სამთავრობო თვითმფრინავი

წარწერა „სოხუმი“ სამთავრობო თვითმფრინავის ბორტზე კომპანია აირზენამ წაშალა

საქართველოს მთავრობა არ აგებს პასუხს იმაზე, რომ თვითმფრინავის ბორტიდან, რომლითაც ადრე საქართველოს პრეზიდენტი სარგებლობდა, წარწერა “სოხუმი“ გაქრა. ამის შესახებ დღეს საქართველოს ეკონომიკის მინისტრის მოადგილე ნათია მიქელაძემ განაცხადა.

საქართველოს პრეზიდენტმა თვითმფრინავზე წარწერა „სოხუმის“ წაშლით დღეს უკმაყოფილება გამოხატა.

ნათია მიქელაძის განცხადებით, მთავრობა ამ თვითმფრინავს არ განკარგავს და ის კერძო კომპანიის მფლობელობაშია.

„თვითმფრინავი, რომელზეც ადრე პრეზიდენტი დაფრინავდა, საქართველოს ბანკის საკუთრებაა. აქედან გამომდინარე, არ ვფლობთ ინფორმაციას, როდის და რატომ მოხდა ამის წაშლა. მესაკუთრეს როგორც უნდა, ისე განკარგავს თავის თვითმფრინავს“,  -  აღნიშნა მინისტროს მოადგილემ.  

კომპანია აირზენა-საქართველოს ავიახაზების ხელმძღვანელმა თამაზ გაიაშვილმა, რომელსაც თვითმფრინავი იჯარით აქვს აღებული, დაადასტურა, რომ წარწერის წაშლა მისი გადაწყვეტილებით მოხდა. მისი განცხადებით, „კომპანიის გადასაწყვეტია, რა ეწერება თვითმფრინავს“ და  მთავრობას ამ საქმეში ჩარევის უფლება არ აქვს.

გაიაშვილის თქმით, აირზენა ამ თვითმფრინავით, სამთავრობოს გარდა, კერძო შეკვეთებსაც ასრულებს. 

კომენტარები