ევრაზიული კავშირი

სააკაშვილი: ივანიშვილმა დაარღვია ქართული პოლიტიკის მთავარი ტაბუ

მიხეილ სააკაშვილი
fb.com/SaakashviliMikheil

საქართველოს პრეზიდენტმა რეგიონებში არსებული სასწავლებლების სტუდენტებთან შეხვედრაზე, ევრაზიული კავშირის შესახებ ისაუბრა და განაცხადა, რომ ბიძინა ივანიშვილთან კამათს არ აპირებდა, მაგრამ რადგან პრემიერმა ამ საკითხთან დაკავშირებით ტაბუ დაარღვია, საჭიროდ ჩათვალა ამ თემაზე ესაუბრა.

"ჩვენ გვქონდა საუბარი ამ თემაზე და მიუხედავად იმისა, რომ ჯერ უამრავ რამეზეა სამსჯელო, ეს საკითხი ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ფაქტი სახეზეა და უნდა ვაღიაროთ ერთი რამ, რომ მთავარი რამ შეიცვალა ამ დღეებში - პრემიერმა ივანიშვილმა რამდენიმე დღის წინ დაარღვია ქართული პოლიტიკის მთავარი ტაბუ. ეს მისი აბსოლუტური უფლება იყო, როგორც პოლიტიკური თანამდებობის პირის, მით უმეტეს არჩეულის. მაგრამ ახლა, როდესაც ეს ტაბუ დარღვეულია და როდესაც ეს საკითხი დებატის საგანია, უნდა წავიდეს საქართველო დასავლეთში თუ ჩრდილოეთში? უფრო გამართლებულია ეკამათო ადამიანს, რომელმაც ეს ტაბუ დაარღვია. მთავარი გავიგოთ, თუ რასთან გვაქვს საქმე - რას ნიშნავს ეს დებატი ჩვენთვის და ჩვენი შვილებისთვის, საშუალო და გრძელვადიან პერსპექტივაში. ეს არ არის ჩვეულებრივი პრაგმატული არჩევანი ევროპასა და ევრაზიას შორის. ევროპასა და ევრაზიას შორის არჩევანს აქვს კონკრეტული პოლიტიკური გაგრძელება. ეს არ არის პოლიტიკის კონტექსტში გაკეთებული პრაგმატული არჩევანი. მე აქ არ ვარ იმისთვის, რომ ვინმეს თავს დავესხა, მე აქ ვარ იმისთვის, რომ  გავაფრთხილო ხალხი, თუ რასთან გვაქვს საქმე. მეგობრებო, ევროპა არის ჩვენი ფესვი, ჩვენი ქართველების თვითმყოფადობის ფუძე, თავისუფალი ერისა და ხალხის მომავალი", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

პრეზიდენტმა მისი მთავრობის პერიოდში ევროკავშირსა და NATO-სთან მიმართებით გადადგმული ნაბიჯებიc გაიხსენა და განაცხადა, რომ ბოლო პერიოდში ეს ტენდენცია შეიცვალა.

"ბუქარესტის სამიტზე ჩაიწერა, რომ საქართველო აუცილებლად გახდება NATO-ს წევრი. ასეთი გარანტია არ მიუღია წარსულში არცერთ NATO-ში შესვლის კანდიდატ ქვეყანას. გახსოვთ, სარკოზი იყო ჩამოსული თბილისში, მან და პოლონეთის ლიდერებმა არაერთხელ თქვეს, რომ საქართველო გახდება ევროკავშირის წევრი. ეს სულ უფრო დამკვიდრებულ აზრად იქცა ევროპაში. ყოველივე ეს ბოლო ხანებში შეიცვალა", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

კომენტარები