იტალიური გამოცემა gonews.it-ის მიერ გუშინ გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც საქართველოს ნაკრებისა და ემპოლის თავდამსხმელმა ლევან მჭედლიძემ საქართველოს ნაკრებში გამოსვლას, კლუბში დარჩენა ამჯობინა, თავად ფეხბურთელი გამოეხმაურა. მჭედლიძის განცხადებით, ჟურნალისტს სულ სხვა სახის კომენტარი მისცა და გამოქვეყნებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება.
"ბოდიშის მოხდით მინდა შეგაწუხოთ და გითხრათ - ის, რაც თქვეს, დიდი სისულელეა... ჩემთვის ნაკრებში გამოძახება უმნიშვნელოვანესია, როგორც თითოეული ქართველი ფეხბურთელისთვის... ჟურნალისტს ვუპასუხე, რომ ნორმალურია ჩემი ნაკრებში არყოფნა, როცა სისტემატურად არ ვთამაშობ გუნდში და ჩემთვის უმნიშვნელოვანესია ჩემი ქვეყნის სახელით თამაში. ნორმალურია ის ფაქტიც, რომ ნაკრებში არ ვარ, ამას ნაკრების მწვრთნელი წყვეტს და არა - მე. გთხოვთ, შეასწოროთ შეცდომები და იცოდეთ, რომ ლევან მჭედლიძე ნაკრებში თამაშისთვის ყოველთვის მზად არის", - საკუთარ ფეისბუქის გვერდზე განაცხადა ლევან მჭედლიძემ.
შეგახსენებთ, რომ გუშინ gonews.it-ზე გავრცელდა საინფორმაციო ხასიათის სტატია სათაურით "მიყვარს ჩემი ქვეყანა, მაგრამ ახლა გუნდს ვჭირდები". "ლევან მჭედლიძემ ეროვნულ ნაკრებს უარი უთხრა იმ მიზეზით, რომ დარჩეს ემპოლიში და მოემზადოს რეჯინასთან შეხვედრისთვის", - ნათქვამია სტატიაში.
15 ოქტომბერს საქართველოს ნაკრები სტუმრად, ალბასეტეში ესპანეთის გუნდს მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის ბოლო შეხვედრაში დაუპირისპირდება. თემურ ქეცბაიას მიერ გამოძახებულთა სიაში არ არის ლევან მჭედლიძე.





