ევრაზიული კავშირი

ევრაზიული შეტევა

4 სექტემბერს საქართველოს პრემიერმინისტრმა ქვეყნის საგარეო პოლიტიკასთან დაკავშირებით გააკეთა მოულოდნელი განცხადება, რომლის განმარტება მას შემდეგ არაერთხელ მოუხდა. ჟურნალისტის კითხვას, თუ რას ფიქრობს ევრაზიული კავშირის შესახებ, ბიძინა ივანიშვილმა უპასუხა: „ყურადღებით ვუყურებ და ვსწავლობ ამ საკითხს. ჯერჯერობით, არანაირი პოზიცია არ გვაქვს, მაგრამ თუ პერსპექტივაში ვნახავთ, რომ ჩვენი ქვეყნის სტრატეგიისთვის იქნება კარგი, რატომაც არა".

კრიტიკას ამ განცხადების გამო ივანიშვილმა რამდენჯერმე უპასუხა – წერილობით განცხადებაში, ასევე ბალტიის ქვეყნებში ვიზიტით ყოფნისას ინტერვიუებსა თუ საჯარო კომენტარებში. და, ყოველ ჯერზე, პრემიერი უკმაყოფილებას გამოხატავდა იმით, რომ მისი განცხადება სწორად ვერ გაიგეს და, ფაქტობრივად, ერთსა და იმავეს იმეორებდა – თუ ვლადიმირ პუტინის შექმნილი ევრაზიული კავშირი ქვეყნის სტრატეგიასთან წინააღმდეგობაში არ მოვა, საქართველოს ხელისუფლება „მომავალში ამ საკითხს განიხილავს", „რატომაც არა?".

ივანიშვილი თავის განცხადებებში იმასაც ამტკიცებდა, რომ ქვეყნის საგარეო პოლიტიკური კურსი არ შეიცვლება და საქართველო კვლავაც ევროკავშირისა და NATO-ს წევრობისკენ ისწრაფვის. თუმცა მას დამაჯერებლად არ აუხსნია, როგორ ხედავს ამ სტრატეგიასთან ევრაზიული კავშირის თანხვედრას, რომელსაც მისი შემქმნელებიც, მომხრეებიც და მოწინააღმდეგეებიც პოსტსაბჭოთა ქვეყნებისთვის ევროკავშირისა და NATO-ს ალტერნატივად და, ფაქტობრივად, საბჭოთა კავშირის რეანიმაციის მცდელობად აღიქვამენ. აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა გასული წლის დეკემბერში განაცხადა, რომ ევრაზიული კავშირის გეგმა რეგიონის „რესოვეტიზაციის" მცდელობაა, რომელსაც ვაშინგტონი ხელს შეუშლის.

ევრაზიული კავშირის იდეა ვლადიმირ პუტინმა 2011 წლის ოქტომბერში, გაზეთ იზვესტიაში პრეზიდენტობის კანდიდატის რანგში გამოქვეყნებულ საპროგრამო სტატიაში ჩამოაყალიბა. მისი ჩანაფიქრით, ეს კავშირი უნდა გახდეს შემდეგი ეტაპი მოქმედი საბაჟო კავშირისა და ერთიანი ეკონომიკური სივრცის შემდეგ.

რუსეთის პრეზიდენტის განმარტებით, მომავალი გაერთიანება პოსტსაბჭოთა სივრცეზე ევროკავშირის ანალოგი უნდა გახდეს და საბაჟოს გარდა, უნდა მოიხსნას საიმიგრაციო, სასაზღვრო და სხვა ბარიერები, მოქალაქეებს კი გაერთიანების შიგნით საცხოვრებელი ადგილის, განათლებისა და სამუშაოს არჩევის შეუზღუდავი შესაძლებლობა უნდა ჰქონდეთ. ბიზნესმენებსა და კომპანიებს ასევე ექნებათ არჩევანი, გაერთიანების წევრ რომელ სახელმწიფოში დარეგისტრირდნენ. საპრეზიდენტო არჩევნების წინ პუტინის მიერ შემუშავებული კონცეფცია, მომავალი პრეზიდენტის მთავარ სამოქმედო პროგრამად აღიქვეს.

