედებების შემსწავლელი კომისიის მუშაობის პროცესში ძალიან ბევრ გაუგებრობას ჰქონდა ადგილი და ეს ახალი მთავრობის ზოგიერთი წევრის უპასუხისმგებლო განცხადებებმა განაპირობა.
"მათ შორის, პრემიერის, როდესაც საუბრობდნენ რაღაც დანაშაულზე. თავდაცვის სამინისტრო ახდენს წმინდა წყლის სამხედრო ანალიზს. ის სწავლობს რუსულ სამხედრო აგრესიაზე ჩვენს სამხედრო რეაქციას, რაც სრულიად ლეგიტიმურია. აქვე აღვნიშნავ, რომ ამ ტიპის ფუნდამენტური ანალიზი გაკეთდა მოკავშირეებთან ერთად 2008 წლის ომის შემდეგ და ეს ანალიზი არსებობს. ის, რომ თავდაცვის სამინისტროს ან ახალი მთავრობის ნებისმიერ წევრს ჰქონდეს სურვილი, ხელახლა დაუბრუნდეს ამ საკითხს და ჩვენი ლეგიტიმური თავდაცვის ოპერაციის დეტალები განიხილოს, სრულიად ნორმალური მოვლენაა. ცუდია, როდესაც ამით სპეკულაცია იწყება და საკუთარი ქვეყნის ხელისუფლებას აბრალებ აგრესიას აგრესორის ნაცვლად", - აღნიშნა ბოკერიამ.
ცნობისთვის, თავდაცვის მინისტრის ირაკლი ალასანიას განცხადებით, 2008 წლის საომარი მოქმედებების შემსწავლელი კომისიის მუშაობის შედეგები მიმდინარე წელს ცნობილი ვერ გახდება. ალასანიას თქმით, შეიარაღებულ ძალებში შექმნილი კომისია დიდი ტემპით მუშაობს.
"600-ზე მეტი ინტერვიუ და გამოკითხვა ჩატარდა, მაგრამ არანაირად არ შედის კომისიის გეგმებში, რომ რამე სახის ინფორმაცია უახლოეს პერიოდში გამომჟღავნდეს. ამას სჭირდება უფრო ღრმა ანალიზი. ეს არჩევნებს დაუკავშირა ვიღაცამ, მაგრამ კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ კომისია მუშაობს არა პოლიტიკურ, არამედ სამხედრო, ტაქტიკურ და ოპერატიულ შეფასებაზე, რომელიც მხოლოდ ჩვენი ჯარის სამომავლო თავდაცვის სტრატეგიის გაუმჯობესებას ემსახურება", - განაცხადა მინისტრმა და აღნიშნა, რომ კომისიას მუშაობისთვის კიდევ რამდენიმე თვე სჭირდება. ალასანიას თქმითვე, კომისია აგრძელებს მუშაობს და შეისწავლის არა მარტო 2008 წლის ომის მოვლენებს, არამედ 90-იან წლებში განხორციელებულ საომარ მოქმედებებსაც.
"კომისია ანგარიშის პირველ ეტაპს წარადგენს თავდაცვის უწყებაში. არასაიდუმლო ნაწილი საზოგადოებისთვისაც იქნება ხელმისაწვდომი, რათა ექსპერტებს ჰქონდეთ სწორი ანალიზის გაკეთების საშუალება", - დასძინა მინისტრმა.





