რუსეთ-საქართველოს ურთიერთობა

ჯალაღანია: რუსეთი საქართველოს ოკუპირების გეგმას აგრძელებს

mfa.gov.ge

რუსეთი საქართველოს ოკუპირების გეგმას აგრძელებს, - განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით ჯალაღანიამ დვანსა და დიცში ოკუპანტების მიერ მავთულხლართების გაბმის განახლების საკითხზე.

"იმ ფონზე, როდესაც საქართველო მაქსიმალურად ცდილობს, კონსტრუქციულ ჭრილში გადაიტანოს დიალოგი ჩვენს ჩრდილოელ მეზობელთან, სამწუხაროდ, კიდევ ერთხელ გვიწევს იმის აღნიშვნა, რომ რუსული მხარე ნამდვილად არაკონსტრუქციულობით გამოირჩევა. ეს მწვავე, მტკივნეული საკითხია. სამწუხაროდ, ეს პროცესი ახლა არ დაწყებულა. რუსეთი, სამწუხაროდ, აგრძელებს თავის გეგმას ძალზე მიზანმიმართულად. ხანდახან შეჩერდება, ხანდახან მძაფრდება ეს აქტივობა, თუმცა განწყობა საოკუპაციო რეჟიმის არ იცვლება", - განაცხადა დავით ჯალაღანიამ.

მისივე თქმით, ქართული მხარის ქმედება იქნება ინტენსიური, ეს იქნება დიალოგი პარტნიორ ქვეყნებთან და სტრუქტურებთან. საქართველოს პასუხი იქნება ცივილური და მშვიდობიანი.
"ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულებითაც არის განსაზღვრული ის ვალდებულება, რომ რუსეთმა უნდა დაიხიოს უკან და დატოვოს ოკუპირებული ტერიტორიები. ამდენად, ბერკეტებში თუ ჩავთვლით ამ საერთაშორისო ვალდებულებებს, უნდა გვქონდეს ცივილურ ძალასთან საქმე და, ალბათ, უფრო ოპტიმისტები ვიქნებით", - განაცხადა დავით ჯალაღანიამ.

კომენტარები