განსაკუთრებული მოწონება კი ევრაზიული კავშირის იდეამ რუსეთის იმპერიის აღდგენის მომხრეებში დაიმსახურა.„25 წელი ველოდით, რომ ჩვენი ხელისუფლება ამ სიტყვებს საჯაროდ წარმოთქვამდა", – განაცხადა მაშინ ცნობილმა რუსმა ნაციონალისტმა, ევრაზიული მოძრაობის იდეოლოგმა ალექსანდრ დუგინმა. მან აღიარა, რომ პუტინის საპროგრამო სტატიაზე მუშაობაში მისი მოძრაობის წევრებიც იღებდნენ მონაწილეობას.

პუტინმა თავის სტატიაში აღნიშნა, რომ რუსულ ინტეგრაციულ პროექტებში მონაწილეობა ყველა ქვეყნისთვის ნებაყოფლობითი იქნება. თანაც, საბოლოოდ, მომავალი ევრაზიული კავშირის წევრები ევროკავშირთან ინტეგრაციასაც შეძლებენ. მაგრამ კრემლის შემდგომმა ქმედებებმა დაადასტურა, რომ ორივე ეს პირობა სიცრუეა.

3 სექტემბერს, საქართველოს პრემიერმინისტრის განცხადებამდე ერთი დღით ადრე, რუს კოლეგასთან შეხვედრისას, სომხეთის პრეზიდენტმა სარჟ სარგსიანმა საბაჟო და ევრაზიულ კავშირებში გაწევრიანებაზე თანხმობა განაცხადა. ეს გადაწყვეტილება მოულოდნელი აღმოჩნდა როგორც სომხეთის საზოგადოებისთვის, ასევე ევროკავშირისთვის, რომელთანაც ერევანი წლების განმავლობაში აწარმოებდა მოლაპარაკებებს ასოცირებისა და თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების გასაფორმებლად.

ისევე, როგორც საქართველო, სომხეთიც ამ დოკუმენტის პარაფირებას ნოემბერში, აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტზე გეგმავდა. მას შემდეგ, რაც საბაჟო კავშირში მისი გაწევრიანების შესახებ გადაწყვეტილება გახდა ცნობილი, ევროკომისიის მაღალჩინოსნებმა და ევროპელმა დიპლომატებმა ცალსახად აღნიშნეს, რომ ქვეყანა ევროკავშირთან ასოცირებასა და საბაჟო კავშირში წევრობას ერთდროულად ვერ შეძლებს. შესაბამისად, ბრიუსელი ერევანთან დაგეგმილ შეთანხმებას ვერ გააფორმებს.

იმის შესახებ, რომ სომხეთი მოსკოვის მხრიდან შანტაჟის მსხვერპლი გახდა, ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ხელმძღვანელმა ელმარ ბროკმა განაცხადა. „ჩვენ ვიცით, რომ სომხეთზე უზარმაზარი ზეწოლა ხდებოდა რუსეთის მხრიდან აზერბაიჯანისა და ყარაბაღის გარშემო განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით. ეს ზეწოლა ამ პატარა სახელმწიფოს წინააღმდეგ შანტაჟისთვის იყო გამოყენებული ამ გადაწყვეტილების მისაღებად", – განაცხადა ევროპარლამენტარმა.

ზეწოლის შესახებ ვერსიას იზიარებენ სომეხი ექსპერტებიც. კვლევითი ცენტრის, კონკორდის ხელმძღვანელმა კარენ შახნაზარიანმა უკრაინულ გაზეთ ზერკალო ნედელის განუცხადა, რომ ეს ზეწოლა რამდენიმე მიმართულებით ხორციელდებოდა. ესაა ყარაბაღის საკითხი, შიდაპოლიტიკური სიტუაციის დესტაბილიზაციის საფრთხე და რუსული ენერგომატარებლების ფასები.

