პრემიერის ვიზიტი ესტონეთში

ივანიშვილი: ვაპირებთ, გაზაფხულზე ხელი მოვაწეროთ ასოცირების შესახებ შეთანხმებას

facebook.com/OfficialBIDZINAIVANISHVILI

ესტონეთში ვიზიტად მყოფი საქართველოს პრემიერმინისტრი ბიძინა ივანიშვილი საგარეო საქმეთა მინისტრს, ურმას პაეტს, შეხვდა. როგორც ივანიშვილმა აღნიშნა, ესტონეთში თავს ისე გრძნობს, როგორც საკუთარ სახლში. "ჩვენ ვაპირებთ, გაზაფხულისთვის ხელი მოვაწეროთ ასოცირების შესახებ შეთანხმებას", - თქვა ივანიშვილმა. 

ურმას პაეტთან შეხვედრის შემდეგ ბიძინა ივანიშვილი ესტონეთის ინფორმაციისა და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების ცენტრს ეწვია, სადაც ინფორმაციისა და კომუნიკაციების ტექნოლოგიების დანერგვისა და გამოყენების სფეროში არსებული სიახლეების შესახებ პრეზენტაციას დაესწრო.

პრემიერის ცნობით, ორდღიანი ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილი ძირითადი შეხვედრები ტალინში დღეს გაიმართება. ბიძინა ივანიშვილი ესტონეთის პრეზიდენტ ტომას ჰენრიკ ილვესს და ესტონეთის პრემიერმინისტრ ანდრუს ანსიპს შეხვდება. ასევე დაგეგმილია შეხვედრები ესტონეთის პარლამენტის თავმჯდომარე ენე ერგმასთან და ესტონეთის ეკონომიკისა და კომუნიკაციების მინისტრ იუჰან პარტსისთან. 

საქართველოს დელეგაციის შემადგენლობაში არიან საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, ევროპულ და ევროატლანტიკურ საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ალექსი პეტრიაშვილი და საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს დირექტორი გიორგი პერტაია.

კომენტარები