გოგა ძველაიას საქმე

სენაკის სასამართლო ბესელიას არასწორი ინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებს

სენაკის სასამართლო ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელიას პასუხობს და მას არასწორი ინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებს. განცხადებაში განმარტებულია არსი, რის გამოც არასრულწლოვანი გოგა ძველაია გირაოს შეფარდების შემდეგ ციხეში მოხვდა

"2013 წლის 5 ოქტომბერს სენაკის რაიონულ სასამართლოს შუამდგომლობით მომართა სენაკის რაიონული პროკურატურის პროკურორმა და ბრალდებულების გოგა ძველაიას და გიორგი ნაჭყებიას მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით დაპატიმრების გამოყენება მოითხოვა. გოგა ძველაიას და გიორგი ნაჭყებიას ბრალი დაედო 2013 წლის 3 ოქტომბერს მომხდარი ქურდობის ფაქტზე, სასამართლო პროცესზე პროკურორმა გიორგი ნაჭყებიას მიმართ შეცვალა მოთხოვნა და მოითხოვა 5000 ლარის ოდენობით გირაოს გამოყენება პატიმრობის უზრუნველყოფით, რადგან მისი განმარტებით, ბრალდებული მომავალში აპირებდა გამოძიებასთან თანამშრომლობას. პროკურორმა გოგა ძველაიას მიმართ კატეგორიულად მოითხოვა დაპატიმრების გამოყენება იმ მოტივით, რომ ბრალდებული ორჯერ იყო ნასამართლები განზრახ მძიმე დანაშაულისათვის და არსებობდა ბრალდებულის მიერ დანაშაულის კვლავ ჩადენის საფრთხე. სასამართლო სხდომაზე მოსამართლემ პროკურორს განუმარტა, რომ საქართველოს პრეზიდენტის 2013 წლის 2 ოქტომბრის განკარგულების საფუძველზე გოგა ძველაიას მოეხსნა ნასამართლობა. შესაბამისად, დანაშაულებრივი ფაქტის მოხდენისა და შუამდგომლობის განხილვის ეტაპისათვის გოგა ძველაია არ ითვლებოდა ნასამართლევად. მიუხედავად ამისა, პროკურორმა კვლავ კატეგორიულად მოითხოვა ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახედ დაპატიმრების გამოყენება.სასამართლომ პროკურორის მოთხოვნა ჩათვალა ზედმეტად მკაცრად და იმის გათვალისწინებით, რომ ბრალდებული გოგა ძველაია იყო არასრულწლოვანი და ნასამართლობის არმქონე პირი, მას შეუფარდა გირაო 5000 ლარის ოდენობით. ვინაიდან ბრალდებული სასამართლოში წარმოდგენისას იყო დაკავებული, საქართველოს სსსკ-ის მე-200 მუხლის მე-6 ნაწილის შესაბამისად, სასამართლომ ბრალდებულის მიმართ, გირაოს უზრუნველყოფის მიზნით, გირაოს თანხის გადახდამდე გამოიყენა დაპატიმრება, ვინაიდან ასეთ შემთხვევაში ბრალდებულის დაკავებიდან განთავისუფლებას საპროცესო კანონმდებლობა არ ითვალისწინებს", - განმარტებულია სენაკის სასამართლოს განცხადებაში.

დღეს ეკა ბესელიამ არასრულწლოვანი პატიმრის გოგა ძველაიას გარდაცვალების ფაქტზე პასუხისმგებლობის ნაწილი იმ მოსამართლეებს დააკისრა, რომლებმაც ძველაია ციხეში გაუშვეს. 

კომენტარები