სომხეთი კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების (ОДКБ) წევრია, რომელშიც, მის გარდა, რუსეთი, ბელარუსი, ყაზახეთი, ტაჯიკეთი და ყირგიზეთი შედიან. მის ტერიტორიაზე რუსული სამხედრო ბაზაა განლაგებული, თურქეთთან საზღვარს კი რუსი მესაზღვრეები აკონტროლებენ. შესაბამისად, მეზობელ სახელმწიფოსთან კონფლიქტში ჩაბმული სომხეთისთვის ეს უსაფრთხოების მთავარი გარანტიაა. თუმცა, ბოლო წლებში მოსკოვმა აზერბაიჯანს რამდენიმე მილიარდი დოლარის თანამედროვე შეიარაღება მიჰყიდა. ივლისის ბოლოს კი, ვლადიმირ პუტინი ბაქოს პირველად ეწვია და აზერბაიჯანელ კოლეგას შეხვდა, რაც ერევნისთვის შემაშფოთებელი სიგნალი უნდა გამხდარიყო.

ერევანში ზოგიერთი ექსპერტი ამტკიცებს, რომ სომხეთის სწრაფვა ევროკავშირთან ეკონომიკური ინტეგრაციისკენ რუსეთთან შეთანხმებული იყო. ერევანს არ გამოუხატავს ევროკავშირის ან, მით უმეტეს, NATO-ს წევრობის ამბიცია. თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმი ევროკავშირთან კი არათუ დააზარალებდა მოსკოვს, არამედ, წესით, მოგებიანი უნდა ყოფილიყო რუსული კაპიტალისთვის, რომელიც სომხეთში ინვესტიციების მთავარი წყაროა. თუმცა, როგორც რუსული ნეზავისიმაია გაზეტა წერს, სომხეთზე რუსული ზეწოლის მთავარი მოტივი არა ეკონომიკური, არამედ პოლიტიკური იყო და მოსკოვს „იმის ფუფუნება არ ჰქონდა", რომ უახლოესი მოკავშირის ევროსტრუქტურებთან ინტეგრაციის პრეცედენტი დაეშვა.

„რუსეთის ინტეგრაციული სამიზნე არა პატარა სომხეთი, არამედ უფრო „საინტერესო" პოსტსაბჭოთა ქვეყნებია. სანამ გაურკვეველია უკრაინის საკითხი, ამ ქვეყნის საბაჟო კავშირში ინტეგრაციის მოწინააღმდეგეებისთვის სომხეთის წასვლით „კოზირის" მიცემა თვითმკვლელობის ტოლფასი იქნებოდა", – განმარტავს გამოცემა სარედაქციო სტატიაში „მცირე აუცილებელი გამარჯვება".

სწორედ უკრაინაზე „აუცილებელი გამარჯვების" მოსაპოვებლად, კრემლმა ნამდვილი ომი გამოაცხადა, რომელშიც მთავარ მოწინააღმდეგედ ევროკავშირი და 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ შექმნილი აღმოსავლეთ პარტნიორობის ფორმატი აქცია, რომლის ფარგლებშიც ბრიუსელმა რამდენიმე ქვეყანას ასოცირების შეთანხმების გაფორმება შესთავაზა.

„წინადადებებით" საბაჟო კავშირში გაწევრიანების შესახებ, ვლადიმირ პუტინმა უკრაინელ კოლეგას არაერთხელ მიმართა. დაწყებული 2010 წლიდან, უკრაინის ახალი ხელისუფლება, რომელმაც კრემლს სრული ლოიალურობა გამოუცხადა, NATO-ში ინტეგრაციაზე უარი თქვა და რუსულ ფლოტს ყირიმში ყოფნის ვადა გაუხანგრძლივა, რუსულ ბუნებრივ გაზზე „უსამართლო" ფასების შემცირების მიღწევას ამაოდ ცდილობს.

მთავარი პირობა, რასაც პუტინი კიევს უყენებს, ევროკავშირთან თავისუფალ ვაჭრობაზე უარის თქმა და საბაჟო კავშირში გაწევრიანებაა, რის საფასურადაც კრემლი უკრაინას შეღავათებს ჰპირდება. უარის შემთხვევაში კი, პუტინი კიევს არაერთხელ დამუქრებია სანქციებით და ძალაც უჩვენებია.

