მავთულხლართები

რწმუნებული: შიდა ქართლში ბოლო 1 წლის მანძილზე რუსებმა 400 ჰა მიწა მიითვისეს

pirweli.com.ge

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ აძვში რუსი ოკუპანტების მიერ მავთულხლართების გავლებასთან დაკავშირებით, პრეზიდენტის რწმუნებული შიდა ქართლის რეგიონში ზურაბ ჩხეიძე ამბობს, რომ აღნიშნული ფაქტის შესახებ მხოლოდ გუშინ შეიტყო. ადგილობრივი ხელისუფლება კი ინფორმირებული იყო, თუმცა, ინფორმაცია მხოლოდ დღეს გახდა საჯარო.

”რუსები აგრძელებენ საქართველოს ტერიტორიის მოპარვას, სხვას ვერაფერს ვერ დავარქმევ ამას. ბოლო ერთი წლის განმავლობაში დაახლოებით 400 ჰექტარი მიწის ფართობი იქნა მითვისებული რუსების მხრიდან, მხოლოდ შიდა ქართლის რეგიონიდან. დღევანდელი ფაქტიც არის 4 ჰექტარი მიწა, რომელიც ერთი თვის წინ შემოღობეს რუსებმა და ჩემთვის მხოლოდ გუშინ საღამოს გახდა ცნობილი. მიუხედავად იმისა, რომ ადგილობრივი ხელისუფლება ამის შესახებ ინფორმირებული იყო, ეს ინფორმაცია დღემდე არ იყო საჯარო. მე მოვუწოდებ ხელისუფლებას, სასწრაფოდ დაეხმაროს ამ ადამიანს, რომ გამოინახოს ალტერნატიული ფართი, რათა მოხდეს ამ ადამიანის მიწით უზრუნველყოფა, რომლის ერთადერთი შემოსავლის წყარო სწორედ ეს მიწაა”, - თქვა ჩხეიძემ.

რუსმა ოკუპანტებმა მავთულხლართები გორის რაიონის სოფელ აძვშიც გაავლეს. მავთულხლართები ბალამწარაშვილების ოჯახის ნაკვეთზე გადის. ისინი მოსავლის აღებას ვერ ახერხებენ.

მეპატრონის თქმით, მავთულხლართების გავლება რამდენიმე კვირის წინ მოხდა, სავარაუდოდ, ღამით. შედეგად, ბარიერებს მიღმა 4ჰა მიწა მოექცა.

”ჩვენ ვშრომობდით, ვწვალობდით, მოგვყავდა მრავალფეროვანი ბოსტნეული და დიდ შრომას ვდებდით. მანამდე არავის არაფერი უთქვამს, რომ ეს რუსების მიწაა. არავისი არ არის, ეს არის აძვის მიწა. ეს არის გადმოწეული. ჩემს გულისტკივილს იმაზე გამოვთქვამ, რომ არავინ არ მოსულა პირადად, რომ რამენაირად გვერდში დაგვდგომოდნენ. სიტყვიერად მაინც რომ ეთქვა, რომ დროებითია ეს ყველაფერი, ამაში დავეიმედებინე მაინც”, - ამბობს მეპატრონე რუსთავი 2-თან საუბარში.

ტელეკომპანია რუსთავი 2-ის ინფორმაციით, მავთულხლართების გავლება სოფელ ზემო არცევის მხარესაც გრძელდება, სადაც ამ დროისთვის ბოძებია ჩარჭობილი. 

კომენტარები