კინო

ფედერიკო ფელინი

სიზმრების დიდოსტატი

„ფელინი დიდი კაცია. მან ეს იცის და ყველა ამავეს ეუბნება, რომ დიდია. შესაბამისად, მის გარშემო სულ დიდი რამეები ტრიალებს – გიგანტური საწოლები, ვეებერთელა ქუდები, ქალების უშველებელი, უკიდეგანო უკანალები. თუმცა, ფელინის მიერ დანახული სამყარო, მისივე ფილმების დეკორისგან განსხვავებით, პატარაა, უზომოდ მცირე და ვიწრო ჩარჩოებშია მოქცეული. მისი სამყარო პროვინციაა, მიკროკოსმოსი, სადაც ადამიანები ელეფანტიაზით არიან დაავადებულები", – ასე დაახასიათა დიდი მაესტრო მისმა უმცროსმა და ასევე დიდმა კოლეგამ, ბერნარდო ბერტოლუჩიმ.

ამ გამონათქვამს, ისევე როგორც ორივე რეჟისორის შემოქმედებას, დიდი მითქმა-მოთქმა მოჰყვა, თუმცა, ბოლოს შეთანხმდნენ, რომ არაფერი დაშავდება, თუ ერთი რეჟისორი მეორის შემოქმედებაში, პირველ რიგში, დიდ უკანალებსა და მიკროსამყაროს ხედავს, მთავარია, რომ ეს სიტყვები მჟღერადი, ეფექტურია. ეფექტს მოკლებული გამონათქვამები კი ფელინის უბრალოდ არ შეშვენის.

იტალიის პატარა ქალაქში დაბადებული ფედერიკო ფელინი, მსოფლიო კინოს ისტორიის ერთ-ერთი ყველაზე დიდი რეჟისორია. კარიერის მანძილზე მოპოვებულ ხუთ ოსკართან და უამრავ საერთაშორისო პრემიასთან ერთად, იტალიის რესპუბლიკის ყველაზე დიდი ჯილდოს – დიდი ჯვრის ორდენოსანი კავალერია და მის სახელს ატარებს მშობლიური ქალაქის – რიმინის აეროპორტი.

ფელინიმ, ჯერ კიდევ ძალიან ახალგაზრდამ, მშობლიური პროვინციული ქალაქიდან დედაქალაქში ჩასასვლელად უნივერსიტეტში იურისპრუდენციის სწავლა მოიმიზეზა. სინამდვილეში კი, რომში გადასვლისთანავე მთავარი ოცნების ასრულებას შეუდგა – ჯერ სტატიებისა და სცენარების წერას, შემდეგ კი ფილმების გადაღებას მიჰყო ხელი. ხელოვნება მისი ბავშვობისდროინდელი უმთავრესი გატაცება იყო. ხატვის ნიჭი ადრეულ ასაკშივე გამოავლინა, ცხოვრების ბოლომდე თავს სხვადასხვა ჩანახატების კეთებითა და კარიკატურების ხატვით იქცევდა. ფილმები რომ ენახა, ამის გამო კი, მისივე თქმით, ხშირად სახლიდან იპარებოდა და ქალაქის კინოთეატრში მშობლების დაუკითხავად მიეშურებოდა ხოლმე.

A still from the movie La Dolce Vita.

80-იან წლებში მიცემულ ერთ-ერთ ინტერვიუში, დიდმა მაესტრომ ხელოვნებისა და თავისი საქმიანობის არსი ამგვარად ახსნა: „ვფიქრობ, რომ ცხოვრების ინტერპრეტირება საჭიროა. ჩვენი ყოფა, ასე, ალალბედზე რომ მივუშვათ, აზრს, მნიშვნელობას დაკარგავს და კოშმარულად მოგვეჩვენება. ხელოვნება კი ის საშუალებაა, რომელიც სიმყუდროვის, დამაჯერებლობის განცდას გვიტოვებს და ჩვენს ცხოვრებას უფრო დაცულად აქცევს. გვაიძულებს, ვიფიქროთ არსებობის შესახებ, რომელიც ცალკე, დამოუკიდებლად აღებული, შეიძლება წარმოადგენდეს მხოლოდ ერთობლიობას გულების, რომლებიც ძგერს, კუჭის, რომელიც საკვებს ინელებს, ფილტვების, რომლებიც სუნთქავს და თვალების, რომლებიც ივსება კადრებით, რომლებსაც აზრი არა აქვს".