ვილნიუსის სამიტის მოახლოებასთან ერთად, რომელზეც უკრაინა ევროკავშირთან ასოცირებისა და თავისუფალი ვაჭრობის შესახებ უკვე პარაფირებული შეთანხმების ხელმოწერას გეგმავს, რუსეთის პრეზიდენტიც გააქტიურდა. ივლისის ბოლოს, პუტინი უკრაინას არაფორმალური ვიზიტით, კიევის რუსეთის გაქრისტიანების 1025 წლისთავთან დაკავშირებთ ეწვია. კიევსა და სევასტოპოლში თავის გამოსვლებში მან არაერთხელ გაუსვა ხაზი ორი ქვეყნის ტრადიციულ კავშირებს და საბაჟო კავშირის „უპირატესობებს" ევროკავშირთან შედარებით.

ვიზიტის დასრულებიდან მეორე დღეს კი, რუსეთში უკრაინული კომპანია Roshen-ის ტკბილეულის იმპორტი აიკრძალა, პროდუქციის უხარისხობის საბაბით, რაც კიევში პოლიტიკის ზეწოლის ელემენტად აღიქვეს. 13 აგვისტოს რუსეთის საბაჟომ ყველა უკრაინული ტვირთი რისკის ჯგუფში შეიყვანა, რაც ტვირთის სავალდებულო გადმოცლას და გაძლიერებულ შემოწმებას ითვალისწინებს. ამან ორი ქვეყნის საზღვარზე შეფერხებები გამოიწვია და უკრაინული კომპანიები დააზარალა. რუსეთის მთავრობას კომენტარი არ გაუკეთებია, ბრიუსელმა კი შეშფოთება გამოთქვა. ერთ კვირაში შეზღუდვები მოიხსნა, თუმცა რუსეთის მთავრობის წარმომადგენლებმა არაორაზროვნად განაცხადეს, რომ იმ შემთხვევაში, თუ უკრაინა ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებას ხელს მოაწერს, საზღვარზე რეჟიმი გამკაცრდება.

თუმცა, ამ დრომდე, კიევზე ზეწოლის მცდელობები წარუმატებელი იყო. ამის მიზეზი არა იმდენად ვიქტორ იანუკოვიჩის და რეგიონების პარტიის ერთგულებაა ევროპული ფასეულობების მიმართ, რამდენადაც იმ ჯგუფის ფინანსური ინტერესები, რომლებსაც ისინი წარმოადგენენ, რომლებისთვისაც ევროპასთან თავისუფალი ვაჭრობა ბევრად უფრო მოგებიანია, ვიდრე რუსეთთან საერთო ეკონომიკურ სივრცეში ინტეგრაცია, რასაც უკრაინისგან კრემლი მოითხოვს.

ევროკავშირთან ასოცირებისა და თავისუფალი ვაჭრობის კიდევ ერთი კანდიდატი, მოლდოვა, რუსეთის მხრიდან ასევე ზეწოლას განიცდის. 10 სექტემბერს რუსეთის სანიტარულმა სამსახურმა მოლდოვიდან ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების იმპორტი, მათი უხარისხობის საბაბით აკრძალა. მოლდოვასთან მიმართებით ზეწოლის ასეთ ხერხებს მოსკოვი, ტრადიციულად, პოლიტიკური უთანხმოების შემთხვევაში მიმართავს. კიშინიოვში უარყვეს პროდუქციის ხარისხის რაიმე პრობლემის არსებობა, რადგან იგივე პროდუქცია ევროკავშირის ქვეყნებში გადის და ონიშჩენკოს გადაწყვეტილება პოლიტიკურ ზეწოლად შეაფასეს.

