შემთხვევა საქართველოს ბანკში

შსს-მ ცრუ შეტყობინების კიდევ ერთი ავტორი დააკავა

RFE/RL

შსს-მ საქართველოს ბანკში ნაღმის შესახებ ცრუ შეტყობინების ავტორი დააკავა. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის უფროსმა ნინო გიორგობიანმა ტაბულას უთხრა, დაკავებული სრულწლოვანია და მის მიმართ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა. შსს-ს ცნობითვე, საქართველოს ბანკის ცენტრალურ ფილიალში ბომბის არსებობასთან დაკავშირებით შეტყობინება 112-ში დაახლოებით 16:00 საათზე შევიდა. 

შენობა ევაკუირებული იყო და გამნაღმველები მუშაობდნენ. მათ მუშაობა უკვე დაასრულეს. შენობაში ბომბი არ აღმოჩნდა.

ბოლო დღეების მანძილზე, 112-ზე შესული ზარების გამო, ევაკუაცია რამდენჯერმე გამოცხადდა ტელეკომპანიებში - იმედი, რუსთავი 2, მაესტრო. ასევე, თბილისის საერთაშორისო აეროპორტსა და საქართველოს პარლამენტში. დღეს გამნაღმველები მუშაობდნენ ოზურგეთის რაიონის სოფელ დვაბზუს ორ სკოლაში.

ტერორიზმის შესახებ ცრუ შეტყობინების გახშირებული შემთხვევების გამო, სისხლის სამართლის კოდექსში შედის ცვლილება, რომლის მიხედვითაც, ტერორიზმის შესახებ ცრუ შეტყობინება დაისჯება ჯარიმით ან გამოსასწორებელი სამუშაოთი, ერთიდან ორ წლამდე ვადით ან ორიდან ხუთ წლამდე თავისუფლების აღკვეთით. თუკი აღნიშნული ქმედება დამამძიმებელ გარემოებებში იქნება ჩადენილი, სანქცია თავისუფლების აღკვეთით ხუთიდან შვიდ წლამდე განისაზღვრება.

 

კომენტარები