ბიძინა ივანიშვილი

ივანიშვილი: ევროკავშირს რუსეთთან უნდა ჰქონდეს ინტენსიური და პრინციპული დიალოგი

fb.com/OfficialBIDZINAIVANISHVILI

საქართველოს პრემიერმინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა ევროკავშირის საბჭოს პოლიტიკური და უსაფრთხოების კომიტეტის წევრ ელჩებთან შეხვედრისას თქვა, რომ ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია ქვეყანას დემოკრატიის ჩამოყალიბების შესაძლებლობას მისცემს.

"მხოლოდ ეს განაპირობებს ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოების განმტკიცებასა და დემოკრატიულ განვითარებას. ჩვენი ხელისუფლების უპირველესი ამოცანაა, დემოკრატიული ღირებულებების დამკვიდრება, დემოკრატიის პრინციპების დაცვა და ამ პრინციპებზე დაფუძნებული სახელმწიფოს შენება. სწორედ ამიტომ, ევროკავშირში ინტეგრაციის დღის წესრიგით გათვალისწინებული რეფორმები მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს საქართველოს ნამდვილ ტრანსფორმაციასა და ევროპეიზაციას. ეს კი, საბოლოოდ, უზრუნველყოფს ჩვენი ქვეყნის სტაბილურობას, ქმედითი დემოკრატიული ინსტიტუტების ჩამოყალიბებას, ქვეყნის უსაფრთხოებასა და ეკონომიკურ აღმავლობას. ამ პროცესში გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ევროკავშირისა და მისი თითოეული წევრი ქვეყნის მხარდაჭერასა და დახმარებას. ჩვენ მზად ვართ, ვილნიუსის სამიტზე ასოცირების შესახებ შეთანხმების პარაფირებისთვის, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის ჩათვლით. ჩვენ ველით, რომ სამიტი მხარს დაუჭერს შეთანხმების ხელმოწერას ევროკომისიის არსებული შემადგენლობის ვადის ამოწურვამდე", - თქვა პრემიერმინისტრმა.

ივანიშვილის თქმით, საქართველოს პრიორიტეტი ევროკავშირთან თანამშრომლობის გაღრმავებაა, ერთიანი საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის, ასევე ერთიანი უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკის მიმართულებით. მისივე თქმით, საქართველო მზად არის, NATO-ს მისიების პარალელურად, საერთო უსაფრთხოებისთვის ევროკავშირის კრიზისის მართვის ოპერაციებში მონაწილეობით საკუთარი წვლილი შეიტანოს.

"დარწმუნებული ვართ, აღმოსავლეთ პარტნიორობის ვილნიუსის სამიტს აქვს იმის პოტენციალი, რომ ისტორიულ მოვლენად იქცეს. მან შეუქცევადი უნდა გახადოს იმ პარტნიორი ქვეყნების ევროკავშირში ინტეგრაცია, რომლებსაც ამის მტკიცე სურვილი აქვთ. ჩვენთვის მეტად დასაფასებელია ევროკავშირის როლი და ჩართულობა საქართველოში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის ხელშეწყობის საქმეში. ამ კუთხით განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ისეთი მიმართულებები, როგორიცაა - ევროკავშირის მონიტორინგის მისიის საქმიანობა, რომელიც ოკუპაციის ხაზზე უსაფრთხოების ვითარების კონტროლის ერთადერთი ქმედითი საერთაშორისო მექანიზმია; ჩვენი ქვეყნის ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებით ეფექტიანი არაღიარების პოლიტიკის გატარება, რისთვისაც აუცილებელია გაგრძელდეს ძალისხმევა ამ პოლიტიკის განსამტკიცებლად; სამხრეთ კავკასიაში და საქართველოს კრიზისის საკითხებში სპეციალური წარმომადგენლის საქმიანობა და ჟენევის მოლაპარაკებებში აქტიური მონაწილეობა", - აღნიშნა ბიძინა ივანიშვილმა. 

ივანიშვილის თქმით, მნიშვნელოვანია, ევროკავშირ-რუსეთის პოლიტიკური დიალოგის დღის წესრიგში საქართველოსთან დაკავშირებული საკითხები მუდმივად ფიგურირებდეს.

"მეტად საჭიროდ მიგვაჩნია, ევროკავშირმა რუსეთთან აწარმოოს ინტენსიური და პრინციპული დიალოგი ისე, რომ აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრი ქვეყნების დაახლოება ევროკავშირთან არანაირად არ იქნას აღქმული მოსკოვში, როგორც რუსეთის წინააღმდეგ მიმართული პოლიტიკა. პირიქით, ამ ქვეყნების დაახლოება რუსეთის მთავარ სავაჭრო-ეკონომიკურ პარტნიორთან - ევროკავშირთან - ემსახურება ევროკავშირისა და რუსეთის ერთობლივ ინტერესებს", - თქვა ივანიშვილმა.

კომენტარები