საქართველო-რუსეთის ურთიერთობა

სააკაშვილი: ნეჩაევის მეჩირაღდნედ დასახელება ”დამცირებების ჯაჭვის” ნაწილია

მიხეილ სააკაშვილი
fb.com/SaakashviliMikheil

დღეს მიხეილ სააკაშვილმა დვანში ყოფნისას თქვა, რომ სოჭის ოლიმპიადის მეჩირაღდნედ ივან ნეჩაევის დასახელება რუსეთის მიერ საქართველოს ”დამცირებების ჯაჭვის” შემადგენელი ნაწილია.

"გრძელი დამცირებების ჯაჭვს დაემატა ის, რომ ნეჩაევს, ვინც ჩვენს სოფლებს და ქალაქებს ბომბავდა, დახოცა ხალხი და რომელსაც ჩვენ თვითმფრინავი დავუზიანეთ, ოლიმპიური ჩირაღდნის წაღების უფლება მიანიჭეს. ეს, რა თქმა უნდა, პროვოკაციაა, ამიტომ, ჩვენ, როგორც არასდროს, გვჭირდება ამ პროვოკაციაზე ერთობლივი მოქმედება", - თქვა სააკაშვილმა. 

სააკაშვილის ინფორმაციით, სამწუხაროა, როდესაც მთავრობის ზოგიერთი წარმომადგენელი ამბობს, რომ მავთულხლართები და ანექსია ოლიმპიადის უსაფრთხოების დაცვას ემსახურება.

"ძალიან სამწუხაროა, რომ ამას ამბობს მთავრობის ხელმძღვანელი. ის, რომ ბოლო კვირებსა და თვეებში მეტი სასოფლო-სამეურნეო მიწა წაგვართვეს, ვიდრე ამ ხეობებში 2008 წლის დროს, ეს უკვე რაღაცის ნიშანია. ეს ნიშნავს იმას, რომ რუსეთი უტევს ჩვენს სუვერენიტეტს და გვჭირდება ერთობლივი ქმედებები. თუ ქვეყნის შიგნით არ გვაქვს ერთიანობა ამ საკითხზე, მოკავშირეებთან როგორ უნდა გვქონდეს ერთიანობა?! თუ ვერ ვახერხებთ, საქართველოს შიგნით ეს ამბავი მთავარ საკითხად ვაქციოთ, როგორ ვაქცევთ საერთაშორისო თანამეგობრობის განხილვის საგნად?!", - თქვა პრეზიდენტმა. 

მიხეილ სააკაშვილის თქმით, აუცილებელია ერთიანობა, რათა რუსეთმა დაინახოს, რომ საქართველოს შიგნით დაყოფა არ არის.

"ჩვენ უნდა ვაჩვენოთ, რომ არ ვართ დაყოფილები. ჩვენი დაყოფა და სისუსტე არის მტაცებლისთვის უტყუარი ნიშანი, რომ მეტად შემოგვიტიოს. მიუხედავად იმისა, ვის უჭერთ მხარს, "ოცნებას", "ნაციონალურ მოძრაობას" თუ ვინმე სხვას, არ შეიძლება, მხარს არ ვუჭერდეთ საქართველოს ერთიანობას და თავისუფლებას. ჩვენ ისტორია განგვსჯის არა იმით, ვინ მოიგებს ამ არჩევნებს, არამედ იმის მიხედვით, დავდგებით თუ არა ჩვენი ზიზღის, უთანხმოების და ქიშპის მაღლა და გავერთიანდებით საქართველოს მომავლის გარშემო. დარწმუნებული ვარ, ამას შევძლებთ და მოდით, ყველა ერთად ვემსახუროთ ჩვენს სამშობლოს – საქართველოს. მთელ მსოფლიოს დავანახოთ, რომ ამ საკითხში მაინც შეგვიძლია, ვიყოთ ერთიანები, მშვიდები, მტკიცეები და ძლიერები თავისუფლებისადმი ლტოლვაში", - თქვა საქართველოს პრეზიდენტმა. 

კომენტარები