7 სექტემბერს მოლდოვას რუსეთის პატრიარქი კირილი ეწვია და „მოლდოვის მომავლისთვის" ილოცა, ასევე ისაუბრა ამ ქვეყნის ერთმორწმუნე რუსეთთან კავშირების გამტკიცების აუცილებლობაზე. მოსკოვს დაქვემდებარებული ეკლესია ქვეყანაში უფრო დიდი გავლენით სარგებლობს, ვიდრე რუმინეთის ეკლესიის ბესარაბიის ეპარქია და ევროპული ინტეგრაციის და მოქმედი პროევროპული მთავრობის წინააღმდეგ ღიად გამოდის.

რამდენიმე დღით ადრე კი, მოლდოვას რუსეთის ვიცეპრემიერი, დნესტრისპირეთის კონფლიქტის მოგვარების საკითხებში კრემლის სპეციალური წარმომადგენელი დმიტრი როგოზინი სტუმრობდა. როგორც მედიისთვის ინკოგნიტოდ მიცემულ კომენტარებში მოლდოველი დიპლომატები ამტკიცებენ, როგოზინი კიშინიოვზე ზემოქმედებას შეეცადა, რათა ქვეყანას ევროკავშირთან შეთანხმების გაფორმებაზე უარი ეთქვა. მათი თქმით, როგოზინმა მასპინძლებს პირდაპირ განუცხადა, რომ შეთანხმების გაფორმება „სერიოზული და ძვირადღირებული შეცდომა" იქნება.

კერძოდ, რუსეთის წარმომადგენელი მოლდოვას სავაჭრო შეზღუდვებით, მიგრანტებისთვის საზღვრის ჩაკეტვით და დნესტრისპირეთის სეპარატისტული რეგიონის საბოლოო დაკარგვით დაემუქრა.

ზეწოლის ამგვარი ფორმებით აღშფოთება 11 სექტემბერს გაფართოებისა და სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში ევროკომისარმა შტეფან ფულემ გამოთქვა. მან რუსეთს მოუწოდა, ევროკავშირის პარტნიორი ქვეყნების სუვერენულ არჩევანს პატივი სცეს. 12 სექტემბერს, სპეციალური რეზოლუციით, რუსეთის ზეწოლა მეზობლებზე ევროპარლამენტმა დაგმო. ევროპარლამენტარებმა ევროკომისიას და ევროპულ საბჭოს პარტნიორი ქვეყნების ევროპული მისწრაფებებისა და არჩევანის დასაცავად ქმედითი ზომების მიღება სთხოვეს.

საქართველოზე, ახალი მთავრობის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, მოსკოვს ამგვარი პირდაპირი ზეწოლა არ მოუხდენია. პირიქით, ქართული პროდუქციის გარკვეულ სახეობებს საკუთარი ბაზარიც გაუხსნა.

აგრამ, იმავდროულად, არ შეუწყვეტია მტრული და აგრესიული მოქმედებები ოკუპირებული ტერიტორიების გარშემო. კერძოდ, ადმინისტრაციული საზღვრების გადმოწევა და მავთულხლართების მასშტაბური გავლება დაიწყო, რის შესახებაც ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ არ სჯერა, ამას რუსეთის ხელისუფლება აკეთებდეს და ეს მის „ანალიზში არ შედიოდა".

12 სექტემბერს ვლადიმირ პუტინმა განკარგულება გასცა ცხინვალის რეჟიმთან „სახელმწიფო საზღვრის" შესახებ ხელშეკრულების გაფორმების თაობაზე.

მინიშნება იმაზე, რომ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებული პრობლემები შესაძლოა ქვეყნის ევრაზიულ კავშირში ინტეგრაციით გადაწყდეს, „ევრაზიელთა" ლიდერმა ალექსანდრ დუგინმა ივნისში გააკეთა. მისი განცხადებით, საქართველოსა და სამხრეთ ოსეთის ერთიან კავშირში შესვლის შემთხვევაში, მათ შორის საზღვარი საჭირო აღარ გახდება.

საქართველოში ახალი მთავრობის მოსვლის დღიდან, ზოგიერთი რუსი ექსპერტი ქვეყნის პოლიტიკის რუსეთისკენ შემობრუნებას ელოდა. ახალი მთავრობის ზოგიერთი განცხადება და ქმედება მათ ამისთვის საკმარის საფუძველს აძლევდა.

