ვანო მერაბიშვილის საქმე

ჭიაბერაშვილი: სასამართლოს მიუკერძოებლობა ეჭვს იწვევს

facebook.com

ზურაბ ჭიაბერაშვილი ამბობს, რომ მისმა და ვანო მერაბიშვილის ადვოკატებმა ქუთაისის სასამართლოს სრული შემადგენლობის აცილების საკითხი დააყენეს, რადგან მათი მიუკერძოებლობა ეჭვს იწვევს.

"ვანო მერაბიშვილისა და ჩემმა ადვოკატებმა დააყენეს ქუთაისის სასამართლოს სრული შემადგენლობის აცილების საკითხი, რადგან ეჭვს იწვევს სასამართლოს მიუკერძოებლობა. ადვოკატების აზრით, მოსამართლეებმა გურულმა და ახალბედაშვილმა იმგვარი პროცედურული დარღვევები დაუშვეს ჩვენთვის აღმკვეთი ღონისძიების შეფარდებისას, რომ ეს პროკურატურის ზეწოლის გარეშე ვერ მოხდებოდა", - წერს ჭიაბერაშვილი.

ზურაბ ჭიაბერაშვილი ასევე ამბობს, რომ "პროკურორი ნათია სონღულაშვილი ღელავს, ამ დარბაზის გარეთ ნუ გამამხელთ, რომ წამომცდა და ვაღიარე, რომ მოსამართლე მალხაზ გურულმა შეცდომა დაუშვაო", - წერს ჭიაბერაშვილი ფეისბუქის გვერდზე.

შეგახსენებთ, რომ ქუთაისის საქალაქო სასამართლოში ყოფილი პრემიერის ვანო მერაბიშვილისა და ჯანდაცვის ყოფილი მინისტრის ზურაბ ჭიაბერაშვილის წინააღმდეგ აღძრულ საქმესთან დაკავშირებით წინასასამართლო სხდომა მიმდინარეობს. პროცესს ორივე ბრალდებული ესწრება. 

ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ, ყოფილი პრემიერის ვანო მერაბიშვილის დაცვის მხარემ განაცხადა, რომ ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა არაუფლებამოსილმა მოსამართლემ შეუფარდა. 

"ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარე მალხაზ გურული, რომელმაც ძალაში დატოვა მერაბიშვილის აღკვეთის ღონისძიება, არის სისხლის სამართლის საქმეთა პალატის წევრი (იხ. დანართი 1, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წერილი 505/651-03). საქართველოს კანონმდებლობის თანახმად (საქართველოს ორგანული კანონი საერთო სასამართლოების შესახებ, მუხლი 23, პუნქტები 1, 2, 3 და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი მუხლი 207, პუნქტი 4 იხ. დანართი 2 და 3) აღკვეთის ღონისძიების განხილვის უფლება აქვს მხოლოდ საგამოძიებო კოლეგიის წევრ მოსამართლეს. აქედან გამომდინარე, მას არ ჰქონდა უფლება, განეხილა აღკვეთის ღონისძიება, შესაბამისად, მოსამართლე მალხაზ გურულმა დაარღვია კანონი", - აცხადებენ ადვოკატები და აღნიშნავენ, რომ მერაბიშვილის მიმართ დაირღვა სამართლიანი სასამართლოს პრინციპი.

ვანო მერაბიშვილი და ზურაბ ჭიაბერაშვილი 22 მაისს დააკავეს, თუმცა ჭიაბერაშვილი გირაოთი გაათავისუფლეს. გამოძიება მერაბიშვილსა და ჭიაბერაშვილს სისხლის სამართლის კოდექსის 1641, 182-ე მუხლის მესამე ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით და 332-ე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენას ედავება. მათ ბრალი ედებათ მოსყიდვაში, გაფლანგვასა და უფლებამოსილების გადამეტებაში.

 

 

 

კომენტარები