საქართველოს პრემიერმინისტრის ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, საქართველოს რკინიგზის შემოვლითი პროექტი ქვეყნისათვის სრულიად გამოუსადეგარია.
"მე ვფიქრობ, რომ რკინიგზის უფროსის მოადგილე ან ვიღაც პრეზიდენტს გასცემენ პასუხს. მე, რა თქმა უნდა, ვმონაწილეობდი ამ პროექტის განხილვაში და ბევრ უაზრო პროექტებთან ერთად, ეს პროექტიც აბსოლუტურად არასასარგებლოა ქვეყნისათვის", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.
საქართველოს პრემიერმინისტრის კომენტართან დაკავშირებით, საქართველოს რკინიგზამ პროექტის მიმდინარეობის შესახებ განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ შემოვლითი რკინიგზის პროექტის კვლევის შედეგად დადგინდა შემდეგი:
1.წლიური მოვლა-შენახვის და საოპერაციო ხარჯები შემოვლითი
რკინიგზისთვის იზრდება 12.2 მლნ დოლარამდე (+51% არსებულთან
შედარებით);
2. მატარებლის საოპერაციო ხარჯი იზრდება 35%-ით;
3. ინფრასტრუქტურის საოპერაციო ხარჯი იზრდება 31%-ით
4. ინფრასტრუქტურის მოვლა-შენახვის ხარჯი იზრდება 73%-ით;
საქართველოს რკინიგზა ინფორმაციას, თითქოს პროექტის 80%-ია შესრულებული, ტყუილს უწოდებს.
"ამჟამად მიმდინარეობს კვლევები პროექტის ტექნიკური პარამეტრების გაუმჯობესებასთან დაკავშირებით, რომლის საფუძველზეც საბოლოო გადაწყვეტილების მიღება თბილისის შემოვლითი რკინიგზის პროექტთან დაკავშირებით მოხდება საქართველოს მთავრობის მიერ", - ნათქვამია განცხადებაში.
საქართველოს რკინიგზის შემოვლითი პროექტის შეჩერების გამო პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა მთავრობა მწვავედ გააკრიტიკა. პრეზიდენტი 15 სექტემბერს ავჭალაში თბილისის მერთან, გიგი უგულავასთან, ერთად პროექტის დასათვალიერებლად იმყოფებოდა.
საქართველოს რკინიგზის განცხადების სრულ ვერსიას შეგიძლიათ აქ გაეცნოთ.