ერთ-ერთი ასეთი „იმედისმომცემი" განცხადება პრემიერმინისტრმა იანვარში, სომხეთში ვიზიტის დროს გააკეთა. მაშინ ბიძინა ივანიშვილმა თქვა, რომ „შურს" სომხეთის, რომელიც, მისი თქმით, ერთდროულად რუსეთთან და დასავლეთთან კარგი ურთიერთობის დამყარებას ახერხებს. როგორც მაშინ მთავრობამ განმარტა, პრემიერი ევროატლანტიკურ ინტეგრაციაზე უარის თქმას არ აპირებს და სომხეთის მსგავსად რუსეთის გავლენის სფეროში დაბრუნებას არ გულისხმობდა.

ევრაზიული კავშირის შესახებ ივანიშვილის განცხადება კიდევ ერთი შემთხვევა გახდა, როდესაც საქართველოს პრემიერის განცხადებებმა ქვეყნის შიგნით თუ მის გარეთ ბევრს აღუძრა ეჭვები მთავრობის პროდასავლური რიტორიკის გულწრფელობასთან დაკავშირებით. ამან შესაძლოა კრემლს იმის შეგრძნება გაუჩინოს, რომ მისი ზეწოლა საქართველოზე წარმატებულია და არსებული პოლიტიკის გაგრძელებით და გაძლიერებით საკუთარი მიზნის – საქართველოს ევროატლანტიკური გზიდან საბოლოოდ ჩამოცილების – მიღწევა შეუძლია.

სომხეთი იმის მაგალითი გახდა, ზეწოლის რა მეთოდებს იყენებს კრემლი უახლოესი მოკავშირეების მიმართაც. გასულ თვეში მოსკოვი კიდევ ერთ მოკავშირეს – საბაჟო კავშირში შემავალ ბელარუსს – ენერგომატარებლების მიწოდების შეფერხებით დაემუქრა. ამის მიზეზი რუსი ბიზნესმენის დაკავება გახდა, რომელსაც სამართალდამცავები ერთ-ერთი მსხვილი საწარმოს – ბელარუსკალიუმის მითვისების მცდელობაში ადანაშაულებენ. 10 სექტემბერს ბელარუსის პრეზიდენტმა ისიც განაცხადა, რომ საწარმოს გარშემო შექმნილი ვითარება „ამ რუსი ნაძირლების" ქმედებების შედეგია.

იმის შესახებ, თუ რას წარმოადგენს ევრაზიული კავშირი და რა მომავალი ელის გაერთიანებას, წერს ამერიკული გამოცემა The National Interest. „ეს რუსული კონცეფციაა და ევრაზიულ კავშირში იგივე ნაკლოვანებები იქნება ჩადებული, რაც დღევანდელ რუსეთს ახასიათებს. ეს არის ადამიანის უფლებების უპატივცემულობა, შერჩევითი მართლმსაჯულება და ყოვლისმომცველი კორუფცია... სავსებით გასაგებია, რომ ეს ამ გაერთიანების პოტენციურ წევრებში შიშს და ეჭვებს იწვევს, ვინაიდან ისინი საკუთარ სუვერენიტეტს უფრთხილდებიან", – აღნიშნავენ ავტორები.

მათ მიაჩნიათ, რომ, ზეწოლის მიუხედავად, უკრაინა ევრაზიული კავშირის წევრი არ გახდება, რაც ამ გაერთიანებას აზრს უკარგავს, რადგან ყირგიზეთი და ტაჯიკეთი რუსეთისთვის ტვირთი გახდება, ყაზახეთისა და ბელარუსის ლიდერები კი, რომლებიც თავიანთ ქვეყნებს მრავალი წელია მართავენ, ძალაუფლების პუტინისთვის გაზიარებას არ აპირებენ.

The National Interest-ის ანალიტიკოსთა აზრით, ევრაზიული კავშირი „პუტინის განუხორციელებელი ოცნებაა" და რაც უფრო მალე აღიარებს ამას რუსეთის ლიდერი, მით უკეთესი იქნება რეგიონის სტაბილური განვითარებისთვის.

კომენტარები