მისი შემოქმედება კოლეგებმა ნეოკლასიკა მაგიურ რეალიზმად მონათლეს, ამ ტერმინის არაკლასიკური გაგებით: „ის მაგიას კი არ აქცევს რეალობად, ყოფით ამბებს აძლევს მაგიურ ელფერს". ის სიზმრებისა და ოცნებების რეჟისორია. ფელინის მაგია კი, მის მიერ შექმნილი პერსონაჟები, მაყურებლებს, როგორც წესი, ძალიან დიდი ხნით ამახსოვრდებათ. და მნიშვნელობა არ აქვს, მის ფილმებში ვის ასახიერებენ მსახიობები – ჩინოვნიკებს, სენტიმენტალურ მეძავებს თუ რუტინით დაღლილ დასახლისებს – მათი მეტყველება, მიმოხვრა, უბრალო გავლაც კი ყოველთვის მკვეთრი და გამომწვევია.

დიდი მაესტროს გარდაცვალებიდან ოცი წელი გავიდა. ამ თარიღთან დაკავშირებით, მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში არაერთი გამოფენა, შეხვედრა და წარმოდგენა გაიმართა. მისივე, საკარნავალო სანახაობების დიდოსტატის ხსოვნას მიეძღვნა ვენეციის წლევანდელი კარნავალი. თბილისში კი, ამა წლის სექტემბრის თვის პირველ კვირას, იტალიის საელჩო საქართველოში რეჟისორის ფილმების რეტროსპექტულ ჩვენებას მართავს. კინოსეანსები სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის სივრცეში გაიმართება. ფელინის დღეების ფარგლებში, რეჟისორის ხუთი, სხვადასხვა დროს გადაღებული ნამუშევარი იქნება წარმოდგენილი: „თეთრი შეიხი", „რომი", „დედიკოს ბიჭები", „ტკბილი ცხოვრება" და „ჯინჯერი და ფრედი".

დღეს, მისი ცხოვრებისა და შემოქმედების შესახებ ბევრს საუბრობენ და წერენ. თუმცა, თავად ფედერიკო ფელინიმ, უკვე ხანდაზმულმა, განვლილი გზა და საკუთარი თავი შემდეგნაირად დაახასიათა: „იმის განცდა, რომ დრო გადის, არ მაქვს. მეჩვენება, რომ მუდამ სცენაზე, ერთ ადგილას ვარ გაჩერებული და ყველაფერი, რაც გარს მახვევია, მზად არის – ნივთები, საჭირო ინვენტარი, ნახატები, ადამიანები, გრძნობები, ფერები. ეს, მართლაცდა, მუდამ ასე იყო. მას შემდეგ, რაც ჩემი ცხოვრებით არსებობას შევუდექი, ანუ ფილმებზე მუშაობა დავიწყე, დრო თითქოს შეჩერდა, გაირინდა. მგონია, რომ სულ ერთი და იგივე დღეა და მუდამ თეატრში ვცხოვრობდი, მეგაფონით ხელში ვყვიროდი, შარლატანობას ვეწეოდი, კლოუნი, საჯარო უსაფრთხოების კომისარი, გენერალი ვიყავი. ამ ბოლო ორმოცი წლის მოგონებებს წყვდიადი და ნათელი ერთდროულად აფენია. სადღაც ზემოთ წყვდიადია და ნათელი გარს მახვევია, აქა-იქ ჩრდილები მიმოდიან. ვფიქრობ, რომ ჩემი ცხოვრება ამ კადრების ფონზე მიილია და ჯერაც ილევა".

 

კომენტარები